ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. ოთხშაბათის მატჩის მიმოხილვა: მეგობრობა "როსალედაზე"

AutoSharing Option
"ესტადიო ლა როსალედაზე" დაფიქსირებული უგოლო ფრით უფრო ესპანელები უნდა იყვნენ კმაყოფილები, რადგან გერმანიის ჩემპიონი უკეთ თამაშობდა და გაცილებით უკეთესი მომენტებიც ჰქონდა.

თუმცა მატჩის მიწურულს "მალაგასაც" შეეძლო გატანა. ფაქტია, რომ მანუელ პელეგრინის გუნდს საპასუხო შეხვედრაში სასურველი შედეგის დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება.

თანაც, "მალაგას" დორტმუნდში დისკვალიფიკაციის გამო ველიგტონი და იტურა დააკლდება.

რეაქციები
იურგენ კლოპი ("დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი): "0:0 მიუღებელი შედეგი არ არის. საკმაოდ უსიამოვნო მეტოქის წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ. ბიჭები ბურთისთვის ბოლო წამამდე იბრძოდნენ და ყველაფერი კარგად გააკეთეს, გარდა იმისა, რომ დასკვნით ფაზაში დავუშვით
შეცდომები. კარგად ვიცით, რაც უნდა ვქნათ საპასუხო მატჩში."

მანუელ პელეგრინი ("მალაგას" მთავარი მწვრთნელი): "ვფიქრობ, რომ მიუხედავად 0:0-ისა, მაყურებლები კმაყოფილები დარჩებოდნენ, რადგან ინტენსიური მატჩი გამოვიდა და ორივე კართან შეიქმნა მომენტები. "დორტმუნდს" ძალიან კარგი, ახალგაზრდა, ტექნიკური, დინამიკური და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. მართალია, ვერ მოვიგეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნახევარფინალში გასვლის შანსი გვაქვს, რადგან წინ კიდევ 90 წუთია. კარი დორტმუნდშიც მშრალად უნდა შევინახოთ."


გმირი
რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი)
პოლონელმა თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა. მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ პირველიდან ბოლო წუთამდე მაგრად იბრძოლა და რაც მთავარია, ძალიან მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა. ლევანდოვსკი თითქმის ყოველ მეორე ორთაბრძოლას იგებდა, ხშირად ფლანგებზეც გადადიოდა, უკანაც იხევდა და ერთი სიტყვით, ძალიან სასარგებლო იყო.

რობერტს ერთადერთ ნაკლად 47-ე წუთზე გაფუჭებულ იდეალურ საგოლე მომენტს თუ ჩავუთვლით.

ანტიგმირი
ხავიერ სავიოლა (მალაგა)
არგენტინელ თავდამსხმელს მოედანზე მყოფ ფეხბურთელთაგან ბურთთან ყველაზე ცოტა კონტაქტი ჰქონდა, უმეტესად "ჰაერში იყო გამოკიდებული" და თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ბორუსიას" მცველებმა შანსი არ დაუტოვეს.

მსაჯი
შვედმა იონას ერიქსონმაც ნორმალურად იმსაჯა. სწორად მოიქცა, როცა გიოტცეს საგოლე მომენტის შემდეგ როისთან ორთაბრძოლის გამო თამაშის წესების დარღვევა მოგვიანებით დააფიქსირა და ანტუნეშს ყვითელი ბარათი მისცა. სამაგიეროდ, შეცდომა იყო ის, რომ ველიგტონი გიოტცეს წაქცევისთვის არ დააჯარიმა.

დასკვნა
ცხადად გამოჩნდა, რომ დორტმუნდის "ბორუსია" "მალაგაზე" უკეთესი გუნდია და წესით, იურგენ კლოპის შეგირდები უკმაყოფილოები უნდა იყვნენ იმის გამო, რომ სტუმრად გოლი ვერ გაიტანეს. თუმცა პელეგრინის გუნდს ნამდვილად ხელეწიფება სენსაციის მოხდენა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დორტმუნდი საკუთარ კედლებში გაცილებით ეფექტური იქნება.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი
მალაგა-დორტმუნდი 0:0
მალაგა (4-2-2-1-1): ვილი - ხესუს გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში - იტურა, ტულალანი - ხოაკინი, ისკო (87. დუდა) - ჟულიო ბაპტიშტა (76. სანტა კრუსი) - სავიოლა (68. პორტილიო).
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი (80. ს. ბენდერი) - როისი (69. შიბერი), გიოტცე (92. კირხი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ანტუნეში, ველიგტონი, იტურა - გროსკროიტცი
მაყურებელი: 28 963

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მალაგა-დორტმუნდი 0:0 - დიდი უსამართლობა "ლა როსალედაზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული