A ჯგუფი
ტვენტე-ვერდერი
საკუთარ "ვეზერშტადიონზე", "ტოტენჰემთან" მიღწეული ფრის და "ინტერთან" განცდილი
საინტერესოა ისიც, რომ ბრემენელთა ავსტრიელი თავდამსხმელი მარკო არნაუტოვიჩი "წარსულში ბრუნდება". "ინტერის" შემდეგ, ახალგაზრდა არნაუტოვიჩი "ტვენტეს" სახით მეორე ექს-კლუბს უპირისპირდება. თუკი "ინტერში" მარკოს ნაკლებად აფასებდნენ, "ტვენტესთან" ბევრი რამ აკავშირებს და ამიტომაც ამბობს, ეს შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენააო. თუმცა საკითხავია, ათამაშებს თუ არა "ვერდერის" მწვრთნელი თომას შააფი არნაუტოვიჩს ძირითად შემადგენლობაში. ფაქტია, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგები მარკოს სასტარტოში არ მოიაზრებენ.
სავარაუდო შემადგენლობები
ტვენტე (4-3-3): მიჰაილოვი - როსალესი, დუგლასი, ვისგერჰოფი, ტიენდალი - ბრამა, დე იონგი, იანსენი - რუისი, იანკო, ჩადლი.
ვერდერი (4-2-3-1): ვიზე - ფრიტცი, მერტეზაკერი, პრიოდლი, პასანენი - ვესლი, ფრინგსი - ჰანტი, პისარო, მარინი - უგო ალმეიდა.
არბიტრი: კლაუს ბო ლარსენი (დანია)
ინტერი-ტოტენჰემი
ჯგუფის მთავარი მატჩი კი მილანში, "სან სიროზე" ჩატარდება: "ინტერი" "ტოტენჰემს" ელის. მილანურ კლუბს საკადრო პრობლემები სტანჯავდა და ამ მხრივ საქმე იდეალურად არც ახლა აქვს. ძნელბედობის ჟამს, "ნერაძურის" წარმატებების გარანტი სამუელ ეტოოა, რომელმაც გასულ უქმეებზე, "კალიარისთან" ამ სეზონში რიგით მე-12 გოლი გაიტანა. მილანელებსაც და ლონდონელებსაც 4-4 ქულა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესმა ორმა დუელმა მათ შორის რეალური ფავორიტის, უფრო სწორად, უკვე მერვედფინალში გამსვლელის ვინაობა უნდა გაარკვიოს.
აღსანიშნავია, რომ საკადრო პრობლემები "ტოტენჰემსაც" აწუხებს. კერძოდ, კაპიტან ლედლი კინგის გარდა, "მამლებს" არც რაფაელ ვან დერ ვაარტი ეყოლებათ - ჰოლანდიელი ნახევარმცველი დისკვალიფიცირებულია, რადგან წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო.
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, კივუ - ხ. ძანეტი, სტანკოვიჩი - კოუტინიო, სნეიდერი, პანდევი - ეტოო.
ტოტენჰემი (4-2-2): გომესი - ჰატონი, ჰადლსტოუნი, ბასონგი, ასუ-ეკოტო - ლენონი, ჯენასი, მოდრიჩი, ბეილი - პავლიუჩენკო, კრაუჩი.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ინტერი 2 1 1 0 6-2 4
2. ტოტენჰემი 2 1 1 0 6-3 4
3. ტვენტე 2 0 1 1 3-6 1
4. ვერდერი 2 0 1 1 2-6 1
B ჯგუფი
შალკე-ჰაპოელი
რაკი ბუნდესლიგაში არაფერი გამოსდის, "შალკემ" ჩემპიონთა ლიგას მაინც უნდა მიხედოს ხეირიანად, რადგან გელზენკირხენულ კლუბს აქ მაინც არ აქვს საქმე ცუდად. ორი ტურის შემდეგ, ლევან ყენიას თანაგუნდელების აქტივში სამი ქულა და მერვედფინალში გასვლის არცთუ ურიგო პერსპექტივაა. თანაც, "ხუმარები" დღეს ჯგუფის აუტსაიდერ "ჰაპოელს" მასპინძლობენ და თუკი ჯერ თავზე ხელი არ აუღიათ, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოიგონ.
"შალკეს" დღეს წამყვანი ფეხბურთელები, ჯერმეინ ჯონსი, ჯეფერსონ ფარფანი და ივან რაკიტიჩი უბრუნდებიან, მაგრამ ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ როგორც მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათს, ისე გელზენკირხენული კლუბის ნებისმიერ ქომაგს ყველაზე მეტად კლაას-იან ჰუნტელაარისა ეიმედებათ, რადგან ჰოლანდიელი თავდამსხმელი "შალკეს" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგ ფორმაშია. თვითონ განსაჯეთ, ჰუნტელაარი რვა ოფიციალური მატჩია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.
"არ მინდა, ფეხბურთელები წნეხის ქვეშ მოვაქციო, მაგრამ "ჰაპოელს" საკუთარ მოედანზე აუცილებლად უნდა მოვუგოთ. თუ ესეც ვერ შევძელით, გამოდის, რომ ჩემპიონთა ლიგაში არაფერი გვესაქმება. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ," - ეს სიტყვები "შალკეს" თავკაც მაგათს ეკუთვნის.
სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-1-2-1-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - ჯონსი - ფარფანი, მორიტცი - ხურადო - რაული, ჰუნტელაარი.
ჰაპოელი (4-5-1): ენიემა - კენდე, ბადეერი, დუგლასი, შიში - აბუტბული, იადინი, ზეჰავი, ვერმუთი, შეხტერი - ტამუზი.
არბიტრი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)
ლიონი-ბენფიკა
"ლიონმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება ორი გამარჯვებით დაიწყო და უკვე ისიც შეძლო, რაზეც "შალკეს" ფეხბურთელები დიდი ხანია, ოცნებობენ - "ლიონმა" საფრანგეთის ჩემპიონატში მდგომარეობა გამოისწორა. "ლილთან" დაფიქსირებული 3:1 (ლისანდრო ლოპესმა დუბლი შეასრულა) ლიონელთათვის ზედიზედ მეორე გამარჯვება გახლდათ. დღეს "ლიონის" მეტოქე ლისაბონის "ბენფიკაა", რომელმაც ამ მატჩისთვის გენერალური რეპეტიცია პორტუგალიის თასის მატჩში გაიარა - 5:1 მეორე ლიგის წარმომადგენელ "არუკასთან".
სავარაუდო შემადგენლობები
ლიონი (4-3-3): ლორისი - რევეილერი, კრისი, დიაკიტე, სისოხო - პიანიჩი, გონალონი, გურკუფი - ბრიანი, ლისანდრო ლოპესი, ბასტოსი.
ბენფიკა (4-4-2): რობერტო - მაქსი პერეირა, ლუიზაო, დავიდ ლუისი, ფაბიო კოენტრაო - ხავი გარსია, აიმარი, კარლოს მარტინსი, გაიტანი - სავიოლა, კარდეცი.
არბიტრი: უნდიანო მალენკო (ესპანეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 2 2 0 0 4-1 6
2. შალკე 2 1 0 1 2-1 3
3. ბენფიკა 2 1 0 1 2-2 3
4. ჰაპოელი 2 0 0 2 1-5 0
C ჯგუფი
მანჩესტერი-ბურსა
ამ ჯგუფში, ორი ტურის შემდეგ, პირველ და მეორე ადგილებს გლაზგოს "რეინჯერსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იყოფენ. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი, რბილად რომ ვთქვათ, თავის თავს არ ჰგავს, რადგან ორი ტურის მერე მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი და არცერთი მიღებული. არა უშავს, ლოგიკის მიხედვით ეს პრობლემა დღეს უნდა მოგვარდეს, რადგან "მანჩესტერი" უიმედო აუტსაიდერად ქცეულ "ბურსას" მასპინძლობს, თურქეთის მოქმედმა ჩემპიონმა კი წინა ორ თამაშში ხუთი გოლი გაუშვა.
თუმცა "მანჩესტერი" ზოგადად არ ჰგავს თავის თავს. ფერგის ბიჭები ვერც პრემიერლიგაში ბრწყინავენ და აგერ, გასულ უქმეებზე კიდევ ერთხელ დაკარგეს ორი ქულა - 2:2 "ვესტ ბრომვიჩთან". ამ ყველაფერთან ერთად, "იუნაიტედს" უეინ რუნის გარშემო ატეხილი დავი-დარაბაც დაემატა - ფორვარდი ღიად აცხადებს, რომ "მანჩესტერთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ზამთარში ან სეზონის ბოლოს ის კლუბს გამოიცვლის. განრისხებულმა სერ ალექსმა რუნის გასულ უქმეებზე სათადარიგოთა სკამი ახეხინა და გამორიცხული არაა, რომ დღესაც სკამზე დატოვოს, რადგან ფაქტია, რომ "ბურსასთან" შესასრულებელ ამოცანას, თავი "მანჩესტერის" სხვა ფორვარდებმაც (მაგალითად ბერბატოვმა) ჩინებულად უნდა გაართვან.
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერი (4-2-3-1): ვან დერ სარი - რაფაელი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - სქოულზი, ფლეტჩერი - ნანი, ერნანდესი, გიგზი - ბერბატოვი.
ბურსა (4-4-2): ივანკოვი - თანტოგანი, იომერი, სტეპანოვი, ვედერსონი - შენი, ერგიჩი, სვენსონი, იპეკი - ბატალია, ილდირიმი.
არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)
რეინჯერსი-ვალენსია
ჯგუფის მეორე მატჩში კი სენსაციური ლიდერი "რეინჯერსი", რომელმაც "ოლდ ტრეფორდზე" ფრეს მიაღწია, ხოლო მერე კი "ბურსას" მოუგო, "ვალენსიას" მასპინძლობს და ამ მატჩმა უნდა დაგვანახოს, რამდენად ძლიერია შოტლანდიური კლუბი, რამდენად იმსახურებს "რეინჯერსი" მერვედფინალში გასვლის რეალური კანდიდატის სტატუსს.
სავარაუდო შემადგენლობები
რეინჯერსი (4-4-2): მაკგრეგორი - უეირი, ბროუდფუტი, პაპაცი, ბუგერა - ნეისმიტი, ედუ, ლაფერტი, დევისი - მაკალოხი, იელავიჩი.
ვალენსია (4-4-2): სეზარი - მიგელი, რ. კოშტა, დავიდ ნავარო, მატიო - ალბელდა, კოშტა, პაბლო ერნანდესი, მატა - სოლდადო, ადურისი.
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეინჯერსი 2 1 1 0 1-0 4
2. მანჩესტერი 2 1 1 0 1-0 4
3. ვალენსია 2 1 0 1 4-1 3
4. ბურსა 2 0 0 2 0-5 0
D ჯგუფი
ბარსელონა-კოპენჰაგენი
თუკი "რეინჯერსის" 4 ქულაში სასწაულებრივი არაფერია, იმას კი ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჯგუფში, სადაც "ბარსელონა" თამაშობს, ორი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე "კოპენჰაგენი" იქნებოდა. მეტიც, კოპენჰაგენელებზე მეტად ექსპერტებს ყაზანის "რუბინის" ან მით უმეტეს, რუსულ კლუბზე უფრო გამოცდილი "პანათინაიკოსის" სჯეროდათ, მაგრამ რეალობა სხვანაირია: "კოპენჰაგენი" ჯგუფს ექვსი ქულით ლიდერობს და რაც ყველაზე საინტერესოა, ჯერ ერთი გოლიც კი არ აქვს გაშვებული. ასე რომ, კოპენჰაგენელები "ნოუ კამპზე" თავაწეულები გავლენ, მაგრამ როგორ გამოვლენ მოედნიდან, ეს კი აღარ ვიცით. ფაქტი ისაა, რომ "ბარსა" ფავორიტადაა მიჩნეული.
კატალონიელებმა "ვალენსიასთან" (2:1) მატჩშიც დაამტკიცეს, რომ ჩინებულ ფორმაში არიან და დროა, ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფშიც ყველაფერი თავის ადგილზე დააყენოს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, კეიტა - ინიესტა, ვილია, პედრო.
კოპენჰაგენი (4-1-2-1-2): ვილანდი - პოსპეხი, ოტესენი, ანტონსონი, ვენდტი - კლაუდემირი - ვინგაარდი, გრონკიაერი - კვისტი - ნდოიე, სანტინი.
არბიტრი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)
პანათინაიკოსი-რუბინი
რაკი "კოპენჰაგენს" ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულა აქვს, ეს სერიოზული პრობლემაა როგორც "რუბინისთვის", ისე (მით უმეტეს) "პანათინაიკოსისთვის". ასე რომ, თუ რუსებს და ბერძნებს ჯერ კიდევ უნდათ ჯგუფიდან გასვლა, დღეს დიდი ბრძოლა უნდა გააჩაღონ, რადგან ფრე არცერთს (განსაკუთრებით "პანათინაიკოსს") არ აწყობს.
სავარაუდო შემადგენლობები
პანათინაიკოსი (3-5-1-1): ცორვასი - სარიეგი, ბუმსონგი, კანტე - ვინტრა, მარინოსი, სიმაო, კაცურანისი, სპიროპულოსი - კარაგუნისი - სისე.
რუბინი (4-4-1-1): რიჟიკოვი - კუზმინი, ნავასი, ბოკეტი, კალეშინი - მურავსკი, ნობოა, კარადენიზი, რიაზანცევი - კარლოს ედუარდო - მარტინსი.
არბიტრი: მანუელ გრეფე (გერმანია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. კოპენჰაგენი 2 2 0 0 3-0 6
2. ბარსელონა 2 1 1 0 6-2 4
3. რუბინი 2 0 1 1 1-2 1
4. პანათინაიკოსი 2 0 0 2 1-7 0
გოტფრიდ ლენცი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"