ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. C ჯგუფი: რობერტომ "ბენფიკა" ჯგუფში ჩატოვა? [VIDEO]

AutoSharing Option
რა მოხდა პარიზში, ძნელი სათქმელი და გასააზრებელია. კი, ეს ფრე ლორან ბლანის გუნდისთვის ტრაგედია არ არის, მაგრამ არც სასიხარულოა.

მით უმეტეს - გუნდთან, რომელსაც იქამდე ერთი გოლიც არ ჰქონდა გატანილი.

არადა, პარიზელები კარგ ხასიათზე უნდა ყოფილიყვნენ - ჯერ ერთი, სათამაშო ფორმის გამო და მერე მეორე, იმიტომ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიკროტრავმა მოიშუშა და ექიმებმა მატჩამდე ტიაგო სილვასაც მწვანე აუნთეს, კაპიტანი დაახლოებით თვენახევრიანი პაუზის მერე დაბრუნდა.

როგორც ჩანს, დედაქალაქელებს მოტივაცია მაინც ცოტათი დააკლდათ და ეს ერთ-ერთი ყველაზე უსახური მატჩი იყო, რომელიც პსჟ-მა
ამ სეზონში ჩაატარა. მიუხედავად ამისა, გუნდს შანსები ჰქონდა და სწორი ყოფილა ბლანი, როდესაც ამბობდა, რომ პირველ რიგში, მომენტების რეალიზაციას უნდა მივხედოთო.

ბელგიელებს "პარკ დე პრენსზე" ნელ-ნელა გაუტკბათ და 68-ე წუთზე წინაც გავიდნენ - საშა კლიესტანისა და დენის პრეტის აქტიურობას დემი დე ზეუვის გოლი მოჰყვა.

აქ უკვე პსჟ სინდისმა შეაწუხა და 2 წუთში ანგარიში 1:1 იყო, ზლატანმა გაისროლა. თუმცა, მცდელობების მიუხედავად, მასპინძლებმა მეტი ვეღარაფერი ქნეს, მათ არც კლიესტანის გაძევებამ უშველა - ამერიკელმა ხელით ითამაშა და მეორე ყვითელი მიიღო.

პსჟ-მა ახლა მიჩელის "ოლიმპიაკოსთან" უნდა დაამტკიცოს, რომ ჯგუფში პირველი ადგილი მას ეკუთვნის.

ლისაბონის "ბენფიკა" შავ დღეშია, გუნდი ზედიზედ მეორე სეზონში ჯგუფში ჩარჩენასთან ერთ ნაბიჯშია.

როგორც მოსალოდნელი იყო, პორტუგალიელებს საბერძნეთში მძიმე დახვედრა მოუწყვეს და "ოლიმპიაკოსი" უკვე მე-13 წუთზე იგებდა - იოზე ჰოლებასმა კოსტას მანოლასს უპასა, რომელმაც მძლავრი თავურით უშანსოდ დატოვა არტურ მორაეში.

ბერძნებმა ტალღა დაიჭირეს და მალევე სურდათ კიდევ გატანა, თუმცა პორტუგალიელთა სანაქებოდ უნდა ვთქვათ, რომ ისინი არ გატყდნენ და ჯერ თამაში გაათანაბრეს, შემდეგ კი დიდი უპირატესობაც მოიპოვეს.

საბოლოო ჯამში, ჟორჟე ჟესუსის შეგირდებმა ძალიან ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ ბრწყინვალე იყო მასპინძელთა მეკარე რობერტო ხიმენესი, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მან ბევრჯერ იხსნა თავისი გუნდი და პირეოსელებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს.

ახლა "ბენფიკა" რთული მისიის წინაშეა - ბერძნებზე მეტი ქულა უნდა დააგროვოს, თორემ ურთიერთშეხვედრებამდე თუ მიდგა საქმე, დაიჩაგრება.

ბოლო ტურში "ოლიმპიაკოსი" "ანდერლეხტს" მასპინძლობს და თუ მოიგო, გასულია... ასე რომ, თავად განსაჯეთ, ვის როგორი შანსები აქვს.

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. C ჯგუფი
პსჟ-ანდერლეხტი 1:1
გოლები: 0:1 დე ზეუვი (68), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (70)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, მარკინიოსი (62. ტიაგო სილვა), მაქსველი - მატუიდი, მოტა, ვერატი (76. მენეზი) - ლავეცი (75. პასტორე), ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი.
ანდერლეხტი (4-2-3-1): კამინსკი - ვანდენ ბორე, მბემბა, კუიატე, დეშახტი - კლიესტანი, მილივოიევიჩი - დე ზეეუვი (90+1. ნიუტინკი), პრეტი (79. აჩეამპონგი), ნსაკალა - მიტროვიჩი (87. ტილემანსი).
არბიტრი: მარიიო სტრაჰონია (ხორვატია)
გაფრთხილება: - კლიესტანი, მილივოიევიჩი, კამინსკი
გაძევება: კლიესტანი (82)
კუთხური: 8-3 ჯარიმა: 14-19 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 18-7(10-4) ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 43 091
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ოლიმპიაკოსი-ბენფიკა 1:0
გოლი: 1:0 მანოლასი (13)
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): რობერტო - სალინო, მანოლასი, სიოვასი, ჰოლებასი - სამარისი, მანიატისი - იატაბარე (56. ნდინგა), სავიოლა (46. ა. დომინგესი), ფუსტერი (74. ბონგი) - მიტროღლუ.
ბენფიკა (4-2-3-1): მორაეში - პერეირა, გარაი, ლუიზაო, სილვიო - მატიჩი, პერესი - ლ. მარკოვიჩი (73. ჯურიჩიჩი), გაიტანი, რუბენ ამორიმი (79. ივან კავალეირო) - კარდოსო (71. ლიმა)
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)
გაფრთხილება: პერეირა, მატიჩი, იატაბარე, რუბენ ამორიმი, რობერტო, ნდინგა, ა. დომინგესი
კუთხური: 2-6 ჯარიმა: 17-18 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 6-13(2-9) ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 31 461
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 4 3 1 0 13-2 10
2. ოლიმპიაკოსი 4 2 1 1 6-5 7
3. ბენფიკა 4 1 1 2 3-5 4
4. ანდერლეხტი 4 0 1 3 1-11 1

მომდევნო ტური
27 ნოემბერი.
ანდერლეხტი-ბენფიკა; პსჟ-ოლიმპიაკოსი

გიორგი კაკაბაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული