ჩემპიონთა ლიგა. V ტური. F ჯგუფი: სამეულის შანსი ბოლო ტურში [VIDEO]

AutoSharing Option
F ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 5 4 0 1 8-3 12
2. დორტმუნდი 5 3 0 2 9-5 9
3. ნაპოლი 5 3 0 2 8-9 9
4. მარსელი 5 0 0 5 4-12 0

მომდევნო ტური
11 დეკემბერი:
მარსელი-დორტმუნდი, ნაპოლი-არსენალი

"დორტმუნდს" უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ წუხანდელმა თამაშმა დაადასტურა, რომ ტაქტიკის გარდა, იურგენ კლოპი ფსიქოლოგიაშიც ძლიერია. საკადრო კრიზისის მიუხედავად, მისმა გუნდმა მეტოქეს შემტევი ფეხბურთით აჯობა და გამარჯვება დაიმსახურა.

მეტოქეებმა დაზვერვას 9 წუთი მოანდომეს. მე-10-ეზე ანგარიში გაიხსნა. კუთხურის გათამაშებისას ფერნანდესმა მეტისმეტი მოინდომა და საჭიდაო ილეთების გამოყენების გამო პენალტი "მოიპოვა". როისმა აუღელვებლად გაიტანა.

ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა მომენტები ხშირად იქმნებოდა. თავის გამოჩენა
შეეძლოთ პანდევს, იგუაინსა და კალეხონს (უკანასკნელმა სულაც ძელს გაარტყა), მასპინძელთა მხრიდან კი როისს, მხითარიანსა და ლევანდოვსკის.

ტაიმის ბოლოსკენ სიტუაცია დაიძაბა, როცა ალბიოლის უხეშობას მცირე კინკლაობა და 3 ყვითელი მოჰყვა.

მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. მე-60 წუთზე როისის გადაცემით ბლაშჩიკოვსკიმ მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრინა. ბოლო ორი გოლი კი მეტოქეებმა მსგავს სიტუაციებში გაიტანეს. ჯერ იყო და კელის არაზუსტ გადაცემას იგუაინი-ინსინიეს მომენტალური რეაქცია და ანგარიშის შემცირება მოჰყვა, მერე კი არმერო შეცდა, რასაც შეცვლაზე შესული ობამეიანგის მატჩისთვის დასმული წერტილი მოჰყვა.

ბოლო ტურისთვის ყველაფერი უკვე გერმანელთა ხელშია. "ველოდრომზე" წარმატება მათ პლეი ოფის საგზურს მოუტანს.

მატჩის შემდგომი კომენტარები:
იურგენ კლოპი: "ნაპოლი" მაინც ძლიერი მეტოქეა

რაფაელ ბენიტესი: მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტთან დავთმეთ


დორტმუნდი-ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 როისი (10-პენ), 2:0 ბლაშჩიკოვსკი (60), 2:1 ინსინიე (71), 3:1 ობამეიანგი (78)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროისკროიცი, ბენდერი, პაპასტატოპულოსი, დურმი - კელი, შაჰინი - როისი (81. პიშჩეკი), მხითარიანი, ბლაშჩიკოვსკი (69. ობამეიანგი) - ლევანდოვსკი (90. შიბერი)
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, ფერნანდესი, არმერო - ბეჰრამი, ჯემაილი (62. ინლერი) - კალეხონი (66. ინსინიე), მერტენსი, პანდევი (76. საპატა) - იგუაინი
გაფრთხილება: კელი - ფერნანდესი, იგუაინი, ალბიოლი, პანდევი
კარში დარტყმა: 30-26 (12-12) კუთხური: 8-2 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 25-16 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 65 829

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"მარსელის" ბედი დებიუტშივე გადაწყდა. ანგარიში 29-ე წამზე გაიხსნა. სანია-უილშირის კომბინაციისთვის ხელის შეშლა მცველმა სცადა, თუმცა უილშირმა ის ერთი მოძრაობით ჩამოიშორა და ეფექტური დარტყმით ბურთი შორეულ ცხრიანში გაახვია.

რემსის ანგარიშის გაზრდა მალევე შეეძლო, თუმცა უელსელს მანდანდამ აუღო. თავის გამოჩენა შეეძლო იოზილსაც, მაგრამ გერმანელს მცირედი დააკლდა შორეული პასის დასამუშავებლად და ბურთი მეკარეს მიუგორდა.

სტუმარს მთელი თამაში ორადორი მომენტი ჰქონდა, ერთ-ერთი - 21-ე წუთზე, როცა ჟინიაკი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ შჩესნიმ მას თავი არ მოატყუებინა და ბურთი ფეხიდან ააცალა.

"მეთოფეთა" უპირატესობა პირველ ტაიმში აშკარა იყო. დროდადრო ბურთის კონტროლის პროცენტი 70-მდე ადიოდა.

37-ეზე რემსის წინააღმდეგ წესის დარღვევისთვის პენალტი დაინიშნა. ნიშნულთან რატომღაც იოზილი მივიდა. არადა, სწორედ ამ დღეებში გამოაცხადა ვენგერმა, რომ მოედანზე არტეტას არყოფნისას ამ მისიას ჟირუს აბარებდა.

მესუთმა თავისი შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, დანაშაული მან მეორე ტაიმში გამოისყიდა, როცა უილშირს ბურთი ხონჩაზე მიართვა და მეორე გოლი გაატანინა.

არსენალი-მარსელი 2:0
გოლები: 1:0 უილშირი (1), 2:0 უილშირი (65)
38-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა იოზილმა
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - ფლამინი, რემსი - როსიცკი (75. კასორლა), უილშირი (75. უოლკოტი), იოზილი (81. იოზილი) - ჟირუ
მარსელი (4-4-1-1): მანდანდა - აბდალა, ნკულუ, მენდეში, მორელი - ლამინა (81. შეირუ), რომაო - იმბულა (58. ტოვინი), ხალიფა, აიუ (58. ვალბუენა) - ჟინიაკი
გაფრთხილება: - ნკულუ, მორელი, რომაო
კარში დარტყმა: 21-10 (8-4) კუთხური: 5-1 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 5-10 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 59 912

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული