მთავარი სენსაციის ავტორები ამსტერდამელები არიან, რომლებმაც რობერტო მანჩინის გუნდი ჯგუფში ჩასარჩენად გაწირეს. არანაკლებ მოულოდნელი იყო "არსენალის" მარცხი, თუმცა არსენ ვენგერს საქმე ისე ცუდად ნამდვილად არ აქვს, როგორც მის იტალიელ კოლეგას...
A ჯგუფი
პორტუ-დინამო (კ) 3:2
გოლები: 1:0 ვარელა (15), 1:1 გუსევი (21), 2:1 ჯ. მარტინესი (36), 2:2 იდეიე (72), 3:2 ჯ. მარტინესი (78).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯექსონ მარტინესი (პორტუ).
ერთადერთი ჯგუფი, სადაც მოულოდნელი შედეგი არ დაფიქსირდა, სწორედ A
უკრაინელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პორტუგალიიდან ქულა მაინც წამოეღოთ. ორჯერ ანგარიშიც გაათანაბრეს, მაგრამ ჯექსონ მარტინესის მეორე გოლის შემდეგ დარჩენილ 12 წუთში კიდევ ერთი ბურთის გატანა ვეღარ მოახერხეს.
ძალიან კარგი თამაში ჩაატარა "პორტუს" კაპიტანმა ლუჩო გონსალესმა, ვინც, გარდა იმისა, რომ ტრადიციულად კარგად თამაშობდა ბურთის ართმევაზე, ასევე ორი საგოლე პასი გააკეთა - ჯერ ჯეიმს როდრიგესს გაატანინა, შემდეგ კი ჯექსონ მარტინესს გაუკეთა საგოლე გადაცემა და სწორედ ამ გოლის წყალობით მოიგო "პორტუმ".
ვიტორ პერეირას გუნდმა ამ გამარჯვების წყალობით 9 ქულა მოაგროვა და საკმარისია კიევში არ წააგოს, რომ ჯგუფიდან თითქმის გასული იქნება. აი, "დინამოელებმა" კი ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოიგონ, რაც არ არის მაინცდამაინც წარმოუდგენელი, რადგან ოლეგ ბლოხინის შეგირდები ორივე კონკურენტს შინ ეთამაშებიან.
ჯექსონ მარტინესი (პორტუ): "ძალიან რთული მატჩი გამოდგა და ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაში ჩემი პირველი გოლები, ამავე დროს, ასეთ რთულ შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გამოდგა".
ალექსეი მიხაილიჩენკო ("დინამოს" მწვრთნელი): "ბევრ ინდივიდუალურ შეცდომას ვუშვებდით და ამიტომაც წავაგეთ. ცხრილში ცუდ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა, წინ კიდევ 3 მატჩი გვაქვს".
დინამო (ზ)-პსჟ 0:2
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (32), 0:2 მენეზი (42).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჟერემი მენეზი (პსჟ).
"პარი სენ ჟერმენმა" ძალიან მარტივად, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე დაამარცხა ზაგრების "დინამო" და ჯგუფში ერთპიროვნულ მეორე ადგილზე გადავიდა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, სანამ გოლს გაიტანდა, ორი 100-პროცენტიანი შანსი გაუშვა ხელიდან, 32-ე წუთზე კი ჟერემი მენეზის გარღვევის შემდეგ კელავას აუღებელი დაურტყა. მენეზი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რადგან ყველაზე აქტიური იყო და თანაც, საგოლე პასის გაკეთების გარდა, გოლიც გაიტანა.
ზაგრების "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე-9 შეხვედრა წააგო (6 წინა სეზონში, 3 ახლა) და ვენის "რაპიდის" შედეგი გაიმეორა. ყველა დროის ანტირეკორდამდე ზაგრებელებს 3 მატჩის წაგება აშორებთ. ამ "საპატიო" რეკორდის მფლობელი, ზედიზედ 12 წაგებით, ბრიუსელის "ანდერლეხტი" გახლავთ.
კარლო ანჩელოტი (პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი): "ძალიან კმაყოფილი ვარ. თამაშს ვაკონტროლებდით, ბევრი მომენტიც გვქონდა და მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ ესეც არ არის ურიგო შედეგი".
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | პორტუ | 3 | 3 | 0 | 0 | 6-2 | 9 |
2 | პსჟ | 3 | 2 | 0 | 1 | 6-2 | 6 |
3 | დინამო (კ) | 3 | 1 | 0 | 2 | 5-7 | 3 |
4 | დინამო (ზ) | 3 | 0 | 0 | 3 | 0-6 | 0 |
B ჯგუფი
არსენალი-შალკე 0:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (76), 0:2 აფელაი (86).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იბრაჰიმ აფელაი (შალკე).
კლაას-იან ჰუნტელაარის და იბრაჰიმ აფელაის ორმა გოლმა გელზენკირხენულ გუნდს სენსაციური გამარჯვება მოუტანა და ჯგუფში გაალიდერა.
"არსენალს" ევროთასებზე 16-მატჩიანი საშინაო დაუმარცხებელი სერია ჰქონდა, ხოლო არაინგლისურ კლუბთან არსენ ვენგერის გუნდს ბოლოს 2003 წელს ჰქონდა წაგებული, როდესაც ჯერ კიდევ "ჰაიბერის" სტადიონზე მილანის "ინტერთან" დამარცხდა.
გერმანელების მოგება, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო, მაგრამ თამაშის მიხედვით ისინი მეტოქეს არაფერში ჩამორჩებოდნენ და სახიფათოდაც უტევდნენ.
მასპინძლების მხრიდან ჟერვინიო, კასორლა და რემსი აქტიურობდნენ და ამ უკანასკნელმა რამოდენიმე კარგი შანსიც გაუშვა ხელიდან.
მეორე ტაიმში მომენტები ძალიან იშვიათად იქმნებოდა, 76-ე წუთზე კი აფელაის შესანიშნავი პასი ძალიან კარგად დაამუშავა ჰუნტელაარმა და მანონეს ახლო კუთხეში გაუტანა; 10 წუთში კი ჯეფერსონ ფარფანის გადაცემას უკვე თავად აფელაი გამოეხმაურა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც დაიმსახურა.
ტომას ვერმაელენი (არსენალი): "ძალიან იმედგაცრუებული ვარ. "ნორვიჩთან" წაგების შემდეგ რეაბილიტაცია გვსურდა, მაგრამ ზუსტად ისევე ვითამაშეთ და მომენტების შექმნა დღესაც გვიჭირდა".
კლაას-იან ჰუნტელაარი (შალკე): "მეორე ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მომენტებიც შევქმენით და გოლებიც გავიტანეთ. ჩვენი მთავარი მიზანი დაცვაში კომპაქტურად თამაში და სწრაფი კონტრშეტევების განხორციელება იყო, რაც გამოგვივიდა კიდეც".
მონპელიე-ოლიმპიაკოსი 1:2
გოლები: 1:0 შარბონიე (49), 1:1 ტოროსიდისი (73), 1:2 მიტროღლუ (90).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იუნეს ბელჰანდა (მონპელიე).
"მონპელიემ" მე-2 ტურში "შალკესთან" ბოლო წამებზე გაიტანა გოლი, რომელმაც გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა. სულეიმან კამარას იმ გოლის წყალობით ყველაფერი ფრანგების ხელში იყო, მაგრამ გავიდა ორი კვირა და...
"დეჟავუ" ქართულად "უკვე ნანახს" ნიშნავს. მართლაც, ბერძნებს ეს უკვე ნანახი ჰქონდათ - შარშან აქვე, მონპელიესთან ახლოს, მარსელის "ველოდრომზე", 82-ე წუთზე ფეტპაციდისის გოლით "ოლიმპიაკოსმა" მარსელის "ოლიმპიკი" დაამარცხა, წელს კი 90-ე წუთზე ბერძნებს უაღრესად მნიშვნელოვანი სამი ქულა კოსტას მიტროღლუმ მოუტანა.
არადა, შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა და რენე ჟირარის (რომელიც არბიტრმა მოედნიდან მიაბრძანა) შეგირდებს ერთზე მეტი გოლის გატანა შეეძლოთ.
ყველაზე აქტიური "მონპელიეს" რიგებში იუნეს ბელჰანდა იყო და ის, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა წააგო, საბოლოოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
ილტონი (მონპელიე): "კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულადაც ვიგებდით, მაგრამ მთავარი არა კარგად თამაში, არამედ ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშია".
იანის მანიატისი (ოლიმპიაკოსი): "ამ სამ ქულას ოქროს ფასი აქვს. გარდა იმისა, რომ ჩვენს თვითრწმენაზე იმოქმედებს კარგად, ამ მოგების წყალობით ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნეთ".
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | შალკე | 3 | 2 | 1 | 0 | 6-3 | 7 |
2 | არსენალი | 3 | 2 | 0 | 1 | 5-4 | 6 |
3 | ოლიმპიაკოსი | 3 | 1 | 0 | 2 | 4-6 | 3 |
4 | მონპელიე | 3 | 0 | 1 | 2 | 4-6 | 1 |
C ჯგუფი
მალაგა-მილანი 1:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 1:0 ხოაკინი (64).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხოაკინი (მალაგა).
"მალაგა" ერთადერთი გუნდია ჩემპიონთა ლიგაში, რომელსაც სამი ტურის შემდეგ გოლი არ აქვს გაშვებული.
ანდალუსიელებმა "როსონერის" წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშეს და დამსახურებულადაც მოიგეს.
"მილანს" მთელი მატჩის განმავლობაში ბევრი მომენტი არ ჰქონია და მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ლიგაში პირველი მატჩი წააგო.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ხოაკინი დაასახელეს, რომელმაც გამარჯვების მომტანი გოლი მანუელ იტურას შესანიშნავი პასის შემდეგ გაიტანა, თუმცა იმავე ხოაკინმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე პენალტი ვერ გაიტანა.
მანუელ პელეგრინის გუნდს უკვე 9 ქულა აქვს და ერთბაშად 6 ქულით უსწრებს ჯგუფში მესამე ადგილზე მყოფ "ზენიტს".
დარჩენილ სამ ტურში ჯგუფიდან გასასვლელად ანდალუსიელებს ერთი მოგებაც ეყოფათ. "როსონერიმ" კი მდგომარეობა გაირთულა და მიუხედავად იმისა, რომ ორივე კონკურენტს შინ ეთამაშება, მილანელებს, მათი პრობლემების გათვალისწინებით, იოლი ცხოვრება ნამდვილად არ ელით.
ხოაკინი (მალაგა):"თითქოს ზღაპარში ვიყოთ. დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ და ამის გამო ძალიან ბედნიერები ვართ. ასეთი რამ მალაგაში აქამდე არ მომხდარა. ჩვენ ვიცით, რომ ისტორიას ვქმნით".
მასიმილიანო ალეგრი ("მილანის" მთავარი მწვრთნელი): "მე მწამს ჩემი ფეხბურთელების. მიუხედავად მარცხისა, ცუდ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვართ და ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსიც გვაქვს".
ზენიტი-ანდერლეხტი 1:0
გოლი: 1:0 კერჟაკოვი (72-პენ).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჰალკი (ზენიტი).
სათამაშო დღის პირველი შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში გაიმართა, სადაც მთელი დღე წვიმდა და ამის გამო "პეტროვსკის" მოედნის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.
"ზენიტს" ძალიან გაუჭირდა და გამარჯვებას არც იმსახურებდა. ერთადერთი გოლი მასპინძლებმა საეჭვო 11-მეტრიანის შემდეგ გაიტანეს. იოვანოვიჩმა საჯარიმოში ანიუკოვი წააქცია, პენალტი კი ზუსტად ალექსანდრ კერჟაკოვმა შეასრულა.
ბელგიელებმა მთელი მატჩის განმავლობაში გაცილებით მეტი სახიფათო მომენტი შექმენს, მაგრამ კანუს, იოვანოვიჩს და ჟილეს სიზუსტე ღალატობდათ.
სხვათა შორის, მატჩის წინ და მის დროსაც აქსელ ვიტსელს და მარჩინ ვასილიევსკის კონფლიქტი არ ჰქონიათ; არადა, ყველას ამის მოლოდინი ჰქონდა, რადგან წლების წინ ვიტსელმა ჯერ კიდევ "სტანდარდში" თამაშისას ვასილიევსკის ფეხი მოსტეხა, რის გამოც ამ უკანასკნელს ძალიან დიდი დრო გაუცდა, თუმცა, როგორც ჩანს, პოლონელი "ბოღმა" არ ყოფილა და შეხვედრამ მშვიდ გარემოში ჩაიარა.
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | მალაგა | 3 | 3 | 0 | 0 | 7-0 | 9 |
2 | მილანი | 3 | 1 | 1 | 1 | 3-3 | 4 |
3 | ზენიტი | 3 | 1 | 0 | 2 | 3-6 | 3 |
4 | ანდერლეხტი | 3 | 0 | 1 | 2 | 0-4 | 1 |
D ჯგუფი
ბორუსია (დ)-რეალი 2:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (36), 1:1 კ. რონალდო (38), 2:1 შმელცერი (64).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სებასტიან კელი (ბორუსია)
დორტმუნდის "ბორუსიამ" მრისხანე მადრიდის "რეალი" დაამარცხა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. იურგენ კლოპის ბიჭებმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარეს და თითქოს უძლეველ მეტოქეს მოუგეს.
შესანიშნავად გაისარჯა სებასტიან კელი, რომელიც ნახევარდაცვის ბატონ-პატრონი იყო და გარდა იმისა, რომ უშუალო ფუნქციებსაც კარგად ასრულებდა, შეტევაშიც აქტიურობდა.
მატჩის 36-ე წუთზე სწორედ კელმა გაუკეთა პასი რობერტ ლევანდოვსკის, რასაც ამ უკანასკნელის დარტყმა და იკერ კასილიასის კარში გატანილი გოლი მოჰყვა. ამ ეპიზოდში აშკარად შეცდა პეპე, რომლის არაზუსტი გადაცემის შემდეგაც დაიწყო ეს შეტევა.
"რეალმა" ანგარიში მალე გაათანაბრა. მესუთ იოზილმა რონალდოს შესანიშნავი პასი გაუკეთა, პორტუგალიელი რომან ვაიდენფელერთან პირისპირ დარჩა და წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
"ბორუსიასთვის" ფრე ურიგო შედეგი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დორტმუნდი რისი დორტმუნდი იქნებოდა, თუ არ შეუტევდა. ერთ-ერთ ასეთ შეტევას "რეალის" საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც კარგად ისარგებლა მარსელ შმელცერმა და იკერის კარის შორეული კუთხე დალაშქრა.
"რეალისთვის" ეს მარცხი კატასტროფა ნამდვილად არ არის; აი, BVB-მ კი ჯგუფიდან გასვლისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. კლოპის გუნდის "რეალთან" და "სიტისთან" ჩატარებულ მატჩებს თუ გავითვალისწინებთ, გერმანელები ამას ნამდვილად იმსახურებენ.
იურგენ კლოპი ("ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი): "ეს შეხვედრა ჩემს ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად იმოქმედებს. ჩვენ ყოველთვის კარგად თამაში გვსურს, მაგრამ სამწუხაროდ, ისე თამაში, როგორც დღეს, ყოველთვის არ გამოგვივა".
ჟოზე მოურინიო ("რეალის" მთავარი მწვრთნელი): "წავაგეთ, მაგრამ ეს ჩვენთვის ტრაგედია არ არის. წინ კიდევ სამი მატჩი გვაქვს, აქედან ორი შინ და ჯგუფიდან გასვლისთვის საჭირო ქულების მოგროვება ნამდვილად შეგვიძლია".
აიაქსი-მან. სიტი 3:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ნასრი (22), 1:1 ს. დე იონგი (45), 2:1 მოისანდერი (57), 3:1 ერიკსენი (68).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კრისტიან ერიკსენი (აიაქსი).
მესამე ტურის მეორე სათამაშო დღის მთავარი სენსაცია ამსტერდამში დაფიქსირდა, სადაც რობერტო მანჩინის "მანჩესტერ სიტიმ" უმნიშვნელოვანესი თამაში წააგო და ბოლო ადგილზე დაქვეითდა.
შეხვედრა სტუმრებისთვის ძალიან კარგად დაიწყო და 22-ე წუთზე სამირ ნასრიმ ანგარიშიც გახსნა.
მიუხედავად აუტსაიდერის სტატუსისა, "აიაქსი" მეტოქეს არ შეუშინდა და თამამად უტევდა. პირველ ტაიმში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და საბოლოოდ ლოგიკური გოლიც გაიტანეს - თავი სიმ დე იონგმა გამოიჩინა.
შეხვედრის მეორე ნახევარში "სიტიმ" შეტევა სცადა, მაგრამ გოლები აქეთ გაუშვა. "ქალაქელებს" ჯერ ნიკოლას მოისანდერმა გაუტანა (მან "რეალთანაც" გამოიჩინა თავი), ხოლო 68-ე წუთზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა კრისტიან ერიკსენმაც შეძლო "სიტის" კარის აღება.
რობერტო მანჩინის გუნდმა უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგო და უკვე ძნელი წარმოსადგენია, "მანჩესტერ სიტიმ" ჯგუფიდან გასვლა შეძლოს.
ფრანკ დე ბური ("აიაქსის" მთავარი მწვრთნელი): "დღეს ჩვენ ყველას ვუჩვენეთ, თუ რისი მიღწევა გვსურს. მთელი შეხვედრის განმავლობაში ვდომინირებდით და მათ ჩვენი თამაშის საწინააღმდეგოდ ვერაფერი მოიფიქრეს".
რობერტო მანჩინი ("მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი): "ახლა ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება. მათ აშკარად გვაჯობეს, რაც შესაძლოა ჩემი ბრალიც იყოს, რადგან ამ მატჩისთვის კარგად ვერ მოვემზადეთ".
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ბორუსია (დ) | 3 | 2 | 1 | 0 | 4-2 | 7 |
2 | რეალი | 3 | 2 | 0 | 1 | 8-5 | 6 |
3 | აიაქსი | 3 | 1 | 0 | 2 | 4-6 | 3 |
4 | მანჩესტერ სიტი | 3 | 0 | 1 | 2 | 4-7 | 1 |
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"