ჰამიტ ალტინტოპი: "გალათასარაი" თურქული "ბარსელონაა"

AutoSharing Option
"გალათასარაის" ნახევარმცველი ჰამიტ ალტინტოპი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს აქვს შანსები, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის "რეალი" დაამწუხროს.

თურქმა ჰავბეკმა კარიერის დიდი ნაწილი გერმანიაში გაატარა, თუმცა გაუმართლა და "სამეფო კლუბის" ღირსებასაც იცავდა. 2011/12 წლების სეზონში ალტინტოპმა "რეალის" მაისურით 5 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთხელ გამოირჩა. მცირე სათამაშო დროის გამო გასულ წელს ალტინტოპი სამშობლოში გაემგზავრა. იგი ამჟამად "გალათასარაიში" თამაშობს.

"რა თქმა უნდა, ვარიანტები გვაქვს. არაერთხელ მითამაშია ისეთ შეხვედრებში, სადაც ჩემი გუნდი ფავორიტი იყო, მაგრამ წაუგია.

მნიშვნელოვანი იქნება პირველი დაპირისპირება, რომელიც მადრიდში გაიმართება. თუ იქ
გადავრჩით, მაშინ შინ სერიას ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ.

სტამბულში ყველაფერია შესაძლებელი. ჩვენი გუნდი პასებით თამაშობს და ბურთის ფლობა უყვარს. "გალათასარაი" თურქული "ბარსელონაა". შეგვიძლია სამი-ოთხი სხვადასხვა სისტემა გამოვიყენოთ. "ბერნაბეუზე" კი შევუტევთ",
- თქვა ალტინტოპმა.

თურქი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მადრიდულ კლუბზე გაბრაზებული არაა იმის გამო, რომ მცირე სათამაშო დრო ჰქონდა გუნდში.

"რეალზე" ნაწყენი არ ვარ. ამ გუნდზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ვცდილობ, პოზიტიურად ვიფიქრო. მსოფლიოში არც ისე ბევრი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია თქმა, რომ "რეალში" თამაშობდა.

"გალათასარაიში" იმიტომ გადავედი, რომ აქ ჩემი სჯერათ. მე კვლავ ვიღებ სიამოვნებას ფეხბურთისგან და ეს ფასდაუდებელია",
- აღნიშნა ჰავბეკმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული