"ბარსელონა"-"მილანის" გამოხმაურება: მესი რაულისკენ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონა" და "მილანი" ჩემპიონთა ლიგაში ერთმანეთს მე-15-ედ დაუპირისპირდნენ და ამ ტურნირის რეკორდი დაამყარეს - არც ერთ სხვა წყვილს ჩემპიონთა ლიგაში ამდენი მატჩი არ გაუმართავს...

ლიონელ მესის დუბლის და სერხიო ბუსკეტსის ერთი გოლის წყალობით, "ბლაუგრანამ" მეტოქე მეექვსედ დაამარცხა (5 ფრე და 4 წაგება) და მერვედფინალის საგზური გაინაღდა; "მილანს" კი მეორე ადგილისთვის "აიაქსთან" და "სელტიკთან" დაძაბული ბრძოლა მოელის.

მასიმილიანო ალეგრიმ შეტევაში რობინიო-კაკას დუეტი გაამწესა, მარიო ბალოტელი კი სკამზე დატოვა და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში გამოიყვანა. ამ გადაწყვეტილებაზე იტალიელ სპეციალისტს მატჩის შემდეგ კომენტარის
გაკეთება სთხოვეს, თუმცა იქამდე ხერარდო მარტინოს მოვუსმინოთ:

"მეოთხე ტურის შემდეგ საგზურის მოპოვება ნიშნავს იმას, რომ ახლა ჩვენ ზეწოლის გარეშე ვითამაშებთ, თუმცა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება აუცილებელი პირობაა, რომელიც უნდა შევასრულოთ. ბოლო პერიოდში რამდენიმე ადამიანმა ლეო (მესი) გააკრიტიკა, მან კი დღეს ფენომენალურად ითამაშა. იმის გამო, რომ ჩვენს ჯგუფში სიურპრიზები არ მომხდარა, ვფიქრობ, მომდევნო ეტაპზე ფავორიტები გავლენ, მაგრამ წინასწარ მაინც ვერაფერს ვიტყვი, რადგან გამორიცხული არაფერია.

პლეი ოფის საგზურის მოპოვება რაც შეიძლება ადრე გვსურდა და მიხარია, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ, თუმცა შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით, ეს კი ძალიან ცუდია და უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი რამ აღარ გავიმეოროთ,"
- განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "არც ისე დიდი ხნის წინ მარიო ბალოტელიმ ტრავმა მიიღო, რის გამოც ბოლო პერიოდში კარგად ვერ თამაშობდა და ამიტომ ძირითად შემადგენლობაში კაკას და რობინიოს დუეტის გამწესება ვამჯობინე, რომელმაც "ბარსელონასთან" წინა შეხვედრაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მარიო მეორე ტაიმში გამოვიდა და კარგადაც ითამაშა - მან რამდენიმე საგოლე შანსიც შექმნა და საბოლოო ჯამში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მოსამატებელი აქვს. ბალოტელის სათადარიგოთა სკამზე დასმა მისი და გუნდის კეთილდღეობის გამო გადავწყვიტე.

შედეგით უკმაყოფილო ვარ, თუმცა გუნდს ცუდად არ უთამაშია. პირველ ტაიმში კონტრშეტევის წამოწყების რამდენიმე შანსი მოგვეცა, მაგრამ წინ ვერ წავედით, ძირითადად იმის გამო, რომ ძალიან ბევრ არაზუსტ პასს ვაკეთებდით. მეორე ტაიმში გაცილებით კარგად ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე კიდევ უკეთესად ავთამაშდებით და როდესაც სტეფან ელ შაარავი და მატია დე შილიო გამოჯანმრთელდებიან, ბევრად უკეთესი შედეგებიც გვექნება"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩავის 141
ჩავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგაში თავისი 141-ე მატჩი ჩაატარა და ყველა დროის სიაში მესამე ადგილზე გადავიდა. 33 წლის ნახევარმცველმა პაოლო მალდინის (140 თამაში) გადაასწრო და ახლა მასზე წინ მხოლოდ რაული (144) და რაიან გიგზი (147) იმყოფებიან. ჩავის, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში დებიუტი 16 წლის წინ ჰქონდა, 11 გოლი აქვს გატანილი და შეუძლია, რომ რეკორდსმენი წლევანდელ სეზონშივე გახდეს.

გარდა ამისა, "ბარსას" ერთ-ერთმა ლიდერმა რაულის ერთი რეკორდი უკვე დაამხო: "მილანთან" მოპოვებული გამარჯვება მისთვის ჩემპიონთა ლიგაში 79-ე იყო.

მესის საყვარელი მეტოქე
ოთხშაბათს ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში გოლების რაოდენობა 6-მდე გაზარდა. სულ კი არგენტინელის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაში 65 გოლია და ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ რაულს მხოლოდ 6 ბურთით ჩამორჩება.

ამ 65-დან "პულგამ" 8 გოლი (8 თამაშში) "მილანს" გაუტანა. 2011 წლის სექტემბერში, "ნოუ კამპზე" ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში არგენტინელს არ გაუტანია; სამაგიეროდ, იმავე წლის ნოემბერში "ბარსამ" "სან სიროზე" 3:2 მოიგო და მესიმ 11-მეტრიანი გამოიყენა. მოგვიანებით, გუნდები ერთმანეთს 1/4-ფინალში შეხვდნენ და მესიმ კატალონიაში გამართულ შეხვედრაში ორი გოლი (ორივე პენალტით) გაიტანა, მილანში კი მატჩი 0:0 დასრულდა.

წინა სეზონში "ბარსამ" მილანში 0:2 წააგო, მაგრამ შინ 4:0 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. კატალონიელთა ათიანმა დუბლი შეასრულა და სწორედ ამ შეხვედრაში გაუტანა პირველად მესიმ "როსონერის" თამაშიდან (მანამდე სულ პენალტებით იტანდა). კიდევ ერთი ბურთი კი არგენტინელმა აქტივში წინა თვეში ჩაიწერა, როდესაც "სან სიროზე" ანგარიში გაათანაბრა.

ოთხშაბათის მატჩამდე, "მილანთან" ერთად, მესის საყვარელი მეტოქეები "არსენალი" და ლევერკუზენის "ბაიერი" იყვნენ. ორივე გუნდის კარში ლეოს 6 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, თუ ლონდონელების წინააღმდეგ მან 4 მატჩი ითამაშა, "ფარმაცევტებს" არგენტინელი სულ 2-ჯერ შეხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. H ჯგუფი: "აიაქსის" მადლიერი "მილანი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული