ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტურის წინ: "ბერნაბეუ" ყურადღების ცენტრში

AutoSharing Option
დღის მთავარი მოვლენა უდავოდ "რეალისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებაა.

მერე რა, რომ ტურინელებს მინი-კრიზისი აქვთ, რაც იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურშიც დადასტურდა (2:4 ფლორენციაში) და მერე რა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ტურინელები მადრიდელებს უკვე 4 ქულით ჩამორჩებიან - "რეალი"-"იუვე" მოვლენაა.

A ჯგუფი: რა შეუძლია ლევერკუზენს?
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 2 1 1 0 5-3 4
2. შახტარი 2 1 1 0 3-1 4
3. ლევერკუზენი 2 1 0 1 4-5 3
4. სოსიედადი 2 0 0 2 1-4 0

დისკუსია შტეფან კისლინგის სკანდალური გოლის შესახებ გრძელდება, მაგრამ "ლევერკუზენს" ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში უმნიშვნელოვანესი დუელი აქვს დონეცკის "შახტართან" და კარგი იქნება, თუ "ფარმაცევტები" "ჰოფენჰაიმთან" მომხდარის თავიდან ამოგდებას
მოახერხებენ, რადგან თუ "ბაიერს" ამ ჯგუფიდან გასვლა უნდა, საკუთარ მოედანზე "შახტარი" თითქმის აუცილებლად უნდა დაამარცხოს.

საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელებით დახუნძლულმა უკრაინულმა გრანდმა ორ ტურში 4 ქულა დააგროვა (2:0 სან სებასტიანში, 1:1 "მანჩესტერ იუნაიტედთან") და მესამე ტურის წინ "ლევერკუზენს" ქულით უსწრებს.

ასე რომ, თუ გერმანულმა კლუბმა "შახტარს" შინ ვერ მოუგო, დონეცკში ამის გაკეთება მით უმეტეს გაუჭირდება.

მართალია, "ფარმაცევტები" ბუნდესლიგაში ქულებს სტაბილურად აგროვებენ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ "ლევერკუზენი" სოლიდურად თამაშობს. დიდი შანსია, რომ "ბაიერის" მთავარმა მწვრთნელმა სამი ჰიიპიამ ცუდ ფორმაში მყოფი ბიონიში ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდოს და დაცვის მარცხენა ფლანგზე მის ნაცვლად ემრე ჩანი გაამწესოს.

სასტარტოში ბრუნდება სონი, რომელმაც "ჰოფენჰაიმთან" სანაკრებო პაუზის გამო ვერ იასპარეზა. მოასწრებს თუ არა 24 ოქტომბრის საღამომდე ფეხზე დადგომას ლარს ბენდერი, ამას მატჩის დაწყებისას გავიგებთ, ფაქტი კი ის არის, რომ 24 წლის ბენდერს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

ლევერკუზენი-შახტარი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - დონატი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ჩანი - კასტრო, რაინარტცი, როლფესი - სემი, კისლინგი, სონი.
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, ვ. შევჩუკი - ფერნანდო, ჰიუბშმანი - ტაისონი, ალექს ტეიშეირა, დუგლას კოშტა - ლუის ადრიანო.
არბიტრი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)

* * *
ჯგუფის მთავარ ფავორიტ "მანჩესტერ იუნაიტედს" თავისი პრობლემები აქვს. გასულ უქმეებზე "წითელმა ეშმაკებმა" "საუთჰემპტონს" ვერ სძლიეს (1:1). ინგლისის მოქმედი ჩემპიონი ამჟამად მე-8 ადგილზეა და ლიდერ "არსენალს" 8 ქულით ჩამორჩება.

რა გასაკვირია, რომ მანჩესტერში უკვე დაიწყო დისკუსია დევიდ მოიესის შესახებ.

თავად 50 წლის სპეციალისტიც ამბობს, იმედგაცრუებული ვარო, თუმცა მისი წინამორბედი მოიესს აგულიანებს. სერ ალექს ფერგიუსონს, რომელიც ახლა კლუბის დირექტორია, "იუნაიტედში" სამწვრთნელო დისკუსიის შესახებ არაფრის გაგონება არ სურს - ყველა კლუბს და მწვრთნელს ცოტაოდენი იღბალიც სჭირდება და "იუნაიტედს" ახლა სწორედ ეს აკლიაო.

"იუნაიტედი" 23 ოქტომბერს "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს. ბასკებმა პრიმერადივიზიონში წარუმატებელი სერია (8 მატჩი მოგების გარეშე), ყველასათვის მოულოდნელად, ვალენსიაში 2:1-ზე მოგებით შეწყვიტეს და კარგ ხასიათზე არიან.

იუნაიტედი-სოსიედადი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ჯონსი, ევანსი, ევრა - ქერიკი, ფელაინი - ნანი, რუნი, იანუზაი - ვან პერსი.
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, გონსალესი, ი. მარტინესი, დელა ბელა - ბერგარა, ზურუტუზა - კასტრო, ველა, გრიზმანი - აგირეჩე.
არბიტრი: ბას ნიიჰუისი (ჰოლანდია)

B ჯგუფი: ტოპ-მატჩი ბერნაბეუზე, მანჩინი სამ ქულას გეგმავს
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 2 2 0 0 10-1 6
2. იუვენტუსი 2 0 2 0 3-3 2
3. კოპენჰაგენი 2 0 1 1 1-5 1
4. გალათასარაი 2 0 1 1 3-8 1

ჯერ "იუვენტუსი", მერე "ბარსელონა" - "რეალს" ამ კვირაში ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მადრიდელები "კლასიკოს" უფრო დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ, რადგან ჩემპიონთა ლიგაში მეორეადგილოსან "იუვესთან" 4-ქულიანი უპირატესობა აქვთ.

რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს: რაკი "ბარსამ" (0:0 "ოსასუნასთან") და "ატლეტიკომ" (0:1 "ესპანიოლთან") წაიფორხილეს, ხოლო "რეალმა" "მალაგა" 2:0 დაამარცხა, კარლო ანჩელოტის გუნდმა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორა.

"იუვენტუსი" კი ფლორენციაში გამწარდა - ტურინელები "ფიორენტინას" 2:0-ს უგებდნენ და 2:4 დამარცხდნენ.

"იუვენტუსისთვის" არტურო ვიდალის არყოფნა ძალიან სერიოზული დანაკლისია - ამ უკანასკნელს ძირითად შემადგენლობაში ისევ პოლ პოგბა შეცვლის. კონტეს განკარგულებაში არც ლიხტშტაინერია, რომლის ნაცვლად მარჯვენა ფლანგზე ალბათ ისლას ვიხილავთ.

23 ოქტომბერი
რეალი-იუვენტუსი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო - ილიარამენდი, ხედირა - დი მარია, ისკო, კ. რონალდო - ბენზემა.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ისლა, პოგბა, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ლორენტე, ტევესი.
არბიტრი: მანუელ გრეფე (გერმანია)

* * *
იტალიის ჩემპიონმა ორივე მატჩი ფრედ დაასრულა და იტალიელების მადრიდში წაფორხილებას, პირველ რიგში, "გალათასარაი" ელოდება, რომელიც "კოპენჰაგენს" მასპინძლობს. "გალამ" გასულ უქმეებზე "ქარაბიუქი" 2:1 დაამარცხა.

"ეს გამარჯვება ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. "კოპენჰაგენს" საკუთარ მოედანზე ვეთამაშებით და მხოლოდ სამი ქულა დაგვაკმაყოფილებს," - აცხადებს "გალას" თავკაცი რობერტო მანჩინი.

მიუხედავად "ქარაბიუქთან" გამარჯვებისა, "გალათასარაი" თურქეთის ჩემპიონატში მაინც მე-10 ადგილზეა. თავის მხრივ, შიდა ჩემპიონატში ცუდად გამოიყურება "კოპენჰაგენიც".

გალათასარაი-კოპენჰაგენი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა - სარიოღლუ, შედიუ, კაია, ბალთა - ფელიპე მელო, სელჩუკ ინანი, გიულზელამი - სნეიდერი - დროგბა, ბ. ილმაზი.
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, რემერი - ვეტოკელე, კლაუდემირი, დელანი, გისლასონი - იორგენსენი, სანტინი.
არბიტრი: ალექსანდარ სტავრევი (მაკედონია)

C ჯგუფი: პარიზელთა მორიგი იოლი გასეირნება?
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 2 2 0 0 7-1 6
2. ოლიმპიაკოსი 2 1 0 1 4-4 3
3. ბენფიკა 2 1 0 1 2-3 3
4. ანდერლეხტი 2 0 0 2 0-5 0

C ჯგუფში პსჟ დამაჯერებლად ასპარეზობს. პარიზელებმა "ოლიმპიაკოსსაც" იოლად მოუგეს (4:1) და "ბენფიკასაც" (3:0), ახლა კი უქულოდ მყოფ "ანდერლეხტს" სტუმრობენ და თუ მესამე თამაშსაც მოიგებენ, თამამად ვიტყვით, რომ პსჟ ცალი ფეხით მერვედფინალშია.

ანდერლეხტი-პსჟ 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
ანდერლეხტი (4-2-3-1): კამინსკი - ჟილე, მანგულუ, კუიატე, ნ’საკალა - კლიესტანი, მილივოიევიჩი - ბრუნო, პრო, მ. სუარესი - მიტროვიჩი.
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, მარკინიოსი, მაქსველი - ვერატი, მოტა, მატუიდი - კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი.
არბიტრი: დავიდ ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი)

* * *
აი, "ბენფიკასა" და "ოლიმპიაკოსს" შორის მძიმე ბრძოლას ველით, რადგან ორივეს სამი ქულა და ჯგუფიდან გასვლის ამბიცია აქვს.

ბენფიკა-ოლიმპიაკოსი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-3-3): მორაეში - ალმეიდა, გარაი, ლუიზაო, სიკუეირა - ფეისა, მატიჩი, პერესი - ჯურიჩიჩი, კარდოსო, გაიტანი.
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): რობერტო - მანიატისი, მანოლასი, სიოვასი, ბონგი - სამარისი, ნდინგა - ვაისი, სავიოლა, ფუსტერი - მიტროღლუ.
არბიტრი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

D ჯგუფი: ცსკა სიტის ემუქრება, ბაიერნი დამკაში?
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 2 2 0 0 6-1 6
2. სიტი 2 1 0 1 4-3 3
3. ცსკა 2 1 0 1 3-5 3
4. პლზენი 2 0 0 2 2-6 0

მოსკოვის ცსკა-სა და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.

ქალაქელებმა ამ უქმეებზე პრემიერლიგაში პირველად მოიგეს გასვლითი მატჩი (3:1 ვესტ ჰემთან) და მოსკოვშიც, მინიმუმ, არ უნდა დამარცხდნენ. ცსკა კი პარასკევს "ზენიტთან" 0:2 დამარცხდა და რუსეთის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა.

იმის გამო, რომ "ლუჟნიკიზე" სარემონტო სამუშაოებია, ეს შეხვედრა ხიმკიში გაიმართება.

ცსკა-სიტი 20:00
სავარაუდო შემადგენლობები
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ნაბაბკინი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი - ვერნბლუმი, ჰონდა - ტოშიჩი, ზუბერი, მილანოვი - მუსა.
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, ნასტასიჩი, ლესკოტი, კოლაროვი - ფერნანდინიო, იაია ტურე - ნასრი, აგუერო, სილვა - ნეგრედო.
არბიტრი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

* * *
ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი "ბაიერნს" ძალიან მარტივი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი: ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული აუტსაიდერ "პლზენს" მასპინძლობს.

ბავარიელებს ამ თამაშის მოგება დაცვაში შექმნილი საკადრო პრობლემების მიუხედავადაც არ უნდა გაუჭირდეთ - ჟერომ ბოატენგი დისკვალიფიცირებულია, დანტე კი დაშავდა.

ბევრისთვის მოულოდნელად, ხოსეპ გვარდიოლამ "მაინცთან" დაცვის ცენტრში დანტეს ნაცვლად არა ვან ბუიტენი ან კირხჰოფი, არამედ ალაბა შეიყვანა, რომელსაც ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება არ აქვს. რაკი ავსტრიელმა ეს მალევე გამოამჟღავნა, მერე დაცვის ცენტრში კონტენტო გაამწესა, რომელიც ასევე არაა ამ პოზიციის სპეციალისტი და მხოლოდ ბოლოსღა შეიყვანა კირხჰოფი.

საინტერესოა, რომელ წყვილს ათამაშებს პეპი დაცვის ცენტრში "პლზენთან".

ბაიერნი-პლზენი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, კირხჰოფი, ალაბა - ლამი - რობენი, შვაინშტაიგერი, ტ. კროოსი, რიბერი - თ. მიულერი.
პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რაიტორალი, ჩისოვსკი, ჰუბნიკი, რეზნიკი - ჰორავა, ჰორვატი - პეტრჟელა, კოლარი, კოვარიკი - ბაკოსი.
არბიტრი: ალან კელი (ირლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული