დანიელებს სასწაულმოქმედი მეკარე ჰყოლიათ, რომელიც, შესაძლოა, მთლიანად პირველი ტურის გმირის სტატუსსაც კი იმსახურებდეს.
A ჯგუფი
იუნაიტედი-ლევერკუზენი 4:2
გოლები: 1:0 რუნი (22), 1:1 როლფესი (54), 2:1 ვან პერსი (59), 3:1 რუნი (70), 4:1 ვალენსია (79), 4:2 თოფრაქი (88)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
"ლევერკუზენს" "ოლდ ტრაფორდზე" აკლიმატიზაციისთვის რამდენიმე წუთი დასჭირდა, მერე კი დალაგდა და გერმანელები უეინ რუნის პირველ გოლამდე
"იუნაიტედი" ინტენსიურად უტევდა და ბურთის ფლობის მხრივაც დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ "ბაიერის" კართან საგოლე მომენტი დიდხანს ვერ შექმნა.
გერმანული გუნდი იშვიათად უტევდა, მაგრამ როცა ამას ახერხებდა, შეტევები ქაოსური გამოსდიოდა. სამი ჰიიპიას შეგირდები ბევრ არაზუსტ პასს აკეთებდნენ და დე ხეას კარს ვერ ემუქრებოდნენ.
რუნის გოლის შემდეგ მანკუნიანელებს ხელ-ფეხთან ერთად ტვინიც გაეხსნათ და მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს. ფელაინიმ "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ კარგად იასპარეზა - კერიკთან ერთად შუა ხაზში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
"ლევერკუზენის" გოლი ალოგიკური იყო, რადგან გერმანელებს მანამდე ერთი ხეირიანი მომენტიც კი არ ჰქონდათ შექმნილი. სამაგიეროდ, ლოგიკური იყო ის, რომ როლფესის გოლით გამოწვეული გერმანელების ეიფორია ვან პერსიმ ძალიან მალე, ბრწყინვალე გოლით ჩააცხრო.
მიუხედავად იმისა, რომ მანკუნიანელებმა ამ გოლის შემდეგ ინტენსიური შეტევები შეწყვიტეს, საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე რუნიმ სპაჰიჩის უპატიებელი შეცდომით ისარგებლა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. დარჩენილ დროში გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს, რაც მხოლოდ სტატისტიკისთვის თუ იყო მნიშვნელოვანი.
გაცილებით მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ის, რომ მატჩის შემდეგ ლევერკუზენელები მსაჯ დამირ სკომინას უჩიოდნენ. სლოვენიელმა მართლაც დაუშვა შეცდომები: რუნის გოლის დროს ვერ შეამჩნია, რომ ვალენსია თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ლევერკუზენელთა მეკარე ბერნდ ლენოს ხელს უშლიდა. მერე კი, ერთ ეპიზოდში დონატიზე ვან პერსისთან ორთაბრძოლისას აბსურდული ფოლი დააფიქსირა.
დევიდ მოიესი ("მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი):
"სწორი და კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, რისთვისაც ბიჭები მხოლოდ ქებას იმსახურებენ. მათ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და ჩემი ყველა დავალება სრულყოფილად შეასრულეს".
რუდი ფიოლერი ("ლევერკუზენის" სპორტული დირექტორი): "მსაჯი, რა თქმა უნდა, არ იყო ჩვენი წაგების ერთადერთი ან მთავარი მიზეზი, მაგრამ როცა ფავორიტთან თამაშის დროს არბიტრიც შენ წინააღმდეგ შეცდება, რისი იმედი უნდა გვქონდეს? მატჩის წინ სლოვენიელი მსაჯები სტადიონზე ფოტოებს იღებდნენ - გეკითხებით, სად არის პროფესიონალიზმი? სხვა საქმეა ის, რომ "მანჩესტერისთვის" სერიოზული პრობლემების შექმნა ვერ მოვახერხეთ. მოკლედ, ჩვენც ცუდად ვითამაშეთ და მსაჯმაც დაგვჩაგრა".
სოსიედადი-შახტარი 0:2
გოლები: 0:1 ტეიშეირა (65), 0:2 ტეიშეირა (87)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ალექს ტეიშეირა (შახტარი)
სან სებასტიანში "რეალ სოსიედადის" ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება 30 000-მა ფანმა იზეიმა, მაგრამ ბასკებმა პირველივე თამაში დათმეს. თავიდან "სოსიედადი" დომინირებდა, რადგან დონეცკელებმა თამაში, ცოტა არ იყოს, ნერვიულად დაიწყეს, მაგრამ ბასკებმა უპირატესობა ანგარიშში ვერ ასახეს, რადგან დამაგვირგვინებელ ფაზაში ეფექტიანობა აკლდათ.
ცხადია, ეს "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმაც იყნოსა და შეგირდებს მეორე ტაიმში გაცილებით აგრესიული ფეხბურთის თამაში და შეტევებში თამამად წასვლა დაავალა.
ამან შედეგი გამოიღო: დარიო სრნას ჩაწოდებისა და დუგლას კოშტას თვალსასეირო ტრიუკის შემდეგ ალექს ტეიშეირამ 13 მეტრიდან დონეცკელთა პირველივე რეალური მომენტი გოლად აქცია. შესაბამისი შოკის გადატანის შემდეგ "სოსიედადმა" "შახტარი" ისევ დაწნეხა და უნდა ვთქვათ, რომ ბასკები ანგარიშის გათანაბრებას ნამდვილად იმსახურებდნენ, მაგრამ წინ სიზუსტე აკლდათ, უკან კი ტეიშეირას ვერ იჭერდნენ.
შედეგი: ბრაზილიელმა ბასკებს მეორეც გაუტანა და "სოსიედადს" პირველივე ტურში, საკუთარ მოედანზე მწარე მარცხი აგემა.
ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი):
"პირველ ტაიმში "შახტარს" აშკარად ვჯობდით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ, რისთვისაც მეორე ნახევარში დავისაჯეთ. ვიცოდით, რომ ურთულესი მატჩი გველოდა, მაგრამ გამოჩნდა, რომ ამ თამაშის მოგება შეგვეძლო".
მირჩა ლუჩესკუ ("შახტარის" მთავარი მწვრთნელი): "ტაქტიკური თვალსაზრისით, ძალიან ჭკვიანურად ვითამაშეთ. ზედმიწევნით ზუსტად ვიცოდით, რა ფეხბურთს თამაშობს "რეალ სოსიედადი" და ბიჭებს ხშირად ვუმეორებდი, ბოლომდე მაქსიმალური კონცენტრაციითა და დისციპლინით ითამაშეთ-მეთქი. მიხარია, რომ ყურადღებით მომისმინეს".
B ჯგუფი
გალათასარაი-რეალი 1:6
გოლები: 0:1 ისკო (33), 0:2 ბენზემა (55), 0:3 კ. რონალდო (63), 0:4 კ. რონალდო (66), 0:5 ბენზემა (82), 1:5 უმუთ ბულუთი (84), 1:6 კ. რონალდო (91)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანო რონალდო (რეალი)
"გალათასარაი" პატივსაცემი გუნდია, მაგრამ ის, რაც 17 სექტემბერს "თურქ-ტელეკომ-არენაზე" მოხდა, თურქულI გრანდის ისტორიაში შავ ლაქად და უდიდეს სირცხვილად ჩაიწერება.
მერე რა, რომ ფათიჰ თერიმის გუნდს მეტოქედ თვით მადრიდის "რეალი" ჰყავდა თავისი რონალდოთი და ბეილით - თერიმის განკარგულებაში საკმარისზე მეტი შესანიშნავი ფეხბურთელია იმისათვის, რომ "გალა" "რეალთან" ასე არ შერცხვენილიყო. შესაბამისად, ნუ გამოვრიცხავთ, რომ ახლო ან შორეულ მომავალში ამ მატჩის შესახებ კიდევ მოგვიხდეს წერა - იმედია, ხვდებით, რასაც ვგულისხმობთ...
როგორც იქნა, იკერ კასილიასი ისევ ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ, მაგრამ ნახეთ მისი უიღბლობა: იკერისთვის თამაში მე-14 წუთზე დამთავრდა - თანაგუნდელ სერხიო რამოსთან შეჯახების შემდეგ კასილიასი შესაცვლელი გახდა. თუმცა იმ 14 წუთში იკერმა მაინც მოასწრო იმის დამტკიცება, რომ ჩამოსაწერი არაა: მე-3 წუთზე ფელიპე მელოს შორეული დარტყმა მოიგერია.
ფათიჰ თერიმი ("გალათასარაის" მწვრთნელი):
"ასეთი მატჩის შემდეგ ბევრი ლაპარაკი არ ღირს. ფაქტი ისაა, რომ საშინლად ვითამაშეთ და შევრცხვით. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირველ ტაიმში მადრიდელებს მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდათ, ჩვენ კი - 3-4".
კარლო ანჩელოტი ("რეალის" მწვრთნელი): "როცა რონალდო და ბენზემა კარგ ხასიათზე არიან, "რეალს" მოგება ყოველთვის უადვილდება. ეს ჩვენთვის შესანიშნავი გამარჯვებაა, რომელიც თავდაჯერებას შეგვმატებს".
კოპენჰაგენი-იუვენტუსი 1:1
გოლები: 1:0 იორგენსენი (14), 1:1 კვალიარელა (54)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იოჰან ვილანდი (კოპენჰაგენი)
შარშან "ნორდსიელანდი", წელს საშინელ ფორმაში მყოფი "კოპენჰაგენი" - "იუვენტუსს", უბრალოდ, არ ეხერხება ასეთი თამაშების მოგება და დანიაც კოშმარად ექცა.
სტალე სოლბაკენის გუნდს გაუმართლა, მე-14 წუთზე ანგარიში რომ გახსნა; ტურინელებს კი უპირატესობაჩ ჰქონდათ, საგოლე მომენტებიც და საკმარისი დროც (განსაკუთრებით, ფაბიო კვალიარელას გოლის შემდეგ), მაგრამ ხან მიზანში ვერ ურტყამდნენ, ხანაც (უფრო სწორად, უმეტესად) კოპენჰაგენელთა მეკარე ვილანდი თამაშობდა ბრწყინვალედ.
ტევესი (მე-5 წუთზე), პოგბა (21), ბონუჩი (29), ისევ ტევესი (33-ე და 52-ე), ლიხტშტაინერი (59), პირლო (61), კვალიარელა (64), პოგბა (78) და ტევესი (93) - ეს "იუვეს" მიერ განიავებული მომენტების ავტორების ჩამონათვალია.
ტურინულ გრანდს 16 კუთხური, 42 შეტევა და შვიდი რეალური საგოლე მომენტი არ ეყო იმისათვის, რომ კოპენჰაგენიდან სამი ქულა წაეღო.
სტალე სოლბაკენი ("კოპენჰაგენის" მწვრთნელი):
"პირველ ტაიმში თითქმის სრულყოფილი ფეხბურთი ვაჩვენეთ, რადგან გოლის გარდა, ორი მომენტიც შევქმენით. ამაზე უკეთ თამაში "კოპენჰაგენს" ნამდვილად არ შეუძლია".
ფაბიო კვალიარელა (იუვენტუსი):
"იმედგაცრუებულები ვართ. ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ორი უმნიშვნელოვანესი ქულა დავკარგეთ".
C ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-პსჟ 1:4
გოლები: 0:1 კავანი (19), 1:1 ვაისი (23), 1:2 ტიაგო მოტა (69), 1:3 ტიაგო მოტა (72), 1:4 მარკინიოსი (86)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ტიაგო მოტა (პსჟ)
მატჩის დასაწყისი პსჟ-ს კარგს არაფერს უქადდა - თამაში რამდენიმე წამის დაწყებული იყო, როცა ვლადიმირ ვაისმა შორიდან სირიგუს კარის ძელი მოიკითხა.
"ოლიმპიაკოსი" მომდევნო წუთებშიც დომინირებდა და მე-15 წუთზე პარიზელები ისევ ძელმა (ფუსტერის დარტყმა) იხსნა. თუმცა პსჟ-მ პირველივე ხეირიანი შეტევისას კლასი გამოამჟღავნა და ანგარიში დაუმსახურებლად გახსნა.
ბერძნები არ დაბნეულან, მონდომებით შეუტიეს და ვაისმა მალევე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. თანაც, ბრწყინვალე გოლი გამოუვიდა: ფრანგული გრანდის ორი მცველი გააცურა, ტიაგო სილვას ბურთი ფეხებშუა გაუტარა და სირიგუს მოგერიების შანსი არ დაუტოვა.
როგორც ჩანს, ლორან ბლანმა თავის შეგირდებს შესვენებაზე დროული ლექცია წაუკითხა, რადგან მეორე ნახევარში სულ სხვა, გაცილებით უკეთესი პსჟ ვიხილეთ, რაც საგოლე მომენტებისა და გოლების რაოდენობაშიც აისახა.
ბენფიკა-ანდერლეხტი 2:0
გოლები: 1:0 დურიჩიჩი (4), 2:0 ლუიზაო (30)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუიზაო (ბენფიკა)
"ბენფიკამ" ფავორიტის სტატუსი პირველიდან ბოლო წუთამდე გაამართლა, სწრაფი გოლით დაწინაურდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლისაბონელებმა "ანდერლეხტს" მთელი მატჩის განმავლობაში არაფერი გააბედინეს.
დაცვის ბურჯ ლუიზაოსთან ერთად, რომელმაც გოლიც გაიტანა, ლისაბონელთაგან საუკეთესო იყო ოსკარ კარდოსოც.
D ჯგუფი
ბაიერნი-ცსკა 3:0
გოლები: 1:0 ალაბა (3), 2:0 მანჯუკიჩი (41), 3:0 რობენი (69)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დავიდ ალაბა (ბაიერნი)
ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა "ბაიერნმა" მოსკოვის ცსკა-ს პირველივე წუთებიდან აგრძნობინა, რომ საჩუქრების დარიგებას არ აპირებდა. მიუნხენელებმა მოსკოველებს აგრესიული პრესინგი შესთავაზეს და ცსკა პირველ ათ წუთში რეკორდმაისტერის ნახევარზე არც გადასულა.
ალაბა და რაფინია ფლანგებზე შესანიშნავად მოქმედებდნენ და დროის უმეტესი ნაწილი შეტევებში გაატარეს, რიბერი და რობენი კი ხშირად ცვლიდნენ ფლანგებს.
მოსკოველთა იმედი კონტრიერიშები იყო, მაგრამ ცსკა-ს ამ მხრივაც არაფერი გამოსდიოდა - ვერც მუსა და ვერც ჰონდა წინ ვერაფერს ახერხებდნენ. "ბაიერნმა" მთელი მატჩის განმავლობაში იბატონა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდის ნაკლი მხოლოდ რამდენიმე არაზუსტი პასი იყო.
პლზენი-სიტი 0:3
გოლები: 0:1 ჯეკო (48), 0:2 იაია ტურე (54), 0:3 აგუერო (57)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)
როგორც ჩანს, "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ ორჯერ ჩაფლავების შემდეგ შეცდომებზე ისწავლა, ან მანუელ პელეგრინი რობერტო მანჩინიზე გაცილებით უკეთესი სპეციალისტია.
ყოველ შემთხვევაში, "სიტიმ" ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა ამჯერად მსუყე გამარჯვებით დაიწყო და თანაც, პლზენის "ვიქტორიასთან" მოგებული მატჩის მთავარი გმირები ძველი ფეხბურთელები იყვნენ - ჯეკო, აგუერო და ტურე, რომელმაც ულამაზესი გოლი შეაგდო.
ამ ჯგუფიდან გასვლა "სიტის", წესით, არ უნდა გაუჭირდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ყველა, "ბებერი ქალბატონის" გარდა [VIDEO]