ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტურის წინ: VINCERE O MORIRE!

AutoSharing Option
შეიძლება მადრიდის "რეალს", ფაქტობრივად, განაღდებული აქვს ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ "სამეფო გუნდის" ტურინში ვიზიტი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია და 5 ნოემბერს, დღის მატჩიც სწორედ "იუვენტუს სთედიუმზეა".

არანაკლებ საინტერესოა "მანჩესტერ იუნაიტედის" საგარეო თამაში სან-სებასტიანშიც.

A ჯგუფი: ნერვების თამაში ანოეტაზე
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 3 2 1 0 6-3 7
2. ლევერკუზენი 3 2 0 1 8-5 6
3. შახტარი 3 1 1 1 3-5 4
4. სოსიედადი 3 0 0 3 1-5 0

დევიდ მოიესის შეგირდებმა ბოლო ორ კვირაში აშკარად მოუმატეს და ამ ჯგუფსაც ლიდერობენ. თუმცა "წითელი ეშმაკები" მაინც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან წაგება მათ არცთუ სახუმარო პრობლემებს შეუქმნის.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ფრეც არ
იქნება დიდად სასიხარულო შედეგი, რადგან შემდეგ "იუნაიტედს" კარგ ფორმაში მყოფ "ლევერკუზენთან" სტუმრობა და ბოლო ტურში "შახტართან" მასპინძლობა უწევს.

არ მგონია, რომ ინგლისელებს რაიმენაირად აწყობდეთ დონეცკელებთან მატჩამდე ისე მივიდნენ, რომ იმ შეხვედრაში მათი ჯგუფში ჩარჩენის საფრთხე იყოს. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის ბასკეთიდან 3 ქულის წაღებაა საჭირო, მაგრამ ეს თქვენ ადვილი ხომ არ გგონიათ?

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ "სოსიედადი" არც ისეთი უსუსური და სუსტია, როგორც ეს შედეგებიდან ჩანს.

ამ ახალგაზრდულმა და სიმპათიურმა გუნდმა მანჩესტერელები "ოლდ ტრაფორდზეც" ანერვიულა და რატომ არ შეიძლება, რომ მეტოქის ნერვებზე "ანოეტაზე" უფრო მეტად ითამაშოს? ვეცდები, ამ კითხვებს თავადვე გავცე პასუხი - სან-სებასტიანში მოგება ადვილი ნამდვილად არ არის და გარდატეხის ასაკის მქონე ბავშვივით გარდამავალ პერიოდში მყოფ "იუნაიტედს" ნამდვილად ელის ნერვიულობა.

მეტიც, პირადად მე გამოვრიცხავ იმას, რომ "სოსიედადმა" ჯგუფი უქულოდ დაასრულოს, მაგრამ საკითხავი ის არის, თუ ვის გაამწარებენ ხაგობა არასატეს შეგირდები.

სოსიედადი-იუნაიტედი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, გონსალესი, ი. მარტინესი, ანხელი - პერდო, ზურუტუზა - კასტრო, პრიეტო, გრიზმანი - სეფეროვიჩი.
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ჯონსი, ვიდიჩი, ევრა - გიგსი, ფელაინი - ვალენსია, კაგავა, იანუზაი - ვან პერსი.
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

* * *
მარტივად არის საქმე "დონბას არენაზე" გასამართ შეხვედრაში - გერმანიაში შერცხვენის შემდეგ "შახტარმა" "ლევერკუზენზე" შური უნდა იძიოს, სამი ქულა ჩაიჯიბოს და მირჩა ლუჩესკუს ისევ კარგი შანსი დარჩება ჯგუფიდან გასვლის.

თუ მატჩი ფრედ დამთავრდა, უკრაინელები გვარიანად გაირთულებენ ცხოვრებას და სხვებზე დამოკიდებულნი გახდებიან. აი, წაგების შემთხვევაში კი, შეგვეძლება, რომ მათ დავემშვიდობოთ.

"ლევერკუზენმა" ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში "ბრაუნშვაიგთან" წააგო და "ბაიერნი" 4 ქულით წინ გაუშვა, ხოლო "დორტმუნდი" - სამით.

როგორც ჩანს, სამი ჰიიპია ამ მატჩისთვის ემზადებოდა, რომლის მნიშვნელობაც მას ჩვენზე უკეთ ესმის.

შახტარი-ლევერკუზენი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - ილსინიო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი - ფერნანდო, სტეპანენკო - ტაისონი, ალექს ტეიშეირა, დუგლას კოშტა - ლუის ადრიანო.
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - ჰილბერტი, თოფრაქი, ვოლშაიდი, ბიონიში - კასტრო, ლ. ბენდერი, როლფესი - სემი, კისლინგი, კრუზი.
არბიტრი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

დარჩენილი მატჩები
ლევერკუზენი-იუნაიტედი 27.11
შახტარი-სოსიედადი 27.11
იუნაიტედი-შახტარი 10.12
სოსიედადი-ლევერკუზენი 10.12

B ჯგუფი: ტურინში დიქტატორების სული ტრიალებს
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 3 3 0 0 12-2 9
2. გალათასარაი 3 1 1 1 6-9 4
3. იუვენტუსი 3 0 2 1 4-5 2
4. კოპენჰაგენი 3 0 1 2 2-8 1

"იუვენტუსი"-"რეალი" მართლაც დიდი დაპირისპირებაა, ორი დიადი გუნდის დუელი. თუმცა, სიმართლეს თვალს თუ გავუსწორებთ, ეს შეხვედრა მასპინძელთათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სტუმრებისთვის.

"ბებერი ქალბატონის" ვერმოგება ფიასკოა, ხოლო "სამეფო გუნდისთვის" წაგება არასასიამოვნო იქნება, მაგრამ არა კატასტროფა და ტრაგედია.

ვიცით, რომ 90%-ით "რეალი" მაინც გასულია და თანაც, პირველი ადგილით. იმ 10%-საც, უბრალოდ, ზრდილობის გულისთვის ვიტოვებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მადრიდელები რაიმეს დათმობენ. მათ ტურინში ვიზიტები ისე მწარედ ახსოვთ, რომ ბოლო-ბოლო, ბრძოლა პრინციპის საკითხია...

1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ, რომელშიც ერთმანეთს იტალია და უნგრეთი ხვდებოდნენ, "სკუადრა აძურას" ფეხბურთელებმა ბენიტო მუსოლინის მოკლე გზავნილი მიიღეს - vincere o morire - ანუ "გამარჯვება ან სიკვდილი".

დღეს დუჩეს მაგივრობა შესაძლოა ანტონიო კონტემ გასწიოს და თავის ფეხბურთელებს ეს სიტყვები უთხრას, რადგან ეს აქტუალურია და რეალობაა - "იუვენტუსმა" "ფრანკოს რეალს" უნდა მოუგოს.

აქ უბრალოდ ვენდეტაზე არ არის საუბარი; საქმე ისაა, რომ კარგად თუ გადავხედავთ შესაძლო და მით უმეტეს, პროგნოზირებად ვარიანტებს, დღეს "იუვესთვის" ფრესა და წაგებას ზუსტად ერთი ფასი აქვს და ამ შემთხვევაში გუნდი იმის იმედად დარჩება, რომ "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3 ქულას არ აჩუქებს "გალათასარაის".

კონტემ მადრიდში 4-მცველიანი ტაქტიკით ითამაშა და გუნდი ცუდად არ გამოიყურებოდა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს "მწვრთნელი-დიქტატორი" ამჯერად. ფაქტია, ბოლო პერიოდში ტურინელებს ლაღად თამაში უჭირთ. მათ პარმაში ძალიან მძიმე ბრძოლა გადახდათ თავს და კლასის ხარჯზე მოიგეს - მინდორზე ერთი წუთის შემოსული ფაბიო კვალიარელას ჯადოქრულ დარტყმას პოლ პოგბამ დაამატა.

ესეც თემაა... თუ ვინ იქნება კარლოს ტევესის მეწყვილე თავდასხმაში.

რაც შეეხება კარლო ანჩელოტის, იგი სამშობლოში საბრძოლო შემადგენლობითა და განწყობით ჩავიდა. ცხადია, ენდომება, რომ ყოფილი გუნდი ისევ დაამარცხოს და ექსშეგირდს ერთგვარი "მოსწავლისა და მასწავლებლის" ტაქტიკური პაექრობა მოუგოს.

ისე, "რეალმა" ბოლო 2 თამაშში 10 გოლი გაიტანა, მაგრამ 5 გაუშვა. "იუვემ" კი მადრიდელების მერე 3 მატჩი მოიგო, 7 ბურთი გაიტანა და არცერთი არ გაუშვია.

7 გოლი კარგია, მაგრამ 7 "რეალის" რიგებიდან მარტო კრიშტიანო რონალდოს აქვს გატანილი 3 შეხვედრაში და მონაგარის გაზრდას ის ტურინშიც უცილობლად შეეცდება.

P.S. იტალიამ უნგრეთს 4:2 მოუგო.

იუვენტუსი-რეალი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - კასერესი, ბარძალი, ბონუჩი, ოგბონა - ვიდალი, პოგბა, პირლო - მარკიზიო - ლორენტე, ტევესი.
რეალი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო - მოდრიჩი, ჩაბი ალონსო, ხედირა - დი მარია, ბენზემა, კ. რონალდო.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

* * *
"კოპენჰაგენისთვის" თითოეული გოლი და ქულა ზეიმია. ეს გუნდი არც ისე ხელწამოსაკრავი და ადვილად წასაქცევია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მით უმეტეს, "პარკენზე".

დანიელებს სულ არ აღელვებთ სხვების ამბიციები და თავისას ითამაშებენ.

თუმცა "გალათასარაის" წამითაც არ უნდა, მოგების გარდა, რაიმე სხვა შედეგის გაფიქრება. რობერტო მანჩინის შეგირდებმა აუცილებლად უნდა მოიგონ, ტურინში "რეალის" იმედი ჰქონდეთ და მერე იფიქრონ ბოლო ტურის თამაშზე, რომელიც "ალი სამი იენიზე" "გალასა" და "იუვენტუსს" შორის გაიმართება და ალბათ, ყველაფერს გადაწყვეტს.

ვნახოთ, ვინ იქნება იმ მომენტისთვის უფრო ხელსაყრელ პოზიციაში.

გალათასარაი-კოპენჰაგენი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი - ბრაატენი, კლაუდემირი, ბოლანიოსი, გისლასონი - იორგენსენი, ვეტოკელე.
გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა - ებუე, შეჯუ, კაია, სარიოღლუ - ფელიპე მელო, სელჩუკ ინანი, გიულზელამი - სნეიდერი - დროგბა, ბ. ილმაზი.
არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

დარჩენილი მატჩები
რეალი-გალათასარაი 27.11
იუვენტუსი-კოპენჰაგენი 27.11
კოპენჰაგენი-რეალი 10.12
გალათასარაი-იუვენტუსი 10.12

C ჯგუფი: ფრთხილად! მინდორზე ავი მიტროღლუა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 3 3 0 0 12-1 9
2. ოლიმპიაკოსი 3 1 1 1 5-5 4
3. ბენფიკა 3 1 1 1 3-4 4
4. ანდერლეხტი 3 0 0 3 0-10 0

პსჟ-ს, "რეალთან" ერთად, ყველაზე მეტი (12) გოლი აქვს გატანილი და "ბაიერნთან" ერთად, ყველაზე ცოტა (1) გაშვებული. ლორან ბლანის შეგირდები დაფრინავენ და ალბათ, ისევ შავ დღეში ჩააგდებენ "ანდერლეხტს", რომლის გრაფებშიც, ძირითადად, ნულებია.

ბრიუსელელებმა ისიც კი მოახერხეს, რომ 3 მატჩის მერე მათ გაშვებული ბურთების გრაფაშიც ნულია, ოღონდ წინ ერთიანით.

ერთადერთი სასიხარულო სტუმრებისათვის ის გახლავთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიკროტრავმა აქვს და ალბათ, დასვენებას გადაწყვეტს.

პსჟ-ანდერლეხტი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, მარკინიოსი, მაქსველი - ვერატი, მოტა, მატუიდი - კავანი, ლუკასი, ლავეცი.
ანდერლეხტი (4-2-3-1): კამინსკი - ჟილე, ნიუტინკი, კუიატე, ნ’საკალა - კლიესტანი, მილივოიევიჩი - ბრუნო, პრეტი, აჩემპონგი - მიტროვიჩი.
არბიტრი: მარიიო სტრაჰონია (ხორვატია)

* * *
ჯგუფის მთავარი თამაში პირეოსშია, "გეორგიოს კარაისკაკიზე". "ბენფიკა" ზედიზედ მეორე სეზონში ჯგუფში ჩარჩენის საფრთხის წინაშეა და რამე უნდა იღონოს. ეს რამე კი მინიმუმ ფრე იქნება, თანაც, სასურველია, შედეგიანი.

ვინ იცის, გუნდებმა ტურნირი ერთნაირი ქულებით დაასრულონ. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიაში "ოლიმპიაკოსი" 83-ე წუთამდე იგებდა და უკეთაც გამოიყურებოდა, მაგრამ ლისაბონელებს გაუმართლათ და ქულის გადარჩენა შეძლეს.

ახლა კი ჟორჟე ჟესუსის ამჟამად ცოტა არეულ გუნდს ურთულესი თამაში აქვს წინ. თუ რა ხდება ხოლმე საბერძნეთში ტრიბუნებზე, მშვენივრად მოგეხსენებათ.

მიჩელის გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა კვლავაც საუცხოო ფორმაში მყოფი კოსტას მიტროღლუ იქნება - ლიგაზე მას უკვე 3 გოლი მოუგროვდა, ხოლო ჩემპიონატში გამართულ 9 შეხვედრაში 13-ჯერ გაიტანა.

ლისაბონში მას გოლი გაუუქმეს და ორი მომენტი ვერ გამოიყენა. ამის გამო გაავებული და მეტოქის კარზე დაგეშილი იქნება, ეს კი სახიფათოა.

ოლიმპიაკოსი-ბენფიკა 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): რობერტო - სალინო, მანოლასი, სიოვასი, ჰოლებასი - სამარისი, მანიატისი - ვაისი, დომინგესი, ფუსტერი - მიტროღლუ.
ბენფიკა (4-3-3): მორაესი - ალმეიდა, გარაი, ლუიზაო, სიკუეირა - ფეისა, მატიჩი, პერესი - ჯურიჩიჩი, კარდოსო, გაიტანი.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)

დარჩენილი მატჩები
ანდერლეხტი-ბენფიკა 27.11
პსჟ-ოლიმპიაკოსი 27.11
ბენფიკა-პსჟ 10.12
ოლიმპიაკოსი-ანდერლეხტი 10.12

D ჯგუფი: "პლზენს" ლუდიც არ უშველის
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 3 3 0 0 11-1 9
2. სიტი 3 2 0 1 6-4 6
3. ცსკა 3 1 0 2 4-7 3
4. პლზენი 3 0 0 3 2-11 0

დღევანდელ ჯგუფებში ყველაზე მარტივად სიტუაცია სწორედ აქ არის. "სიტიმ" საკუთარ კედლებში, უბრალოდ, უნდა მოუგოს ცსკა-ს და თავის ტანჯვასაც დაუსვას წერტილი და მოსკოველებისაც.

ინგლისელებს ბოლო-ბოლო ეღირსებათ ჯგუფიდან გასვლა. თუმცა "არმიელები" შეეცდებიან, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამართონ.

სიტი-ცსკა 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ სიტი (4-4-2): პანტილიმონი - საბალეტა, ნასტასიჩი, დემიკელისი, კოლაროვი - ფერნანდინიო, იაია ტურე, ნავასი, სილვა - აგუერო, ჯეკო.
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ნაბაბკინი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი - ვერნბლუმი, მილანოვი - ტოშიჩი, ჰონდა, მუსა - დუმბია.
არბიტრი: კარლოს ველასკო კარვალიო (ესპანეთი)

* * *
აი, "ბაიერნი" კი ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე გასული იყო და აბა, ახალი რა გითხრათ? "პლზენი" კარგს არაფერს უნდა ელოდოს, თუ, რა თქმა უნდა, წინა დღეს მიუნხენელებმა უჩუმრად არ მიირთვეს ჩეხური ლუდი ჭარბი დოზით.

თუმცა გერმანელებს თავიანთი ლუდიც ისეთი აქვთ, რომ... "პლზენს" ამაშიც არ გაუმართლა.

პლზენი-ბაიერნი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რაიტორალი, ჩისოვსკი, პროზაჩკა, ლიმბერსკი - ჰორავა, ჰორვატი - პეტრჟელა, კოლარი, კოვარიკი - ბაკოში.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - მარტინესი - თ. მიულერი, შვაინშტაიგერი, ტ. კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი.
არბიტრი: ანტონიო მატეუ ლაჰოზი (ესპანეთი)

დარჩენილი მატჩები
ცსკა-ბაიერნი 27.11
სიტი-პლზენი 27.11
პლზენი-ცსკა 10.12
ბაიერნი-სიტი 10.12

გიორგი კაკაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გურამ ფანჯიკიძის წიგნიდან-,,დინამო,დინამო,დინამო!,,

ინგლისური,,ტაიმსი,,1981წლის 5 მარტს:
,,ვესტ ჰემი,,თითქოს გააოცაო უბრწყინვალეს კინოვარსკლავებთან შეხვედრამ,მაგრამ მათ შორის მართლაც იყო ერთი ტანადი,ულვაშებიანი და თნაშეთხელებული ვაჟკაცი,რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებდა ასეთ რეპუტაციას.ეს გახლდათ ყიფიანი,რომელიც თავისი მოხდენილი გრძელი ფეხებით,,ეპტონ პარკში,,ისე დააბიჯებდა ,როგორც სოფლის სკოლის დირექტორი თავის სამფლობელოში,თავის თეთრ-ლურჯ პარტნიორებთან ერთად...
,,ტაიმსი,, 6 მარტი
,,ვესტ ჰემს,,ახლა აქვს თბილისელებთან განვლილი მატჩის ვიდეოჩანაწერი.გუნდის მენეჯერმა ჯ.ლაიოლმა ამ ფილმს ასე უწოდა:,,აი,როგორ უნდა ფეხბურთის თამაში,,.
,,სანი,, 5 მარტი
სუპერმენები(დინამოზე)ლაიოლს სუნთქვაშეკრულს ტოვებენ
ლაიოლი-კონტინენტზე ბევრი გუნდი მინახავს,მაგრამ ,,დინამოზე,,უკეთესი არა!
...მათ აქვთ ყველაფერი-გონიერება,ტექნიკა...(დღეს ორივე გვაკლია!)ამ დღეს ჩვენ რაღაც ვისწავლეთ და ეს უნდა გამოვიყენოთ.
,,დეილი მეილი,, ,5 მარტი
,,ამ დამარცხებაში ვესტ ჰემს ვერ დაანაშაულებ.თბილისელებს,რომლებმაც შარშან ლივერპული დაამარცხეს.ჰყავთ ისეთი მაღალი უმაღლესი დონის ფეხბურთელი,როგორიც ალექსანდრე ჩივაძეა.იგი ბურთს ისე ფლობს და ათამაშებს,როგორც ბეკენბაუერის კლასს შეეფერება;ანდა ტანმაღალი ნახევარმცველი დავით ყიფიანი,როლის გამოცდილებამაც დაჩრდილა ტრევორ ბრუკინგი...
,,დეილი ექსპრესი,, 5 მარტი
,,დინამო,,ცეკვავდა ვალსს(!),ქსოვდა სასწაულებრივ მოძრაობებს(!
akhali
13:14 05-11-2013
0
დავით ყიფიანი ნოდარ ახალკაცზე ,,ფეიენოორდთან,,როტერდამში მატჩის წინ თვიმფრინავში გ.ფანჯიკიძესთან ინტერვიუში:
ნოდარ ახალკაცში ორი რამ არის შერწყმული:დიდი პროფესიონალიზმი და თავისი საქმის ფანატიკური სიყვარული(დღეს არერთი ეს თვისებები არცერთ ფეხბურთელში არ დევს).იგი ყველას -უფროსებსაც და მით უმეტეს,უმცროსებსაც აძლევს თავდადების,საქმისადმი სერიოზული,პატიოსანი დამოკიდებულების მაგალითს(დღეს ეს თვისებები რომელ სპორტსმენშია?მწვრთნელში?))
akhali
13:13 05-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული