რას ფიქრობენ ოტმარი და ლოთარი დღევანდელ ფინალზე, ამას "სქაისთვის" მიცემული ერთობლივი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ჰერ ჰიტცფელდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება "ბაიერნს" უწინასწარმეტყველეთ. რატომ?
ოტმარ ჰიტცფელდი: "ბაიერნს" ბევრ ასპექტში აქვს უპირატესობა. ჯერ მარტო ბუნდესლიგაში დაფიქსირებული 25-ქულიანი უპირატესობა რად ღირს და ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რაოდენ დიდი დომინაციით შეძლო მიუნხენურმა კლუბმა ბუნდესლიგის მოგება. "ბაიერნმა" მხოლოდ 18 გოლი
პირადად მე იმასაც ვხედავ, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელებში გუნდური სულისკვეთება უმაღლეს დონეზეა და ფაქტია, რომ ბოლო წლებში რეკორდმაისტერს სწორდ ეს აკლდა. ამასთან, იუპ ჰაინკესის განკარგულებაში შესანიშნავი შემსრულებლები არიან - ყველა წინახაზელს შეუძლია როგორც კაცის მოტყუება, ისე კარგი პასის გაკეთება ან შეტევის გოლით დაგვირგვინება. ამ ყველაფერთან ერთად, "ბაიერნს" არაპროგნოზირებადი და ძალზე მოქნილია. სწორედ ამის გამო ამყარებს რეკორდებს ამ სეზონში.
- დორტმუნდის "ბორუსიაზე" რას იტყვით?
ჰიტცფელდი: ბოლო შეხვედრებში დორტმუნდელები ისე აღარ ინდომებდნენ, როგორც მანამდე. აქედან ჩანს, რომ წნეხის ქვეშ მოექცნენ და ფეხბურთელების დაშავების ეშინოდათ. მიმაჩნია, რომ მარიო გიოტცეს არყოფნა "ბორუსიასთვის" ფატალურია და იურგენ კლოპის გუნდს ძალიან მცირე აქვს იმის შანსი, რომ "ბაიერნს" ფეხი აუწყოს. ამ სეზონში დორტმუნდელები ხშირად უშვებენ შეცდომებს - "ბორუსია" აღარ არის ისეთი სტაბილური, როგორიც შარშან იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავად ასპარეზობდნენ და ფინალში გავიდნენ, "დორტმუნდს" ბევრი სისუსტე აქვს.
- თქვენ რას ფიქრობთ, ჰერ მათეუს?
ლოთარ მათეუსი: ოტმარ ჰიტცფელდს თითქმის ყველაფერში ვეთანხმები - ფაქტები "ბაიერნის" სასარგებლოდ მეტყველებენ. იმას დავამატებდი, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, ამ "ბაიერნს" სათადარიგოთა სკამზეც კი ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. დორტმუნდის სასარგებლოდ კი ის ფაქტი მეტყველებს, რომ "ბორუსია" ამ ფინალში აუტსაიდერია, რაც იმას ნიშნავს, რომ იურგენ კლოპის გუნდს მხოლოდ მოგება შეუძლია, წაგებული კი მარცხის შემთხვევაშიც არ დარჩება. აქვე ისიც მახსენდება, რომ "ბაიერნი" "ინტერთან" და "ჩელსისთანაც" ფავორიტად მიიჩნეოდა...
- ჰაინკესი ამბობს, რომ შვაინშტაიგერი წელს მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია. იქნებ, ამაში ის ნეგატიური მოვლენები დაეხმარა, რაც ბოლო წლებში გადაიტანა?
მათეუსი: რა თქმა უნდა, ეს ხომ მის მოტივაციას მუდმივად ზრდიდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შვაინშტაიგერს ყველაზე მეტად მაინც მწვრთნელი დაეხმარა. ფაქტია, რომ ბასტიანი და ჰაინკესი ერთმანეთს იდეალურად უგებენ. იუპი ყოველთვის ამბობდა, შვაინშტაიგერში ლიდერს ვხედავო, რაც ბასტიანს თავდაჯერებას მატებდა და მაგრად აძლიერებდა.
- ჯერჯერობით უცნობია, გავა თუ არა ჰაინკესი პენსიაზე. რას ურჩევს მას ოტმარ ჰიტცფელდი?
ჰიტცფელდი: მეც ძალიან მაინტერესებს, რას გადაწყვეტს ჰაინკესი, დათანხმდება თუ არა იმას, რომ კვლავ მუდმივი სტრესის ქვეშ იყოს. თუ პენსიაზე გასვლა არ სურს, მას რომელიმე ნაკრების გაწვრთნას ვურჩევდი. ნაკრებში სტრესი ნაკლებია, წელიწადში მაქსიმუმ 12 მატჩი გიწევს.
- აქამდე ეს არავის გახსენებია და იქნებ მას სულაც ესპანეთის ნაკრები ჩააბარონ - ვისენტე დელ ბოსკე რომ 2014 წელს მიდის...
ჰიტცფელდი: რატომაც არა? იუპი ხომ შესანიშნავად საუბრობს ესპანურად და ძალიან კარგაც იცნობს ესპანურ მენტალიტეტს, კულტურას და ფეხბურთს.
- როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს "ბაიერნის" წარმატებებში მათიას ზამერს?
ჰიტცფელდი: მათიასს ყოველთვის გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდა, მას ეს გენებში აქვს და ცხადია, "ბაიერნს" ბევრი რამ შემატა. ზამერი ფეხბურთელებს ყოველთვის წნეხის ქვეშ ამყოფებს და გუნდს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ზამერის დამსახურება პირველ რიგში ისაა, რომ "ბაიერნმა" კონცენტრაციას სეზონის ბოლომდე შეინარჩუნა და თამაშებს გერმანიის ჩემპიონობის განაღდების მერეც იოლად და დიდი ანგარიშით იგებდა.
- რაკი ჩემპიონთა ლიგის ფინალი გერმანულია, ლოგიკურია კითხვა: იქნებ, დიდი ხნის მერე ისევ გერმანელი გახდეს მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი?
ჰიტცფელდი: ამ კითხვაზე პასუხი, შესაძლოა ფინალმა გაგვცეს. რობერტ ლევანდოვსკიმ "რეალთან" შესრულებული პოკერით ისტორია შექმნა და თუ ფინალშიც 2-3 გოლს გაიტანს, "ოქროს ბურთის" ნომერ პირველი კანდიდატი იქნება. "ბაიერნიდან" კი ამის შანსი უდავოდ ფრანკ რიბერის აქვს, რომელმაც მართლაც ზღაპრული სეზონი ჩაატარა.
მათეუსი: იდეაში, ყოველთვის ისეა, რომ ამ წოდებას ის ფეხბურთელი ისაკუთრებს, რომლის გუნდიც სერიოზულ წარმატებას მიაღწევს. გამოკითხვაში ნაკრები გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობენ. მართალია, აფრიკული ქვეყნების ნაკრები გუნდების წარმომადგენლები ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც უყურებენ, მაგრამ ისინი მთელ სეზონს ადევნებენ თვალს და იციან, რომ მესიმ 46 გოლი გაიტანა. მაგრამ თუ ლევანდოვსკი ფინალშიც გაიტანს, "ოქროს ბურთის" დასაკუთრების შესანიშნავი შანსი ექნება.
- სჭირდება თუ არა "ბაიერნს" სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურება?
ჰიტცფელდი: ვფიქრობ, "ბაიერნის" ხელმძღვანელები ერთი ახალი ცენტრალური მცველის ყიდვაზე ფიქრობენ. რაკი ჰოლგერ ბადშტუბერი კიდევ 10 თვეს დაისვენებს, ფაქტია, რომ მიუნხენელებს ახალი ცენტრალური მცველი სჭირდებათ.
- "მაინციდან" გადაბირებული იან კირხჰოფი ამ სიცარიელეს ვერ შეავსებს?
ჰიტცფელდი: არ ვიცი. ფაქტია, რომ ამ ბიჭს საკმარისი გამოცდილება არა აქვს. "ბაიერნში" თამაში "მაინცში" თამაშისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
მათეუსი: ბადშტუბერის გარდა "ბაიერნს" ახლა ოთხნახევარი ცენტრალური მცველი ჰყავს: დანტე, ბოატენგი, ვან ბუიტენი (თუ კონტრაქტს გააგრძელებს) და კირხჰოფი. ოტმარი მართალია: რეკორდმაისტერი სხვა განზომილებაა და კირხჰოფს ჯერ ისე ვერ ენდობიან, როგორც საჭიროა. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაცვის ცენტრში თამაში ხავი მარტინესსაც შეუძლია, მაგრამ ესპანელის დაცვაში დაყენებას აზრი მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობის დროს აქვს, რადგან მისი ადგილი ნახევარდაცვის ცენტრშია. მარტინესი და შვაინშტაიგერი ერთმანეთის გარეშე უკვე ვეღარ წარმომიდგენია.
- იქნებ მიუნხენელებმა რომელიმე ტოპ-ფეხბურთელი იყიდონ?
მათეუსი: თუ "ბაიერნის" ბოლოდროინდელ ტრანსფერეფს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ თუ მიუნხენელებს ესა თუ ის ფეხბურთელი სჭირდებათ, მზად არიან, ძალიან დიდი ფული გადაიხადონ. "ბაიერნის" ხელმძღვანელები სატრანსფერო ბაზარზე ყოველთვის მიზანმიმართულად მოქმედებენ და გამონაკლისი არც ეს ზაფხული იქნება. მარიო გიოტცე უკვე დაიბევეს - ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"