"იუვენტუსი"-"რეალის" გამოხმაურება: პარადოქსი - კონტე "იუვეს" ბოლო ადგილს ულოცავს [VIDEO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი", ალბათ, ერთადერთი გუნდია, რომელიც შეიძლება ჯგუფში ბოლო ადგილზე გადავიდეს და ეს მისთვის უკეთესი გახლდეთ. იტალიის ნაკრების საკლუბო განსახიერებამ მორიგი ფრე ითამაშა და იმის გამო, რომ დანიაში "კოპენჰაგენმა" "გალათასარაის" მოუგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, "ბებერი ქალბატონი" უკანასკნელ პოზიციაზე აღმოჩნდა.

პარადოქსია, მაგრამ იტალიელებს ეს უნდა გახარებოდათ, რადგან "გალამ" ქულები დაკარგა და ახლა "იუვე" ისევ თავის თავზეა დამოკიდებული.

მწვრთნელები
ანტონიო კონტეს შეგირდებს რომც წაეგოთ, რეალურად ზუსტად იგივე მდგომარეობაში იქნებოდა. "იუვეს" 4 ან 6 ქულა სჭირდება ჯგუფიდან გასასვლელად.
თუმცა რატომ უნდა წაეგოთ, როცა გუნდს არც მადრიდში და მით უმეტეს, არც ტურინში ცუდად არ უთამაშია და ამ ორ შეხვედრაში ერთი ქულაც რომ არ შერჩენოდა, ვერ იქნებოდა სამართლიანი. "ბიანკონერის" თავკაციც კმაყოფილი დარჩა.

"ჩემმა გუნდმა დღეს ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ეს ჩვენი მეექვსე მატჩი გახლდათ ბოლო 18 დღეში და ცხადია, ცოტა გადავიღალეთ. ეს ნორმალურია, როდესაც კრიშტიანო რონალდოსა და გარეთ ბეილის დარ ფეხბურთელებთან გიწევს თამაში.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ იკერ კასილიასს დავასახელებდი. უფრო მეტი ქულა გვეკუთვნოდა, ვიდრე ახლა გვაქვს, მაგრამ რა გაეწყობა.

როდესაც ხვდები "რეალის" კალიბრის კლუბს, რომლის ფეხბურთელებსაც რამდენიმე წუთში შეუძლიათ თამაშის შემობრუნება, ძნელია, სასურველ შედეგს მიაღწიო. თუმცა ჩემს ბიჭებს არ ეშინოდათ მეტოქის, ისინი თამამად იბრძოდნენ და ძალიან კმაყოფილი ვარ, ვიზრდებით და ვვითარდებით.

ჩვენ ეს თავგადასავალი არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყეთ და უკვე დავამტკიცეთ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია და ამ ტურნირზე რაღაც გვაქვს სათქმელი. ასე რომ, ჩემს გუნდს მისალოცად აქვს საქმე"
- განაცხადა კონტემ.

კმაყოფილი იყო კარლო ანჩელოტიც. მან თავის ყოფილ გუნდთან 4 ქულა აიღო და "რეალს" ნახევარი ნაბიჯი აკლია იქამდე, რომ ოფიციალურად გაინაღდოს მერვედფინალის საგზური.

"კმაყოფილების გრძნობა დამრჩა ჩემი გუნდის მიერ ჩატარებული მეორე ტაიმის შემდეგ. შესვენების შემდეგ სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და ბევრად უფრო შემართულები და აგრესიულები ვიყავით, ვუტევდით და ვდომინირებდით. პირველ ნახევარში ზედმეტად უკან დავიხიეთ, რადგან პოლ პოგბა და კლაუდიო მარკიზიო გაგვეკონტროლებინა, მაგრამ მერე სწორად გადავეწყვეთ. გვსურდა, მეტოქისთვის ჩაწოდებების შანსები მაქსიმალურად შეგვემცირებინა და ეს სერხიო რამოსის წყალობით მოვახერხეთ. იგი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც რამდენიმე პოზიციიდან შეუძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა.

სერხიოს მარჯვენა ფლანგზე გადაწევა დროებითი გახლდათ, ისე კი, რამდენადაც ვიცი, მასაც ცენტრში ურჩევნია თამაში. ასევე უნდა ვთქვა, რომ ქარიმ ბენზემამ იმუშავა ძალიან კარგად, იგი ანდრეა პირლოზე იყო მიჩენილი"
- გვითხრა მატჩის შემდეგ ანჩელოტიმ.

ფეხბურთელები
ჯანლუიჯი ბუფონს მისი გუნდის თამაში მოეწონა, მაგრამ შეცდომებსაც ხედავს და სიტუაციას ობიექტურად აფასებს. ჯიჯიმ კომპლიმენტი უძღვნა თავის კოლეგასა და მეგობარს იკერ კასილიასსაც.

"ეს ჩვენ მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებაა. ჯამში, თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ იყო შეცდომებიც, რომლებიც გამოსასწორებელია. სამწუხაროდ, ბევრი ქულა დავკარგეთ და მომავალ მატჩებში ამის უფლება აღარ გვაქვს. არ მგონია, რომ "კოპენჰაგენთან" ადვილი მატჩი გველის და არც "გალათასარაის" წაუგია ჯერ "რეალთან".

"სამეფო გუნდიდან" კასილიასის კარგ თამაშს და მინიმუმ სამ უმნიშვნელოვანეს "სეივს" გამოვარჩევდი, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა და "რეალმა" ესპანეთში ქულა წაიღო. მადრიდელებთან შეიძლება წააგო, მოიგო ან ფრე ითამაშო, მაგრამ ერთი რამ უცვლელია - მათი შემტევების უმაღლესი კლასი. როდესაც ისინი ცენტრს გადმოსცდებიან, უკვე უნდა მოემართო, რადგან შეუძლიათ გოლი არაფრისგან შექმნან. როგორ შევაფასებდი ჩვენს თამაშს? 10 ბალიდან 7-ით."
- აღნიშნა ბუფონმა.

ბარემ თავად იკერსაც მოვუსმინოთ, რომელსაც სადღაც ერთი წელია, "რეალის" ძირითადში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს და მისთვის ასეთი მატჩის კარგად ჩატარება მნიშვნელოვანი იყო, თან მაშინ, როცა საპირისპირო კარში იდგა ის მეკარე, რომელთანაც იკერს გაუთავებლად აჯიბრებენ და უმეტესობის აზრით, ეს ორი გოლკიპერი თანამედროვე ფეხბურთის ორი საუკეთესო კარის დარაჯია. თუ ვინ არის "ნუმერო უნო", თქვენ გადაწყვიტეთ.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველთვის რთულია ასეთი მატჩები, განსაკუთრებით, ძლიერი მეტოქის მოედანზე. მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო, რადგან მწვრთნელი გენდოს. ახლა მე მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ მიწევს თამაში და შესაძლებლობები საუკეთესოდ უნდა გამოვავლინო"
- თქვა კასილიასმა.

აუცილებლად აღვნიშნოთ, რომ ფერნანდო ლორენტე ნელ-ნელა ავლენს პოტენციალს და ეწერება "იუვეს" სათამაშო სქემაში. "ბილბაოს" ექსფორვარდმა "რეალს" მადრიდშიც გაუტანა და ტურინშიც.

ცნობილი იტალიური გამოცემები: "ლა გაძეტა დელო სპორტი" და "კორიერე დელო სპორტი" ერთი შინაარსის სათაურებით გამოვიდა - რა ლამაზი იყო "იუვეო". დიახ, "იუვე" მართლაც ლამაზი იყო, მაგრამ კონტეს უფრო ლამაზი უნდა და მიზნის მიღწევაში ბასკი ფორვარდის ათამაშება ძალიან დაეხმარება. ტურინულმა "ტუტოსპორტმა" პირველ გვერდსა და წინა პლანზე სწორედ ლორენტე დაგვიხატა.

ფერნანდო ლორენტე: "ძალიან მახარებს, რომ "რეალს" ისევ გავუტანე. კარგად ვითამაშეთ და პირველი ტაიმი დამსახურებულად მოვიგეთ. მეტის გატანაც შეგვეძლო.

მერე მადრიდელებმა მოუმატეს. თანაგუნდელები ნელ-ნელა უკეთ მიცნობენ და მიგებენ. რაც უფრო ხშირად ვითამაშებთ ერთად, მით უფრო უკეთ შევძლებ პოტენციალის გამოვლენას და ჩემი მისამართით ჩაწოდებებიც მეტი იქნება. მჯერა, მატჩიდან მატჩამდე მოვუმატებ, ეს ჩემი მაქსიმუმი არ არის. ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდი მაქვს და როდესაც საბოლოოდ მოვერგები გუნდს, მერე უფრო უკეთ ვითამაშებ და დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია, "იუვესთვის" სასარგებლო ვიყო"
.

რონალდოს რეკორდი
კონტე, ბუფონი და სხვანი კასილიასის "სეივებით" კი მოიხიბლნენ, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, საბოლოოდ, კრიშტიანო რონალდო დასახელდა, რომელმაც გოლს+პასი შემოგვთავაზა და მორიგ რეკორდს წაეთამაშა.

პორტუგალიელის ანგარიშზე 4 ტურის მერე უკვე 8 გოლია, ანუ საშუალოდ მატჩში 2 ბურთი. მან გაიმეორა რუუდ ვან ნისტელროის (2004/05 წლების სეზონი), ერნან კრესპოსა და ფილიპო ინძაგის (ორივე 2002/03) რეკორდი.

"სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო, ფანობით მოვიხიბლე. "იუვენტუსი" ძალიან კარგი გუნდია და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მოუგია, ვფიქრობ, ჯგუფიდან გავა. ჩვენი თამაში მომეწონა, მაგრამ მეტი შეგვიძლია და უნდა მოვუმატოთ კიდეც. ჩემი 8 გოლი ძალიან მახარებს, მაგრამ უფრო ბევრის გატანას ვეცდები. ბეილი? მან მშვენივრად ითამაშა და გუნდს დაეხმარა"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. B ჯგუფი: არც გამარჯვება და არც სიკვდილი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული