გია ჭიაბრიშვილი: "ბარსას" მაგალითზე გამოჩნდა, თუ რამდენს ნიშნავს მწვრთნელი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების პირველი მატჩების შემდეგ აზრის გამოთქმა ქართველ სპეციალისტებს ვთხოვეთ, საპასუხო შეხვედრების შემდეგ კი ჩვენი რესპონდენტი "ზესტაფონის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი გახლავთ.

ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არც მისი შეფასებები იქნება - სპეციალისტები ხომ სულ სხვა თვალით უყურებენ ყველაფერს...

- ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი გერმანული გუნდი გავიდა - ეს რას უნდა ნიშნავდეს?
- მაქსიმალურად გამოჩნდა განსხვავება ბუნდესლიგასა და ესპანეთის პრიმერადივიზიონს შორის. ერთხელაც დავინახეთ, თუ რა დონეზეა გერმანული ფეხბურთი. მათი კლუბებიცა და ეროვნული ნაკრებიც დღეს ძალიან მაღლა დგანან.

"ბაიერნიცა" და "დორტმუნდიც" საუკეთესო
ფორმაში არიან. უნდა ითქვას, რომ ამ მომენტისთვის "რეალიც" საუცხოო ფორმაშია, რასაც ვერ ვიტყოდი "ბარსელონაზე".

"დორტმუნდიცა" და "ბაიერნიც" ერთი თავით მაღლა აღმოჩნდნენ ესპანურ გრანდებზე. "დორტმუნდის" მაგალითი მართლაც აღნიშვნის ღირსია - კლუბი გაკოტრებული იყო, აიღო სესხი, გამოჩნდნენ ახალი მენეჯერი და იურგენ კლოპი და სამ წელიწადში დიდი პროგრესი განიცადეს.

გამოჩნდა, თუ რამდენს ნიშნავს კარგი მწვრთნელი და სწორი პოლიტიკის შერჩევა. რომ არა "დორტმუნდის" მენეჯერი და მწვრთნელი, ამ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები ასე ვერ დაწინაურდებოდნენ.

- მწვრთნელები, ალბათ, არც ესპანურ გრანდებს დაეწუნებათ...
- რაც უფრო დიდია გუნდი, მით უფრო დიდი მწვრთნელი და დიდი მენეჯერი სჭირდება. რომ ამბობდნენ, ამ "ბარსელონას" მწვრთნელი რაღაში სჭირდებაო, ხომ გამოჩნდა, რომ ეს მცდარი შეხედულება იყო?!

ქედს ვიხრი ჟოზე მოურინიოს წინაშე, მაგრამ ფაქტია, რომ კლოპის გუნდმა აჯობა "რეალს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- ზოგი მიიჩნევს, რომ "დორტმუნდი" უფრო ლამაზ და საინტერესო ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე "ბაიერნი" - ეთანხმებით ასეთ მოსაზრებას?
- "ბაიერნს" არანაირი ლაფსუსი არ აქვს, მისი ყველა რგოლი ჩინებულად მოქმედებს. მიუნხენური გუნდი უფრო კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, უფრო მეტ გადაცემას ასრულებს. ვერ ვიტყვი, რომ "დორტმუნდი" "ბაიერნზე" უფრო მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობს ან პირიქით. აქ უკვე გემოვნების საკითხია - ვის როგორ მოსწონს...

- შარშან ან იმის წინა სეზონში ესპანური კლუბები გერმანელებს არათუ ჩამორჩებოდნენ, უკეთესადაც გამოიყურებოდნენ - ასე მოკლე დროში ამხელა განსხვავება როგორ შეიქმნა?
- სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი განსხვავება ერთ სეზონში შეიქმნას. ფაქტია, რომ ბუნდესლიგამ მნიშვნელოვანი აღმავლობა განიცადა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში ორი საუკეთესო ჩემპიონატის გუნდები გავიდნენ. სპეციალისტის თვალიც აღარ არის საჭირო იმის შესამჩნევად, რომ დღეს გერმანიის ჩემპიონატი უფრო ძლიერია, ვიდრე პრიმერადივიზიონი.

- როგორ ფიქრობთ, ესპანური ფეხბურთი დაღმა წავიდა?
- ყველა აღმართს დაღმართი მოსდევს. ესპანური ფეხბურთი დაღმა წავიდა თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს.

- ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში ახალი საინტერესო ფეხბურთელები თუ დაინახეთ?
- უნდა გამოვარჩიო "რეალის" 20 წლის მცველი რაფაელ ვარანი. აქამდე მასზე ბევრი არაფერი ვიცოდი. მარიო გიოტცეს და რობერტ ლევანდოვსკის მაღალ დონეზე რომ შეეძლოთ თამაში, ეს ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებამდეც ვიცოდით. 20 წლის ალაბაც არ იყო უცნობი, თუმცა ამ სეზონში ის უკვე სულ სხვა ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ალაბა უდავოდ გამორჩეული ახალგაზრდაა მიმდინარე სეზონში.

კარგად წარმოაჩინა თავი "ბაიერნის" 24 წლის ესპანელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ხავი მარტინესმაც. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია.

- და მაინც, რა დაემართა "ბარსელონას"? ორი მატჩის ჯამში 0:7 ხომ მართლაც მოულოდნელი შედეგი იყო...
- "ბარსელონა" მესის გარეშე ვერ ქმნის იმ თამაშს, რითაც ეს გუნდი მკვეთრად აღემატებოდა მეტოქეებს. მესი საუკეთესო ფორმაში რომ ყოფილიყო, "ბაიერნთან" სხვანაირ დაპირისპირებას ვნახავდით. საერთოდ ასეა, რაც არ უნდა კარგი მწვრთნელი ჰყავდეს გუნდს, მოედანზე ყველაფერს მაინც ფეხბურთელი წყვეტს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად ვის დაასახელებდით?
- წინ ჯერ ფინალია და საუკეთესოს დასახელებაც მერე იყოს. ფინალამდე კი ყველაზე გამორჩეული არიენ რობენი გახლდათ. მას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. რობენი მართლაც საოცარი ფეხბურთელია. უნდა აღინიშნოს ისიც, თუ როგორ ირჯება ფრანკ რიბერი - დაცვაში ჩასვლა არ ეზარება, ამავე დროს, სულ შეტევაზეა ორიენტირებული და დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულების მიუხედავად, მაღალი სიჩქარით ერთვება იერიშში. "ბაიერნში" სწორედ ის და რობენი არიან ლიდერები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ეს "ბაიერნი" სასწაულია, ის "ბარსელონა" ისტორიას დარჩება
რეალი-დორტმუნდის გამოხმაურება: "ბორუსია" ამას იმსახურებდა!
მკითხველის კომენტარები / 4 /
კლუბის სწორი და მიზანმიმართული ფინანსური და სპორტულ/სატრანსფერო პოლიტიკა. ერთგული ქომაგი. ძლიერი ეკონომიკა (მიუხედავად არსებული ფინანსური და ეკონომიკური კრიზისისა, რომელმაც საგრძნობლად შეარყია გამორჩეულად ძლიერი გერმანული საშუალო ფენაც კი, მაყურებლის რაოდენობამ სტადიონებზე საგრძნობლად იმატა) - ყოველივე ამან მოიტანა ეს შედეგი. უფრო მეტიც, გერმანული ფეხბურთის ჰეგემონიას ჯერ კიდევ არ მიუღწევია თავის ოლიმპოს. უკვე მე-2 თუ მე-3 წელია მიდის დაუღალავი შრომა იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ინდივიდუალური ოსტატობით სავსე ფეხბურთელები გაზარდონ, რადგანაც ბოლო დროს იმატა ტაქტიკურად და ტექნიკურად ძალზედ გამართულ ფეხბურთელთა რიცხვმა, რომელებიც უფრო მეტად იმას ფიქრობენ რომ რამე არ გააფუჭონ ვიდრე რაღაც განსაკუთრებული შექმნან...ხოდა ზუსტად ამის აღმოსაფხრელად მიდის უკვე გამალებული მუშაობა, ამის ნაყოფია, გიოტცე, გიუნდოგანი, როისი და სხვანი. ვინც გერმანულ ფეხბურთში ჩახედულია მან კარგად იცის კლოპეს, როგორც მწვრთნელის ფასი ჯერ დიევ მაინც 05 დროიდან. ახალგაზრდა თაობის გერმანელი მწვრთნელების ეპოქა წამოვიდა და ამაში თავის მხრივ ლომის წილი იურგენ კლინსმანზე მოდის. სწორედ იგი და იოგი ლიოვი გახლავთ ამ ახალი "გერმანული ხელწერის" ავტორები. ისიც უნდა აღინიშნოს რომ, როდესაც დორტმუნდის ბორუსიას ფინანსური პრობლემები შეექმნა, გუნდი გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად და აქციების დიდი ნაწილი თავად ფეხბურთელებმა შეიძინეს. დანარენს კი თქვენც ნათლად ხედავთ ძვირფასო მკითხველო.
ფეოლა
15:13 03-05-2013
0
ორმხრივი აზრის დაფიქსირება გამოუვიდა სამწუხაროდ,ხან ერთს ლაპარაკობდა და ხან მეორეს.ჟურნალისტებიც მაგარი ხართ ჩაეძიეთ კაცს:Dერთი და იმავე კითხვის დასმა მაგარი იცით ისე:D
excess
13:05 03-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული