საქართველოს დროით ნაშუადღევს (14:00) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა დაიწყება.
პლეი ოფში გასული 16 გუნდიდან 9-ს ერთხელ მაინც მოუპოვებია ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული, მაგრამ მათში არ არის მოქმედი ჩემპიონი - ლონდონის "ჩელსი". პირველად ისტორიაში, წინა გამარჯვებულმა ჯგუფური ეტაპი ვეღარ დაძლია, რასაც შეეწირა კიდევაც "ჩელსის" იტალიელი დამრიგებელი რობერტო დი მატეო. 42 წლის სპეციალისტის საოცარი მიღწევა უმალ დაივიწყეს და მას კარზე მიუთითეს.
16-დან
პლეი ოფის დებიუტანტი კი ესპანური "მალაგაა". 16 გუნდიდან მხოლოდ ხუთი იყო წინა გათამაშების ამავე ეტაპზე გასული: "ბაიერნი", "ბარსელონა", "არსენალი", "მილანი" და "რეალი".
აქამდე მისაღწევად ყველაზე დიდი გზა გლაზგოს "სელტიკმა" გაიარა, შოტლანდიური გრანდი ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრიდან თამაშობს, ხოლო "მალაგა" - ჯგუფური ეტაპისწინა პლეი ოფიდან. დანარჩენები კი გათამაშებაში ჯგუფურ ეტაპზე ჩაებნენ. 16 გუნდი 9 ქვეყანას წარადგენს. ყველაზე მეტი (მაქსიმალურად შესაძლებელი) წარმომადგენელი ესპანეთს ჰყავს - 4. პლეი ოფში 3 გერმანული კლუბია, 2-2 ინგლისური და იტალიური.
კენჭისყრა მარტივი პრინციპით გაიმართება: ჯგუფების გამარჯვებულები პირველ კალათში არიან განთესილები, მეორეადგილოსნები - მეორეში.
კალათები
I კალათი:
"პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი)
"შალკე" (გერმანია)
"მალაგა" (ესპანეთი)
"ბორუსია" (გერმანია)
"იუვენტუსი" (იტალია)
"ბაიერნი" (გერმანია)
"ბარსელონა" (ესპანეთი)
"მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი)
II კალათი:
"პორტუ" (პორტუგალია)
"არსენალი" (ინგლისი)
"მილანი" (იტალია)
"რეალი" (ესპანეთი)
"შახტარი" (უკრაინა)
"ვალენსია" (ესპანეთი)
"სელტიკი" (შოტლანდია)
"გალათასარაი" (თურქეთი)
მერვედფინალური მატჩების პირველი რაუნდები 12, 13, 19 და 20 თებერვალს გაიმართება. საპასუხო შეხვედრების თარიღებია: 5, 6, 12 და 13 მარტი.
ამასთან, I კალათის გუნდები აუცილებლად საპასუხო მატჩს თამაშობენ შინ. არ შეიძლება: 1. ერთი და იგივე ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა, 2. ერთი და იგივე საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა. მაგალითად, მადრიდის "რეალი" ვერაფრით შეხვდება დორტმუნდის "ბორუსიას", "ბარსელონას" და "მალაგას". ასე რომ, "სამეფო კლუბის" სავარაუდო მეტოქეთა რიცხვი მხოლოდ ხუთია (პსჟ, "შალკე", "იუვენტუსი", "ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი").
მაკმანამანის ხელით
კენჭისყრას გაუძღვებიან: უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო, უეფას დირექტორი ჯორჯო მარკეტი და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სტივ მაკმანამანი, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ელჩი.
მეოთხედფინალური სტადიის კენჭისყრა 15 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ფინალი ლონდონის "უემბლის" სტადიონზე 25 მაისს გაიმართება. არის შანსი, რომ ის 2011 წლის ფინალის რე-მატჩი გამოდგეს, რადგან "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" აგრძელებენ ბრძოლას.
ყველაზე ტიტულოვანები
როგორც უკვე ვთქვით, 9 კლუბს ერთხელ მაინც მოუგია ჩემპიონთა ლიგა (მანამდე, ჩემპიონთა თასი). ამათში ყველაზე ტიტულოვანი "რეალია" - ჟოზე მოურინიოს გუნდი სარეკორდო, მე-10 პრიზისთვის იბრძოლებს.
შემორჩენილთაგან "მილანი" 7-გზის გამარჯვებულია, 4-4 ჯერ მოიგეს ტურნირი "ბაიერნმა" და "ბარსელონამ", 3-ჯერ - "მანჩესტერ იუნაიტედმა", 2-2-ჯერ - "პორტუმ" და "იუვენტუსმა", ხოლო "ბორუსიამ" და "სელტიკმა" - თითოჯერ.
"არსენალი" და "ვალენსია" ფინალისტობით თუ მოიწონებენ თავს. პსჟ-ს, "შალკეს" და "გალათასარაის" მაქსიმუმი ნახევარფინალია, "შახტარის" - მეოთხედფინალი. "მალაგაზე" უკვე მოგახსენეთ, ანდალუსიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტია.
ევროპალიგა
ჩვენი დროით საღამოს ხუთი საათისთვის ისევ შეივსება ნიონის დარბაზი. ამჯერად ევროპალიგის 1/16 და 1/8-ფინალური სტადიების წილისყრა გაიმართება.
პლეი ოფში გავიდა 12 ჯგუფის 24 რჩეული გუნდი, რომლებსაც დაემატა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 8 მესამეადგილოსანი.
ჯგუფების 12 გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული 4 კლუბი (რომელთაც უკეთესი შედეგი ჰქონდათ) განთესილია, ჯგუფების 12 მეორეადგილოსანი და 4 უარესი კლუბი ჩემპიონთა ლიგიდან განუთესავია.
I კალათი
"ლივერპული" (ინგლისი), "პლზენი" (ჩეხეთი), "ფენერბაჰჩე" (თურქეთი), "ბორდო" (საფრანგეთი), "სტიაუა" (რუმინეთი), "დნიპრო" (უკრაინა), "გენკი" (ბელგია), "რუბინი" (რუსეთი), "ლიონი" (საფრანგეთი), "ლაციო" (იტალია), "მეტალისტი" (უკრაინა), "ჰანოვერი" (გერმანია), "ჩელსი" (ინგლისი), "კლუჟი" (რუმინეთი), "ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი), "ბენფიკა" (პორტუგალია).
II კალათი
"ანჟი" (რუსეთი), "ატლეტიკო" (ესპანეთი), "ბორუსია მ" (გერმანია), "ნიუკასლი" (ინგლისი), "შტუტგარტი" (გერმანია), "ნაპოლი" (იტალია), "ბაზელი" (შვეიცარია), "ინტერი" (იტალია), "სპარტა" (ჩეხეთი), "ტოტენჰემი" (ინგლისი), "ლევერკუზენი" (გერმანია), "ლევანტე" (ესპანეთი), "დინამო კ" (უკრაინა), "ზენიტი" (რუსეთი), "აიაქსი" (ჰოლანდია), ბატე (ბელორუსი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"