ლიგის ფინალის შემდეგ: წითელი ზეიმი, ყვითელი ცრემლები [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს! "უემბლიზე" ისეთი ჯახი ვნახეთ, რომელსაც "დორტმუნდის" ან "ბაიერნის" ფანები სკამზე დამსხდრები ვერ უყურებდნენ, ნეიტრალური ქომაგი კი, უბრალოდ, მაგრად ისიამოვნებდა იმ ტიპური გერმანული ფეხბურთით, რომელიც "წითლებმა" და "ყვითლებმა" შემოგვთავაზეს.

ბოლოს გამარჯვება "წითლებს" დარჩათ და ეს ნაღდად დაიმსახურეს. მეტიც: ჩემპიონთა ლიგას ასეთი ღირსეული გამარჯვებული ყოველთვის როდი ჰყავს ხოლმე.

"ყვითლებიც" აპლოდისმენტებს იმსახურებენ - იურგენ კლოპის სამწყსომ ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში შთამბეჭდავად ითამაშა და მართლაც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო "ბაიერნს" ფინალში ბრწყინვალე ბრძოლა გაუმართა.

ამ "ბაიერნთან"
ასე ვერც "იუვენტუსმა" ითამაშა და მით უმეტეს, ვერც "ბარსელონამ". სწორედ ამიტომ დატოვეს დორტმუნდელებმა უემბლი თავაწეულებმა, ცრემლებს კი ვერაფერი მოუხერხეს და ალბათ, ბევრს აუჩუყეს გული. დორტმუნდის "ბორუსია" ძალიან მაგარი გუნდია, მაგრამ არ გაუმართლა იმაში, რომ წელს "ბაიერნი" თვით სრულყოფილება იყო!

"ინტერთან" (2010) და "ჩელსისთან" (შარშან) წაგებების შემდეგ რეკორდმაისტერმა როგორც იქნა, ფინალი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის თასი მეხუთედ აღმართა.

რეაქციები
ფილიპ ლამი ("ბაიერნის" კაპიტანი): "თითოეული ჩვენგანი უმძიმეს წნეხს გრძნობდა და შვებით ამოვისუნთქეთ! პირველ წუთებში დაგვეტყო, რომ ძალიან ვნერვიულობდით - ბოლო ოთხ წელიწადში მესამე ფინალის წაგება და ზედიზედ მეორე ფინალში მარცხი უკვე კატასტროფა იქნებოდა. მერე თანდათან დავსტაბილურდით და ნერვიულობაც მოგვეხსნა.

ვხვდებოდით, რომ ასეთი შანსი შეიძლებოდა, აღარც მოგვცემოდა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ოქროს თაობა მხოლოდ მაშინაა ოქროს თაობა, როცა მინიმუმ ერთი დიდი ტიტული აქვს მოგებული. აი, ახლა კი მართლაც ოქროს თაობა ვართ! ბასტიან შვაინშტაიგერი და მე 16 წელია, ერთად ვთამაშობთ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და მიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი ერთად მოვიგეთ. ახლა ჩვენი მიზანი გერმანიის თასის მოგება და ჰეთ-თრიკის შესრულებაა".

იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი): "პირველი ტაიმი სუსტად ჩავატარეთ, ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ, რის გამოც შესვენებაზე ჩვენს სტრატეგიაში კორექტივები შევიტანე. ჩემი აზრით, პირველ 20 წუთში აშკარა ფავორიტის სტატუსით გამოწვეულმა წნეხმა გვანერვიულა.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ავთამაშდით. ახლა ისე ჩანს, რომ "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა მარტივად მოიგო, მაგრამ დამიჯერეთ, ეს უდიდესი და უმძიმესი, რაც მთავარია, არითმეტიკული სიზუსტით შესრულებული ხანგრძლივი შრომის შედეგია".

არიენ რობენი (ბაიერნი): "ორივე გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ბოლო წუთზე ფრანკს კარგად გავეხსენი, მანაც იგრძნო ეს მომენტი და... ეს გოლი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს! ამ გოლის მნიშვნელობის აღწერა ზუსტად არც შემიძლია. მთელი მეორე ტაიმი საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ამ გოლს შენ გაიტან, ამ გოლს შენ აუცილებლად გაიტან-მეთქი..."

თომას მიულერი (ბაიერნი): "განადგურებული ვარ, ემოციებისგან დაცლილი, ძალიან დაღლილი და ყველაზე ბედნიერი ვარ! ეს გამარჯვება ყველაზე მეტად იუპ ჰაინკესის გამო მიხარია".

მათიას ზამერი
("ბაიერნის" სპორტული დირექტორი): "ეს გამარჯვება ყველაზე მეტად ფილიპ ლამისა და ბასტიან შვაინშტაიგერის გამო მიხარია, რადგან ახლა მაინც დამთავრდება დისკუსიები იმის შესახებ, რომ არასრულყოფილი ფეხბურთელები არიან.

თამაში ცოტა კომიკურიც იყო, მაგრამ კარგია, რომ ჩვენ ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე გვყავს, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. დორტმუნდის "ბორუსიას" ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით! ეს ფინალი რომ წაგვეგო, ახლა დორტმუნდელებს გამარჯვებას სულითა და გულით მივულოცავდი".

ფრანც ბეკენბაუერი ("ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი): "პირველ ტაიმში "ბორუსიამ" შესანიშნავად ითამაშა და "ბაიერნი" არ ათამაშა! მეტიც, მიუნხენელები შესვენებაზე უიმედოდ გავიდნენ და სწორედ ასეთი უიმედობა დავინახე გიუნდოგანის გოლის შემდეგაც.

"ბაიერნმა" ეს თამაში მაინც რომ მოიგო, ეს კლასის დამსახურებაა. რობენმა მანამდე სამი ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა და მეც უკვე სერიოზულად მეპარებოდა ეჭვი "ბაიერნის" გამარჯვებაში. მერე კი ბედმა გაუღიმა - სწორედ ბედისწერაა ის, რომ გადამწყვეტი გოლი არიენმა გაიტან
ა.

ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება, ჯამში, "ბაიერნმა" "დორტმუნდზე" მეტად დაიმსახურა".

იურგენ კლოპი ("დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან დაძაბული და საინტერესო ფინალი გამოვიდა. შესაძლოა, ახლა სუბიექტური ვარ, მაგრამ მგონია, რომ ასეთი საინტერესო ფინალი ჩემპიონთა ლიგაში დიდი ხანია, არ მინახია. გრძელი და დამღლელი სეზონის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიკრიბეთ ძალები და "ბაიერნის" დასამარცხებლად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ... თამამად ვიტყვი, რომ მიუნხენელებმა დღეს ეს გამარჯვება დაიმსახურეს. ამიტომაც ვულოცავ მათ და ვულოცავ იუპს!

ძალიან ცუდ ხასიათზე მარტო იმ შემთხვევაში ვიქნებოდი, 4:0 ან 5:0 რომ წაგვეგო. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო "ბაიერნს" ბოლომდე მაგრად ვეომეთ, მაგრამ ბოლოს მიუნხენელებს დამსახურებულად გაუმართლათ.

რობენმა გადამწყვეტი გოლი გენიალურად შეასრულა - ამის აღიარება არ მიჭირს. ცხადია, რომ გაისად ისევ შევუტევთ - შევუტევთ როგორც გერმანიაში, ისე ევროპაშიც. როდის შევძლებთ კიდევ ლიგის ფინალში გასვლას, ეს კი აღარ ვიცი. ამაზე ჭკვიანურს ახლა ვერაფერს ვამბობ.

ვიცი, რომ ყველას გაინტერესებთ, რა ჩამჩურჩულა ანგელა მერკელმა... მითხრა, გახსოვდეს, რომ ცხოვრებაში ამაზე უარესებიც ხდებაო".

რომან ვაიდენფელერი
(დორტმუნდი): "ეს მარცხი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ამაყები უნდა ვიყოთ. საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დღეს ჩვენი დღე არ იყო. სამწუხარია, რადგან ჩემპიონთა ლიგაში მართლაც ზღაპრულად გამოვედით. გაისად ისევ ვეცდებით ფინალში გასვლას!"

მატს ჰუმელსი (დორტმუნდი): "ჩვენი იმედგაცრუება უსაზღვროა. ფინალის წაგება ორმაგად მტკივნეულია მაშინ, როცა გადამწყვეტ გოლს მატჩის მიწურულს გაუშვებ. უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნმა" მეორე ტაიმში გვაჯობა. ბოლო წუთებში დაღლა დაგვეტყო - 90 წუთს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად იმდენი ძალა შევალიეთ, რომ ბოლოს აშკარად ძალიან გადაქანცულები ვიყავით".

იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ვულოცავ "ბაიერნს"! განსაკუთრებით კი იუპ ჰაინკესს ვულოცავ. ფინალი ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორსაც ვნატრობდით. ორივე გუნდმა დაამტკიცა, რომ ფინალში დამსახურებულად გავიდნენ. გამარჯვებასაც ორივე გუნდი იმსახურებდა.

დორტმუნდმა" "ბაიერნს" დიდი ბრძოლა გაუმართა - განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში კი უკვე "ბაიერნი" იდგა მოწოდების სიმაღლეზე. მიუნხენური გრანდი ბოლო ოთხი წელიწადში მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. თასის აღებაც ნაღდად დაიმსახურა. შესაძლოა, წელს, უბრალოდ, "ბაიერნის" რიგი იყო..."


შემადგენლობები
"დორტმუნდის" ძირითად შემადგენლობაში მარიო გიოტცე სტატიკურად კევინ გროსკროიტცმა შეცვალა - ეს უკანასკნელი 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში შეტევის მარცხენა ფრთაზე გამწესდა, მარკო როისი კი - ცენტრში. ამრიგად, არ გამართლდა ჩვენი გერმანელი კოლეგების მოლოდინი, რომლის მიხედვითაც, კლოპი გამთამაშებლის პოზიციაზე ილქაი გიუნდოგანს გაამწესებდა, როისს კი ფლანგზე დატოვებდა.

იურგენმა ნახევარდაცვის ცენტრი, ხსენებულ გიუნდოგანთან ერთად, სვენ ბენდერს ჩააბარა, გამოცდილი საყრდენი და გუნდის პირველი კაპიტანი სებასტიან კელი კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

"ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობა კი ტრადიციული გახლდათ: როგორც მოსალოდნელი იყო, იუპ ჰაინკესმა დაცვის ცენტრში დანიელ ვან ბუიტენს ჟერომ ბოატენგი ამჯობინა.

გმირი
არიენ რობენი (ბაიერნი)
ჰოლანდიელმა იმდენჯერ დაიმსახურა ანტიგმირის წოდება, რომ ერთხელ გმირიც უნდა ყოფილიყო!

არადა, რობენი ამ შეხვედრაშიც ახლოს იყო ანტიგმირის სტატუსთან - რამდენიმე შესანიშნავი მომენტი გაანიავა და ის-ის იყო, ვიფიქრეთ, ამჯერადაც "მარცხენა ფეხზეაო" ამდგარი, რომ ჯერ მარიო მანჯუკიჩს გაატანინა, მერე კი, მატჩის მიწურულს, გამარჯვების გოლი თავად შეაგდო!

ზოგადად, არიენ რობენი მართლა ძალიან კარგი ფეხბურთელია და ამდენი უიღბლობისა თუ თავისი ეგოისტობის გამო თავს დამტყდარი უბედურებების შემდეგ ამ გმირობას ნაღდად იმსახურებდა.

მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი ჰქონდა ხავი მარტინესსაც, რომელიც მოედნის ცენტრში პირველიდან ბოლო წუთამდე უნაკლოდ იბრძოდა და საბოლოოდ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ გადაიხადა "ბაიერნმა" მასში 40 მილიონი ევრო.

და ბრწყინვალე იყო "დორტმუნდის" მეკარე რომან ვაიდენფელერი, რომელმაც არაერთი (მანუელ ნოიერზე გაცილებით მეტი) აუღებელი დარტყმა აიღო.

ანტიგმირი
მარსელ შმელცერი (დორტმუნდი)
მარსელ შმელცერი საკმაოდ კარგი მარცხენა მცველია და ბუნდესლიგის დუელებში რობენი არაერთხელ ჰყავს დაჯაბნილი, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მატჩის მნიშვნელობამ და სტატუსმა მარსელი დააბნია. ფაქტია, რომ რობენს პირველ ტაიმში ორი შესანიშნავი შანსი სწორედ შმელცერის შეცდომების გამო შეექმნა.

შმელცერი მთელი მატჩის განმავლობაში შეშინებული იყო და ამასთან, პირველი გოლი მეტწილად მის სინდისზეა.

შეხვედრის მიწურულს უპატიებელი დაბნეულობა დაეტყო დორტმუნდელთა დაცვის ბურჯ მატს ჰუმელსსაც, რამაც "ბორუსიას" ყველა უკანახაზელზე ცუდად იმოქმედა და სწორედ ამ პროცესს მოჰყვა რობენის გადამწყვეტი გოლი.

მსაჯი
ნიკოლა რიცოლი (იტალია)
იტალიელი მსაჯები ასეთი რანგის მატჩებში ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგანან ხოლმე და გამონაკლისი არც ეს ფინალი იყო. ნიკოლა რიცოლიმ ფეხბურთელებს საკმაოდ ბევრი რამის უფლება მისცა, რამაც მატჩზე დადებითად იმოქმედა და გაალამაზა.

როცა ფრანკ რიბერიმ რობერტ ლევანდოვსკის სახეში უთავაზა, ბევრს ეგონა, რომ რიცოლი ფრანგს გააძევებდა, მაგრამ იტალიელმა "ბაიერნის" ლიდერი დაინდო - კარგია, რომ თამაში არ გააფუჭა, მაგრამ რიბერი ყვითელ ბარათს მაინც იმსახურებდა.

პენალტი ასპროცენტიანი გადაწყვეტილება გახლდათ და მეტიც: მსაჯების აბსოლუტური უმრავლესობა იმ მომენტისთვის დანტეს მეორე ყვითელს აუფრიალებდა და გააწითლებდა, მაგრამ რიცოლი ასე არ მოქცეულა - მოქმედებას ტვინი დააყოლა, მომენტი აზრიანად განსაჯა და "ბაიერნი" კაცნაკლული არ დატოვა.

ჯამში, რიცოლი პრინციპული არბიტრი და მოედანზე თითქმის შეუმჩნეველი ფიგურა გახლდათ.

მწვრთნელები
იურგენ კლოპი შესანიშნავი მწვრთნელი და კარგი ტიპია, მაგრამ იუპ ჰაინკესამდე ჯერ ბევრი უკლია. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის მეორე ნახევარში "ბორუსიას" უკანახაზელები მაგრად აიჭრნენ და დაღლაც დაეტყოთ, კლოპმა მაინც არ გააკეთა ცვლილება.

მართალია, სათადარიგოთა სკამზე დიდი არჩევანი არ ჰქონდა, მაგრამ შეიძლებოდა ჰუმელსის ფელიპე სანტანათი ჩანაცვლება, ან აბსოლუტურად უსარგებლო და თანაც დაღლილი ბლაშჩიკოვსკის გაყვანა, მის ფლანგზე როისის გადაწევა და "კუბას" ნაცვლად ნური შაჰინის შეყვანა. იურგენმა კი ცვლილებები მხოლოდ 90-ე წუთზე, რობენის გოლის შემდეგღა გააკეთა - არადა, ისეთი სასწაულები, როგორითაც "დორტმუნდმა" მეოთხედფინალში "მალაგა" გაიარა, ერთ სეზონში ორჯერ არ ხდება.

ცვლილებებს ჰაინკესმაც მხოლოდ რობენის გოლის შემდეგ მიმართა, მაგრამ რაკი "ბაიერნი" მეორე ტაიმში "დორტმუნდს" სჯობდა, "დონ იუპისგან" ეს აბსოლუტურად სწორი საქციელი იყო.

აფსუსია, რომ ჰაინკესი "ბაიერნიდან" ასეთ დროს, ასეთი ტრიუმფალური სეზონის შემდეგ მიდის. ეს მისი სურვილი არ ყოფილა, ასე "ზემოთ" გადაწყვიტეს, მაგრამ ეს ყველაფერი იუპისთვის შესაძლოა, კარგიც იყოს - მიდის თავაწეული, წარმატებული, გამარჯვებული, "ვერცხლის სინით", ჩემპიონთა ლიგის თასითა და ვინ იცის, იქნებ გერმანიის თასითაც ხელდამშვენებული...

რაც თვალში მოგვხვდა
- ვინც საწყის წუთებში "ბორუსიასგან" პასიურობას ელოდა, მწარედ შეცდა. დორტმუნდელებმა თამაში საკმაოდ რისკიანად დაიწყეს, "ბაიერნის" ნახევარზე პრესინგს მიმართავდნენ და მეტოქე კარგადაც დაწნეხეს.

- დორტმუნდელთა ასეთმა სითამამემ ბავარიელები დააბნია. პირველი ტაიმის პირველ ნახევარში არაერთხელ ვნახეთ ისეთი შემთხვევა, როცა "ბაიერნის" უკანახაზელებმა ბურთი უბრალოდ წინ, უმისამართოდ მოიგერიეს.

- მარკო როისი გამთამაშებლის პოზიციაზე კარგად მოქმედებდა - ბურთს ჭკვიანურად ინარჩუნებდა და ანაწილებდა, "ბაიერნის" მცველებს მისთვის ბურთის უჯარიმოდ ან საერთოდ ართმევა უჭირდათ. მარკო ფლანგებზეც ხშირად გადადიოდა - როგორც ჩანს, კლოპმა მას სრული თავისუფლება მიანიჭა.

- პირველ ტაიმში მიუნხენელებს ინდივიდუალური პრობლემებიც ჰქონდათ: ლამი და რიბერი პირველ ტაიმში დაკარგულები იყვნენ. სამაგიეროდ, რეკორდმაისტერის სტანდარტულები იყო სახიფათო.

- "ბაიერნმა" ფეხბურთის ხეირიანად თამაში სადღაც 25-ე წუთიდან, მანჯუკიჩის რეალური მომენტის შემდეგ დაიწყო. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ "ბორუსიამ" პრესინგს უკლო, ხოლო შვაინშტაიგერმა და რიბერიმ კი უკან დახევა და ბურთის მოპოვებაზე ზრუნვა ინტენსიურად დაიწყეს. თუმცა ბურთის მოპოვების შემდეგ შვაინი ბურთს უმეტესად უხიფათო ზონებისკენ გზავნიდა.

მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 25-ე წუთიდან თამაში გათანაბრდა და მომენტები უკვე "ბორუსიას" კართანაც იქმნებოდა.

- შესვენების შემდეგ დორტმუნდელები გასახდელიდან ისევ შემართულები გამოვიდნენ და შეტევები სცადეს, მაგრამ ბავარიელებს ამჯერად პასუხი მზად ჰქონდათ! მეტიც: მიუნხენელებმა მალევე შექმნეს მომენტები და ამით დორტმუნდელებს უკან დაახევინეს. შესაბამისად, ლოგიკური იყო მარიო მანჯუკიჩის გოლი, რომელიც რიბერიმ და რობენმა შექმნეს და რომელიც "ბორუსიას" მცველების, განსაკუთრებით კი, შმელცერის პოზიციური შეცდომის გამო გავიდა.

- თუმცა საპასუხოდ დანტეც შეცდა, ლევანდოვსკის საკუთარ საჯარიმოში წიხლი უთავაზა და მადლობელი უნდა იყოს, რომ არ გააგდეს. გიუნდოგანმა კი პენალტი უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

- გიუნდოგანის გოლის შემდეგ ტემპმა იმატა და რაც დრო გადიოდა, "ბაიერნი" უფრო და უფრო დომინირებდა. დორტმუნდელებს დაღლა დაეტყოთ, ბავარიელებმა კი იყნოსეს, რომ ეს მათი შანსი იყო, პრესინგს მიმართეს და "ბორუსიას" უკანახაზელები, ჰუმელსის თამადობით, აიძულეს, შეცდომები დაეშვათ.

- "ბორუსია" დაცვაში ჩაჯდა და მხოლოდ კარის უსაფრთხოებაზე და თამაშის დამატებულ დროში გადაყვანაზე ზრუნავდა. როისი და ლევანდოვსკი საბოლოოდ გაითიშნენ, ჰუმელსმა და კომპანიამ კი ვერ გაძლეს - რიბერიმ და რობენმა თავისი მაინც გაიტანეს.

დასკვნა
ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი გრანდიოზული გამარჯვებულითა და ღირსეული დამარცხებულით. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ამ "ბაიერნში" საკმაოდ ბევრი რამ შეიცვლება - ჰაინკესი მიდის, გვარდიოლა მოდის.

ჩემპიონთა ლიგა. ფინალი
დორტმუნდი-ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (60), 1:1 გიუნდოგანი (68-პენ), 1:2 რობენი (89)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (90. ნ. შაჰინი), გიუნდოგანი - ბლაშჩიკოვსკი (90. შიბერი), როისი, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი (91. ლუის გუსტავო) - მანჯუკიჩი (94. გომესი).
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
გაფრთხილება: გროსკროიტცი - დანტე, რიბერი
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 11-8; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 12(7)-17(10); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 86 298

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-ბაიერნი 1:2 - ჰაინკესის გუნდის სრული ტრიუმფი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
დანტე იყო გასაგდები! საჯარიმოში მუცელში ჩაარტყა ფეხი. რადგან ფინალია, შეიძლება ასე მოქცევა? კოლინა პირდაპირ წითელს მიცემდა.
Georgi
12:44 27-05-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული