"ბარსელონას" გერმანული მარცხის ექო: "ბაიერნის" 4:0 ელიტარული კლუბის წევრი გახდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" რეკორდებს მხოლოდ ბუნდესლიგაში არ ამყარებს. სამშაბათს "ბარსელონასთან" გამართული მატჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა, რადგან აქამდე ამ ტურნირის 1/2-ფინალში 4:0 არასდროს დაფიქსირებულა.

"ბარსელონა" მიუნხენში ევროტურნირებზე 420-ე შეხვედრას მართავდა. "ალიანს არენაზე" დაფიქსირებულ შედეგზე დიდი ანგარიშით კატალონიურ გუნდს ევროასპარეზზე არასდროს წაუგია, ამ ანგარიშით კი მეოთხედ დამარცხდა.

მოდით, ერთად გავიხსენოთ წინა სამი შემთხვევა...

05/11/1980 - ბარსელონა-კიოლნი 0:4
"ბარსელონას" უეფას თასის მეორე ეტაპის პირველი შეხვედრა, რომელიც კიოლნში გაიმართა, 1:0 ჰქონდა მოგებული. საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი იდეალურად იყო, სანამ სტუმართა მცველმა დიტერ პრესტინმა ტრავმა არ მიიღო
და მის ნაცვლად მინდროზე პიერ ლიტბარსკი არ გამოვიდა.

20 წლის ფეხბურთელმა შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა. ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში გერდ შტრაკმა გახსნა, მეორე ტაიმში კი ლიტბარსკის ჯერი დადგა - ამომავალმა ვარსკვლავმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

საბოლოოდ, 0:4 და მომდევნო ეტაპზე "კიოლნი" გავიდა, რომელსაც "ბარსელონას" ყოფილი მესაჭე, ლეგენდარული რინუს მიხელსი ავარჯიშებდა.

18/05/1994 - მილანი-ბარსელონა 4:0
ისტორიაში პირველად, "მილანი" ფინალური მატჩის წინ აუტსაიდერად მიიჩნეოდა. ამის და რამდენიმე საკადრო პრობლემის მიუხედავად, ფაბიო კაპელო იოჰან კრუიფის "დრიმ თიმს" არ შეუშინდა და აქცენტი თავიდანვე შეტევაზე გააკეთა.

დანიელე მასარომ დუბლი შეასრულა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

თამაშის განახლებიდან რამდენიმე წუთში დეიან სავიჩევიჩმა ულამაზესი გოლი გაიტანა და გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია.

შეხვედრას წერტილი მარსელ დესაიმ დაუსვა, კაპელომ კი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ იდეალური ფეხბურთი იხილა.

05/11/1997 - ბარსელონა-დინამო კიევი 0:4
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი მატჩის წინ კატალონიელები კარგ ხასიათზე იმყოფებოდნენ, რადგან "ბარსა" საშინაო ასპარეზზე დომინირებდა (საბოლოოდ, ჩემპიონიც გახდა).

"ნოუ კამპს" კიევის "დინამო" ესტუმრა, რომელიც იმ წელს ლიგის 1/2-ფინალში გავიდა. ანდრეი შევჩენკომ პირველივე ტაიმში ჰეთ თრიქი შეასრულა, მეორე ნახევარში სერხი ბარხუანის გაძევების შემდეგ შეხვედრას წერტილი სერგეი რებროვმა დაუსვა.

"ჩვენ ვიცოდით, რომ "დინამო" უფრო ძლიერი გუნდი იყო და ეს საქმითაც დავამტკიცეთ. მათ, პირველ რიგში, ტაქტიკურად ვაჯობეთ.

ისინი არ ელოდნენ, რომ ასე აგრესიულად შევუტევდით და ჩვენი ტაქტიკის საწინააღმდეგოდ ვერაფერი გააწყვეს",
- განაცხადა მატჩის შემდეგ შევჩენკომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" 4-ბურთიანი სხვაობით 1997 წლის შემდეგ პირველად წააგო
ბაიერნი-ბარსელონას გამოხმაურება: ფანტასტიშ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული