გიორგი კიკნაძე: ბუნდესლიგა უფრო დაძაბული და დინამიკურია

AutoSharing Option
ის, რაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების პირველ მატჩებში მოხდა, სწორედაც რომ აქტუალური თემაა, რაზეც ყველგან ლაპარაკობენ და ცხადია, ქართულ საფეხბურთო სამყაროშიც.

"ბაიერნი" 4:0 "ბარსელონა" და "დორტმუნდი" 4:1 "რეალი" - ეს ისეთი მატჩები გამოდგა, რამაც ტენდენციებიც კი შეცვალა.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, აზრის გამოთქმა ქართველ სპეციალისტებსაც ვთხოვეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის.

"ლელოს" რესპონდენტი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი კიკნაძეა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არაერთი გუნდი გაუწვრთნია.

- გერმანული კლუბები თუ ასეთი უპირატესობით დაამარცხებდნენ ესპანურ გრანდებს, ალბათ, ცოტას
თუ ეგონა. მაინც რამ გამოიწვია ასეთი შედეგი?

- ამ საკითხს ასე ვუყურებ: ბუნდესლიგა და პრიმერადივიზიონი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

- კონკრეტულად რას გულისხმობ?
- ესპანეთში ორი-სამი ისეთი გუნდია, სხვებს მკვეთრად რომ აღემატება. დანარჩენ კლუბებში ფინანსური კრიზისია და ვერ უმკლავდებიან მოწინავეებს. ამის გამო ესპანეთის ჩემპიონატი ისეთი დაძაბული ვერ არის, როგორიც ბუნდესლიგაა. გერმანიის ჩემპიონატში იშვიათი არ არის დიდი ანგარიშები, მაგრამ მაინც, გერმანელებმა თავიანთი ჩემპიონატით გაასწრეს ესპანელებს.

"ბაიერნი"-"ბარსელონას" შეხვედრაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ლეო მესის ფაქტორიც, არგენტინელმა ვერ ითამაშა, ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და მივიღეთ 4:0.

ფაქტია, ადრე ესპანეთის ჩემპიონატი უფრო დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა, ბოლო ორი წელი კი ასე აღარ არის.

- კიდევ რა ასპექტები შეამჩნიე "ბაიერნი"-"ბარსელონას" შეხვედრაში?
- მთელი მსოფლიო იმაზე მუშაობდა, რათა გაეგო, თუ რას წარმოადგენდა "ბარსელონას" თამაშის პრინციპი. ბავარიელთა დამრიგებელმა იუპ ჰაინკესმაც თქვა, არ მჭირდება პეპ გვარდიოლას რჩევებიო, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ჰაინკესმა მიაგნო ამ პრინციპს.

საერთოდ ასეა - როცა რაღაც ძალიან კარგი და ძლიერი გამოჩნდება, მის დაძლევაზე მუშაობენ, ფორმულას ეძებენ და როცა გუნდში ისეთი შემსრულებლები გყავს, როგორებიც ფრენკ რიბერი, არიენ რობენი, ტომას მიულერი და ბასტიან შვაინშტაიგერი არიან, მიზნის მიღწევა შეუძლებელი აღარ არის - "ბაიერნმა" ყველაფრით აჯობა "ბარსელონას".

- "დორტმუნდი"-"რეალის" მატჩზეც ვთქვათ - ამ დაპირისპირებაში რა აღმოჩნდა გადამწყვეტი? სწრაფ თამაშში ასე აშკარად რატომ დაიჯაბნა "რეალი"?
- ორივე გუნდი თანაბარ პირობებში შეხვდა ამ მატჩს - გერმანიის და ესპანეთის ჩემპიონატში ამ გუნდებს ყველაფერი გარკვეული აქვთ და ორივე მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული, ოღონდაც ჩემპიონატის დინამიკა გერმანიასა და ესპანეთში განსხვავებულია, ბუნდესლიგა ახლა უფრო დინამიკური ტურნირია და "დორტმუნდსაც" ეს გამოადგა.

ეს "რეალი" ისეთია, რომ უფრო კონტრშეტევებზე აწყობს თამაშს და "დორტმუნდმაც" მადრიდელებს მათივე იარაღი დაუპირისპირა - შეტევაში სწრაფი გადასვლა. "დორტმუნდმა" ეს "რეალზე" კარგად გააკეთა და გაიმარჯვა; რობერტ ლევანდოვსკიმ კი დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია.

- შენი პროგნოზი როგორია - ფინალი გერმანული იქნება?
- ზოგადად, როცა ასეთი რანგის მეტოქეები ხვდებიან ერთმანეთს, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.

ვფიქრობ, "რეალს" ფინალში გასვლის "ბარსელონაზე" უკეთესი შანსი აქვს, თუმცა ფინალი გერმანული რომ იქნება, ამის შანსი 99 პროცენტია. თასს კი, ალბათ, "ბაიერნი" მოიგებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანურმა გაზეთმა "მარკამ" "ბარსელონას" კოლაფსის 10 მიზეზი ჩამოთვალა
ბაიერნი-ბარსელონას გამოხმაურება: ფანტასტიშ!
ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]
დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ექსპერტია ვერაფერს იტყვი...
jaguar
09:40 27-04-2013
0
რა თქვა ამ ფეხბურთის ცნობილმა სპეციალისტმა ისეთი რაც ჩემმა მეზობელმა ჟუჟუნამ არ იცის? მაგრა გაარჩია რა. ეტყობა იცის და ....
roko
15:59 26-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული