ბორუსია VS რეალი: 15 წლის შემდეგ

AutoSharing Option
15-წლიანი პაუზის შემდეგ დორტმუნდში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ბრუნდება. ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი მადრიდის "რეალს" მასპინძლობს, რომელიც ზედიზედ მესამედ გავიდა ამ ეტაპზე და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "უემბლის" საგზური მოიპოვოს.

მთელი მადრიდი მეათე ჩემპიონთა თასზე ოცნებობს. ჩემპიონთა ლიგის მესამე გუნდთან ერთად მოგებაზე ოცნებობს ჟოზე მოურინიოც, რომელიც ამ სეზონში მთლიანად ამ ტურნირზეა გადმორთული...

15 წლის წინ დორტმუნდს სწორედ "რეალი" ეწვია, რომელსად იუპ ჰაინკესი წვრთნიდა. მადრიდში გამართული შეხვედრა "სამეფო კლუბს" ორბურთიანი სხვაობით ჰქონდა მოგებული. დორტმუნდში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა და "რეალი" ფინალში გავიდა, სადაც
პრედრაგ მიატოვიჩის
გოლით "იუვენტუსს" მოუგო (1:0) და 32-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ჩემპიონთა თასი მოიპოვა.

ამ ორი შეხვედრის გარდა, "ბორუსია" და "რეალი" ერთმანეთს კიდევ 4-ჯერ შეხვდნენ. 2003 წელს ერთი მატჩი "რეალმა" მოიგო, "ვესტფალენშტადიონზე" გამართული შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

პირველი გამარჯვება გერმანულმა გუნდმა წელს მოიპოვა, როდესაც ლევანდოვსკის და შმელცერის გოლებით 2:1 იმარჯვა.

მადრიდში გამართული მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, "მერენგესი" კი წაგებას ბოლოსწინა წუთზე გადაურჩა.

ბორუსია ესპანურ გუნდებთან
დორტმუნდელებს ესპანელებთან სულ 20 მატჩი აქვთ გამართული. აქედან უკანასკნელი სამუდამოდ შევიდა მათ ისტორიაში. საუბარი, რა თქმა უნდა, "მალაგასთან" გამართულ საოცარ დაპირისპირებაზე გვაქვს, რომლის დეტალებსაც აქ აღარ შეგახსენებთ.

ზოგადად, "ბორუსიას" პირინეელებთან უარყოფითი ბალანსი აქვს: 6 მოგება, 7 ფრე და 7 წაგება.

გაცილებით დამაჯერებელია გერმანული გუნდი საკუთარ მოედანზე, სადაც საკმაოდ კარგად გამოიყურება: 5 მოგება, 2 ფრე და მხოლოდ 2 წაგება. პირველი მატჩი დორტმუნდმა 1996 წელს, "ატლეტიკოსთან" წააგო (1:2), მეორედ კი 2010 წელს "სევილიასთან" (0:1) დამარცხდა.

რეალი გერმანულ გუნდებთან
ახალი ამბავი არ გახლავთ ის, რომ "რეალს" გერმანიაში თამაში უჭირს. "სამეფო კლუბმა" გერმანიაში 23 თამაში ჩაატარა: 16 წააგო, 6 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 მოიგო. ეს ერთადერთი გამარჯვება "სამეფო კლუბმა" 2000 წელს ლევერკუზენის "ბაიერთან" მოიპოვა, რომელსაც ერთი წლის შემდეგ გლაზგოში ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც სძლია.

სხვათა შორის, პირველად გერმანულ გუნდს "რეალი" სწორედ გლაზგოში დაუპირისპირდა და ის მატჩი სამუდამოდ შევიდა არა მარტო "რეალის", არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში - 1960 წლის 18 მაისს "ჰემპდენ პარკის" მინდორზე "რეალი" და ფრანკფურტის "აინტრახტი" გამოვიდნენ. ის შეხვედრა მადრიდელებმა 7:3 მოიგეს და ისტორიაში მეხუთე ჩემპიონთა თასს დაეუფლნენ.

ლევანგოლსკი და გიოტცინიო
რობერტ ლევანდოვსკი არანორმალურ ფორმაშია. პოლონელმა ბუნდესლიგის 27 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა, მაგრამ ამაზე გასაოცარია ის, რომ ფორვარდს უკვე ზედიზედ 12 ტურია, გოლი გააქვს.

მართალია, ლეო მესის 19-ტურიან სერიამდე 24 წლის ფორვარდს ჯერ კიდევ ბევრი უკლია, მაგრამ გერმანიის რეკორდის დასამყარებლად ესეც საკმარისი იყო.

16 დეკემბერს ლევანდოვსკიმ "ჰოფენჰაიმს" გაუტანა და მას შემდეგ (ბუნდესლიგაში) მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს. სწორედ მისი და მარკო როისის გოლებით მოიგო "ბორუსიამ" ბოლო ტურში "მაინცთან".

მართალია, დორტმუნდელები "ბაიერნს" მთელი 20 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ მესამეზე მყოფ "ბაიერს" 8 ქულით უსწრებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იურგენ კლოპის გუნდს მეორე ადგილი გარანტირებული აქვს.

კარგი ამბების გარდა, არის ცუდი სიახლეც "დორტმუნდისთვის". 23 აპრილს მთელი გერმანია და მსოფლიო შეძრა "ბილდის" მიერ გავრცელებულმა ცნობამ, რომლის თანახმადაც, მარიო გიოტცე "ბაიერნში" გადადის (იხილეთ ვრცლად).

არავინ იცის, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ როგორ გავლენას მოახდენს მსგავსი ინფორმაციის გავრცელება თავად გიოტცეზე და მთლიანად "ბორუსიაზე".

ცოტა სტატისტიკაც
ჩემპიონთა ლიგა 2012/13
ბორუსია რეალი
10 თამაში 10
6 მოგება 5
4 ფრე 3
0 წაგება 2
19 გატანილი 23
9 გაშვებული 14
ლევანდოვსკი - 6 ბომბარდირი რონალდო - 11
94 კარში დარტყმა 119
50 კარისკენ დარტყმა 70
49 კუთხური 59
17 თამაშგარე 27
114 ჯარიმა 122
9 ყვითელი ბარათი 18
0 წითელი ბარათი 2

მწვრთნელები
იურგენ კლოპი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი ახალგაზრდა მწვრთნელია. შემთხვევით არ გავრცელებულა ცნობები იმის შესახებ, რომ 45 წლის სპეციალისტი "რეალს" სურს და ჟოზე მოურინიოს წასვლის შემთხვევაში, "სამეფო კლუბი" შესაძლოა, სწორედ კლოპმა ჩაიბაროს.

"ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს უნდა შევხვდეთ. "რეალთან" სათამაშოდ მზად ვართ და წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.

როდესაც ტურნირის ამ ეტაპზე გადიხარ, წარუმატებლობაზე აღარ ფიქრობ და თავში მხოლოდ ერთი აზრი გიტრიალებს: ჩვენ ფინალში უნდა გავიდეთ",
- განაცხადა იურგენ კლოპმა.

თუ გერმანელისთვის ეს პირველი ნახევარფინალი იქნება, ჟოზე მოურინიო საკუთარ გუნდს ამ ეტაპზე უკვე მეშვიდედ გაუძღვება. წინა 6 ორმატჩიანი დუელიდან პორტუგალიელის გუნდებმა ორი მოიგეს და ორივე შემთხვევაში მისმა გუნდმა ფინალიც მოიგო (2004 წელს "პორტუ" და 2010 წელს "ინტერი").

ნახევარფინალში გერმანელებს მოურინიო პირველად არ ხვდება - 2010 წელს მისმა "ინტერმა" სწორედ გერმანულ გუნდს, "ბაიერნს" მოუგო, მაგრამ შარშან, უკვე "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში, იმავე "ბაიერნთან" დამარცხდა.

50/50
დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მესამედ გავიდა. პირველად BVB-მ ამ ეტაპს 1997 წელს მიაღწია და ორმატჩიან დუელში "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუგო (1:0, 1:0). მეორედ გერმანელები ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდნენ და უკვე "რეალთან" წააგეს.

ტურნირის ამ ეტაპზე გასვლის მხრივ, სარეკორდო შედეგი აქვს მადრიდის "რეალს", რომელიც 1/2-ფინალში 24-ე ორმატჩიან დუელს გამართავს. წინა 23 დაპირისპირებიდან "სამეფო კლუბს" თითქმის 50-პროცენტიანი შედეგი აქვს: 12 მოგება და 11 წაგება.

აქვე აღვნიშნოთ ის, რომ "რეალმა" ისტორიაში პირველი 8 ნახევარფინალი მოიგო. შესაბამისად, ბოლო 15 შემთხვევიდან მადრიდელებმა 11-ჯერ წააგეს და მხოლოდ 4-ჯერ მოახერხეს ფინალში გასვლა (1981, 1998, 2000, 2002).

აქვე დავამატოთ, რომ "რეალმა" ბოლო სამი 1/2-ფინალი წააგო (2003, 2011, 2012 წლებში).

ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. I მატჩი
ბორუსია-რეალი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
ბორუსია (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, გიუნდოგანი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - სერხიო რამოსი, ვარანი, პეპე, ფაბიო კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალოსო - დი მარიო, იოზილი, რონალდო - იგუაინი.
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).
დისკვალიფიკაცია: არბელოა
ტრავმა: მარსელო

ურთიერთშეხვედრები:
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალი
01/04/1998
რეალი-ბორუსია 2:0
გოლები: 1:0 მორიენტესი (24), 2:0 კარემბუ (67).

15/04/1998
ბორუსია-რეალი 0:0

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი
19/02/2003
რეალი-ბორუსია 2:1
გოლები: 0:1 იან კოლერი (30), 1:1 რაული (43), 2:1 რონალდო (56).

25/02/2003
ბორუსია-რეალი 1:1
გოლები: 1:0 იან კოლერი (23), 1:1 პორტილიო (90).

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი
24/10/2012
ბორუსია-რეალი 2:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (36), 1:1 კ. რონალდო (38), 2:1 შმელცერი (64).

06/11/2012
რეალი-ბორუსია 2:2
გოლები: 0:1 როისი (28), 1:1 პეპე (34), 1:2 არბელოა (45-საკ. კარში), 2:2 იოზილი (89).

სულ 6 თამაში: +1 =3 -2 (6-8)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული