ჩემპიონთა ლიგა. V ტურის წინ: თუფაქი, ჰევი მეტალი და კარუზო

AutoSharing Option
26 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება.

E ჯგუფი: სამი "პ"
იენს კელერის "შალკეს" ძალიან, ძალიან გაუმართლა იმაში, რომ "ბაზელმა" და "სტიაუამ" ერთმანეთში ორივე მატჩი ფრედ დაასრულეს. ახლა კი შეიძლება ყველაფერი ამ ტურში დამთავრდეს, თუ გელზენკირხენელები რუმინეთში მოიგებენ და პარალელურად, "ჩელსი" არაფერს აჩუქებს "ბაზელს".

ერთი რამ ნათელია - "შალკემ" ბუქარესტში არ უნდა წააგოს, თორემ ერთიორად დაიმატებს სანერვიულოს.

"შალკე" წაგებასთან ძალიან ახლოს ბუნდესლიგის წინა ტურში იყო, როდესაც "აინტრახტმა" 0:2-დან 3:2 გაუხადა, მაგრამ კელერის ბიჭებმა გათანაბრება შეძლეს.

რაც შეეხება
"სტიაუას", ლაურენციუ რეგეკამპფმა "პანდურიისთან" ჩემპიონატის შეხვედრაში ბევრი ფეხბურთელი დაასვენა და უძლიერესი შემადგენლობით გავა მინდორზე - რუმინელები საომრად ემზადებიან, სასწორზე ხომ ევროპალიგის საგზურიც დევს.

საინტერესოა, რომ "სტიაუას" ზედიზედ სამი 1:1 აქვს ნათამაშები.

გერმანული კლუბის ლაზარეთი კვლავაც გადატვირთულია. ამჟამად იქ ჩინედუ ობასი, ტიმო ჰილდებრანდი, მარკო ჰიოგერი და კლაას-იან ჰუნტელაარი არიან. კირიაკოს პაპადოპულოსის თამაში კი ისევ ეჭვქვეშაა.

სტიაუა-შალკე 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ - გეორგიევსკი, სუკალა, გარდოში, ლატოვლევიჩი - ბურჩეანუ, პინტილი - პოპა, სტანჩუ, ტანასე - პიოვაკარი.
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - უჩიდა, მატიპი, ჰიოვედესი, ფუხსი - ჯონსი, აოგო - ფარფანი, მეიერი, დრაქსლერი - ბოატენგი.
არბიტრი: ბას ნიიჰუისი (ჰოლანდია)

* * *
"ჩელსის" ჯერ გასვლა და მით უმეტეს, პირველი ადგილი გარანტირებული არ აქვს. ამასაც რომ შევეშვათ, ლონდონელებისთვის პრინციპის, პრესტიჟის და პატივმოყვარეობის (ანუ სამი "პ") საკითხია შინ "ბაზელთან" წაგების მერე შვეიცარიელებზე შურისძიება.

ამ სამი "პ"-ს ფაქტორის გათვალისწინებით, ჟოზე მოურინიო მურატ იაკინის სამწყსოს კარგს არაფერს უნდა უპირებდეს. თუმცა "ბაზელი" ფეთქებადი გუნდია და ტალღა თუ დაიჭირა...

ექიმებს თუ ვენდობით, მასპინძლებს მარსელო დიასი და ბეჰრანგ საფარი არ ეყოლებათ. სტუმრები ფერნანდო ტორესსა და მარკო ვან გინკელს მოისაკლისებენ. სათუოა დავიდ ლუისის თამაში.

ბაზელი-ჩელსი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ბაზელი (4-2-3-1): ზომერი - ფოზერი, ივანოვი, შერი, ტ. ჯაკა - დიე, ფრაი - სალა, შტოკერი, დელგადო - შტრელერი.
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - მიკელი, რამირესი - ოსკარი, ვილიანი, აზარი - ეტო'ო.
არბიტრი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 4 3 0 1 11-2 9
2. შალკე 4 2 0 2 4-6 6
3. ბაზელი 4 1 2 1 4-4 5
4. სტიაუა 4 0 2 2 2-9 2

შალკე-სტიაუა 3:0
ჩელსი-ბაზელი 1:2
ბაზელი-შალკე 0:1
სტიაუა-ჩელსი 0:4
სტიაუა-ბაზელი 1:1
შალკე-ჩელსი 0:3
ჩელსი-შალკე 3:0
ბაზელი-სტიაუა 1:1

11 დეკემბერი
ჩელსი-სტიაუა
შალკე-ბაზელი

F ჯგუფი: All eyes on them
თუფაქ შაკურის ერთ-ერთი ალბომისა და ჰიტის სათაურს სულ ოდნავ თუ გადავაკეთებთ, ზუსტად იმ სიტუაციას მივიღებთ, რომელიც ამ ჯგუფის გარშემოა შექმნილი - All eyes on them. დიახ, ყველას თვალი "სიკვდილის ჯგუფისკენაა" მიმართული - ჯგუფისკენ, რომელშიც ერთი გუნდი უკვე "მოკვდა", სხვები კი სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ და ერთ-ერთი მათგანი იმედივით ბოლოს დაეცემა ველზე.

უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ყველანი ველოდებით "სიგნალ იდუნა პარკზე" გასამართ სუპერმატჩს, შეხვედრას, რომელიც "დორტმუნდმა" აუცილებლად უნდა მოიგოს, თორემ ჩარჩენის სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. მით უმეტეს, რომ გამარჯვებაც არ არის არაფრის გარანტი. თამაშს, რომელიც "ნაპოლიმ" არაფრით არ უნდა წააგოს, თორემ ვითარება უაღრესად გაურთულდება.

თუ რა დღეში ჩავარდა განერვიულებული იურგენ კლოპი "სან პაოლოზე" გამართული მატჩისას, ალბათ, გახსოვთ და მეოთხე მსაჯზე ემოციური თავდასხმისთვის დისკვალიფიკაციითაც დაისაჯა. ახლა მას რაფაელ ბენიტესის გუნდისთვის სრული რევანში აქვს ასაღები.

ფორტუნამ ბორუსიელებს მწარედ დასცინა - 4 ძირითადის მცველიდან ჯანზე არც ერთი არ არის. ლუკაშ პიშჩეკი ახლახან დადგა ფეხზე და სასტარტოში მისი დაყენება კლოპს გაუჭირდება. მატს ჰუმელსი და ნევენ სუბოტიჩი გუნდს კიდევ საკმაო ხანი ვერ დაეხმარებიან. კლოპმა სასწრაფო წესით დაიმატა მანუელ ფრიდრიხი, მაგრამ მას ლიგაზე ვერ დაიხმარებს.

იმაზე, რომ ნეაპოლიტანელები გასვლაზე სუსტად თამაშობენ, მასპინძელთა დაცვის ეს სერიოზული პრობლემები აბალანსებსო, ვიტყოდით, მაგრამ... იტალიელებს თავისი ეყოფათ. დაცვაში მათ ჯანდომენიკო მესტო და ხუან სუნიგა დააკლდებათ. გუნდის კაპიტანი და ლიდერი მარეკ ჰამშიკი კი "პარმასთან" მიღებული ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, სლოვაკი საწყის წუთებზევე შესაცვლელი შეიქნა.

აგერ, სიტყვამ თავად მოიტანა, წინა ტურში ჩემპიონატის მატჩი ორივემ წააგო. "დორტმუნდი" "ბაიერნთან" შერცხვა, თან ჯინაზე, მარიო გიოტცესგანაც გაუშვა. "ნაპოლიმ" კი შინ დათმო მატჩი და სამეულში პოზიციები საგრძნობლად შეისუსტა.

მოკლედ, ორივემ თავი შეინახა, ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს ორივე დააკვდება და რატომღაც გვგონია, "ვესტფალენშტადიონზე" გოლების წვიმა უნდა მოვიდეს, მაგრამ საით უფრო იწვიმებს, არ ვიცით.

ისე, კლოპი "არსენალთან" მატჩის წინ "ჰევი მეტალს" გვპირდებოდა და ეგებ ახლა მაინც აგვისრულოს დანაპირები. ნეაპოლიტანელები მეტოქეს კლასიკას დაუპირისპირებენ. მართალია, "სამი ტენორიდან" ორი ახლა უკვე პსჟ-შია, ხოლო მესამე, როგორც გითხარით, ტრავმირებული გახლავთ, მაგრამ ტენორები სამხრეთელებს არასდროს აკლიათ, ბოლო-ბოლო, დიდი ენრიკო კარუზო იყო ნეაპოლიდან.

დორტმუნდი-ნაპოლი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, კელი, სოკრატისი, დურმი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი, მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, რაულ ალბიოლი, ბრიტოსი, არმერო - ინლერი, ბეჰრამი - ხოსე კალეხონი, პანდევი, ინსინიე - იგუაინი.
არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (თურქეთი)

* * *
იქით, ლონდონში ისედაც იცის წვიმა და გამორიცხული არ არის, "ემირატებიდან" "მარსელი" ზეცამაც ცრემლებით გააცილოს. წარმოუდგენლად ჩანს ის, რომ "არსენალმა" მეტოქეს ეს შეხვედრა ვერ მოუგოს. თუ ვერ მოუგო და არც ყოფილა გასვლის ღირსი.

ისე, მარსელელები ცოტა მოფერიანდნენ და ეს ლიგა 1-ის სატურნირო ვითარებაზეც აისახა. მედიკოსების პროგნოზით, ელი ბოპს დიმიტრი პაიე, როდ ფანი და ანდრე აიუ არ ეყოლება.

"მეთოფეები" კი დანაკლისს მიჩვეულნი არიან და ისედაც გამოსდით კარგად ბურთაობა. ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი, ლუკას პოდოლსკი, იაია სანოგო და ვასირიკი აბუ დიაბი არც ამჯერად იქნებიან არსენ ვენგერის განკარგულებაში.

როგორც იცით, დაბრუნდა თეო უოლკოტი, ხოლო მიკელ არტეტამ "საუთჰემპტონთან" მოგებულ შეხვედრაში მიკროტრავმა მიიღო და შეიძლება ვერ ითამაშოს.

არსენალი-მარსელი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - ფლამინი, რემსი - კასორლა, იოზილი, როსიცკი - ჟირუ.
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - აბდალა, ნ’კულუ, დიავარა, მენდი - რომაო, იმბულა - ჯ. აიუ, ვალბუენა, ტოვენი - ჟინიაკი.
არბიტრი: ანტონიო მატეუ ლაჰოზი (ესპანეთი)

მარსელი-არსენალი 1:2
ნაპოლი-დორტმუნდი 2:1
დორტმუნდი-მარსელი 3:0
არსენალი-ნაპოლი 2:0
არსენალი-დორტმუნდი 1:2
მარსელი-ნაპოლი 1:2
ნაპოლი-მარსელი 3:2
დორტმუნდი-არსენალი 0:1

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 4 3 0 1 6-3 9
2. ნაპოლი 4 3 0 1 7-6 9
3. დორტმუნდი 4 2 0 2 6-4 6
4. მარსელი 4 0 0 4 4-10 0

11 დეკემბერი
ნაპოლი-არსენალი
მარსელი-დორტმუნდი

G ჯგუფი: დრაკონები სხვის იმედად
პაულო ფონსეკას "პორტუმ" ჩემპიონატში "ნასიონალთან" ვერ მოიგო და მდევრები მიიახლოვა. ერთი მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "დრაკონებმა" ძალები შემოინახეს.

მეორე მხრივ კი, ბოლო დროს ისინი აშკარად მძიმედ გამოიყურებიან. თანაც, მიუხედავად სიმპათიებისა, რომელიც "აუსტრიას" მიმართ გაგვიჩნდა მონდომებით თამაშის გამო, ვენელებისთვის ძალების დაზოგვა "პორტუს", წესით, არ უნდა სჭირდებოდეს. ერთი სიტყვით, ფონსეკას გუნდში რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს.

ასეა თუ ისე, "დრაგაოზე" მასპინძლებმა აუცილებლად უნდა იმარჯვონ, როგორც უნდა იყოს იმ დროისთვის დამთავრებული "ზენიტისა" და "ატლეტიკოს" მატჩი. ცხადია, პორტუგალიელები ესპანელებს უქომაგებენ, რათა ცოტა მეტი შანსი გაუჩნდეთ.

პორტუ-აუსტრია 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-2-3-1): ელტონი - დანილო, მანგალა, ოტამენდი, ალექს სანდრო - დეფური, ფერნანდო - ჟოსუე, ლუჩო გონსალესი, ვარელა - ჯეკსონ მარტინესი.
აუსტრია (4-1-4-1): ლინდნერი - კოხი, როგული, ორტლეხნერი, ზუტნერი - დილავერი - როიერი, ჰოლანდი, მურგი, იუნი - ჰოსინერი.
არბიტრი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)

* * *
თავის მხრივ, "ზენიტი" "აუსტრიასა" და "პორტუსთან" ფრეების მერე შეეცდება, რომ საკუთარ კედლებში ეს შეხვედრა მაინც მოიგოს და თუ ეს ასე მოხდა, ლუჩანო სპალეტის გუნდი ცალი ფეხით გასული იქნება.

"ატლეტიკომ" იმ ყინვაში, წესითა და რიგით, თავი არ უნდა მოიკლას და დიეგი სიმეონე შემადგენლობას აუცილებლად გადაახალისებს. თუმცა "ჩოლო" რამის ადვილად დამთმობი ადამიანიც ნაკლებად არის.

ზენიტი-ატლეტიკო 21:00
სავარაუდო შემადგენლობები
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი - სმოლნიკოვი, ნეტო, ლომბერტსი, კრიშიტო - ვიტსელი, შატოვი - არშავინი, შიროკოვი, დანი - ჰალკი.
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, ალდერვეირელდი, გოდინი, ინსუა - ოლივერი, ტიაგო, გაბი, თურანი - დიეგო კოშტა, ადრიანი.
არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

აუსტრია-პორტუ 0:1
ატლეტიკო-ზენიტი 3:1
ზენიტი-აუსტრია 0:0
პორტუ-ატლეტიკო 1:2
პორტუ-ზენიტი 0:1
აუსტრია-ატლეტიკო 0:3
ზენიტი-პორტუ 1:1
ატლეტიკო-აუსტრია 4:0

11 დეკემბერი
ატლეტიკო-პორტუ
აუსტრია-ზენიტი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 4 4 0 0 12-2 12
2. ზენიტი 4 1 2 1 3-4 5
3. პორტუ 4 1 1 2 3-4 4
4. აუსტრია 4 0 1 3 0-8 1

H ჯგუფი: რა ესიზმრა დე ბურს?
ფრანკ დე ბურმა წუხელ ალბათ ასეთი სიზმარი ნახა: "აიაქსი" უგებს "ბარსელონას", რომელიც ისედაც გასულია და ბოლო ტურში შინ "სელტიკთან" პირველი ადგილის განაღდება არ უნდა გაუჭირდეს, ხოლო "მილანი" ვერ იგებს გლაზგოში და ამსტერდამელები მეორეზე გადადიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ტურში "სან სიროზე" მათ აუცილებლად მოგება არ დასჭირდებათ და ფრეც ეყოფათ.

სიზმარი კარგია, მაგრამ რეალობა ასეთია - თუ "მილანი" გლაზგოში იგებს, რაც ძალიან რთული იქნება "როსონერის" სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, "აიაქსს" "ბარსასთან" ქულა მაინც სჭირდება, რომ ბოლო ტურისთვის თეორიული შანსი დაიტოვოს. ხოლო, თუ იტალიელები შოტლანდიაში ვერ იგებენ, ბოლო ტურში გასვლის შანსი სამივეს რჩება.

მოკლედ, სიზმარშიც ვერ გაიგებ, რა მოხდება ამ ჯგუფში.

სანამ დე ბური თვალებში შესციცინებს კატალონიელებს, "სელტიკი" და "მილანი" ერთმანეთს ტრავმირებული ფეხბურთელების რაოდენობაში ეჯიბრებიან. ამაში "მილანი" ცოტათი წინაა. "როსონერის" უკვე 7 მატჩია, არ მოუგია და საშინაო ჩემპიონატში მესამე ადგილს, ანუ ლიგის საგზურს 15 (!) ქულით ჩამორჩება.

სერია A-ს წინა ტურში "მილანმა" შინ "ჯენოას" ვერ მოუგო, ხოლო მარიო ბალოტელიმ უკვე მეორე პენალტი გააცუდა. გუნდში ყოველმხრივ პრობლემები და დაძაბული ფონია. ერთადერთი, რაც მილანელებს რჩებათ, ამ ჯგუფიდან გასვლაა და მასიმილიანო ალეგრის ეს საქმეც თუ ჩაუფლავდა, მაშინ უკვე ნამდვილად დაითხოვენ პოსტიდან.

ჯგუფში ყველაზე მძიმედ "სელტიკის" მდგომარეობაა, ამჟამინდელი ბოლო ადგილისა და კალენდრის გათვალისწინებით. თუმცა გავიხსენოთ, რომ ნილ ლენონის შეგირდებს კატასტროფულად არ გაუმართლათ "სან სიროზე" და შინ "ბარსელონასთან".

ასე რომ, "მილანს" ძალიან მძიმე ბრძოლა ელის.

სელტიკი-მილანი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
სელტიკი (4-4-2): ფორსტერი - ლუსტიგი, დიიკი, ამბროუზი, ისაგირე - მალგრიუ, ლედლი - ფორესტი, კომონსი, სამარასი - სტოუკსი.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, საპატა, ბონერა, ემანუელსონი - მონტოლივო, დე იონგი, პოლი - კაკა - მატრი, ბალოტელი.
არბიტრი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

* * *
"ბარსას" კი "ამსტერდამ არენაზე" ლიონელ მესი და ალექსის სანჩესი არ ეყოლება, სხვებზე რომ აღარა ვთქვათ.

თუმცა ხერარდო მარტინო რამეს მოიფიქრებს. დე ბურის განკარგულებაში სრული შემადგენლობაა.

აიაქსი-ბარსელონა 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
აიაქსი (4-3-3): სილესენი - ვან რინი, ველტმანი, დენსვილი, ბოილესენი - სერერო, იონგი, პოულსენი - ფიშერი, შონე, სიგტორსონი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ფაბრეგასი, პედრო, ნეიმარი.
არბიტრი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

მილანი-სელტიკი 2:0
ბარსელონა-აიაქსი 4:0
აიაქსი-მილანი 1:1
სელტიკი-ბარსელონა 0:1
სელტიკი-აიაქსი 2:1
მილანი-ბარსელონა 1:1
ბარსელონა-მილანი 3:1
აიაქსი-სელტიკი 1:0

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 4 3 1 0 9-2 10
2. მილანი 4 1 2 1 5-5 5
3. აიაქსი 4 1 1 2 3-7 4
4. სელტიკი 4 1 0 3 2-5 3

11 დეკემბერი
ბარსელონა-სელტიკი
მილანი-აიაქსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული