"გუნდს აქვს ის ხარისხი და თვისებები, რომლებიც დიდი კლუბებისთვის, გრანდებისთვისაა დამახასიათებელი და ეს ძალიან მახარებს. "მარსელთან" მნიშვნელოვანი მატჩიც 10 კაცით მოვიგეთ და ეს შეხვედრაც. ფეხბურთელებმა იციან, რომ მაინც უნდა შეუტიონ და ნებისმიერ სიტუაციაში ბრძოლისუნარიანები არიან" - განაცხადა
მწვრთნელის მუშაობით კმაყოფილია პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი: "ბლანი შესანიშნავი სპეციალისტია, შედეგები მაკმაყოფილებს და მისი სტილი ძალიან მომწონს. ვთვლი, რომ ახალ კონტრაქტს იმსახურებს, მაგრამ ჩვენი მოლაპარაკებების დეტალები ჩვენ შორისვე დარჩება".
სანამ ყატარელი ბლანს ბონუსის სახით ახალ შეთანხმებას უმზადებს, არც სხვები ავიწყდება და გარდა ამისა, არც ტრანსფერებზე აპირებს ფულის დაზოგვას. ასე მაგალითად, ტიაგო მოტასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაც არ ყოფილა შორი ამბავი. შეგახსენებთ, რომ როგორც 31 წლის საყრდენი ნახევარმცველის, ასევე ბლანის მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე ძალაშია, მაგრამ ალ-ხელაიფი მაინც აპირებს მათ გახანგრძლივებას და პირობების გაუმჯობესებას.
ამასობაში, როგორც ამბობენ, ხუან მატა თანახმაა, კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს. მას სათამაშო დრო, ფაქტობრივად, არ აქვს "ჩელსიში". ჟოზე მოურინიომ 25 წლის ესპანელი კი აითვალწუნა, მაგრამ პორტუგალიელს ბოლომდე მაინც არ გადაუწყვეტია, ჩამოწეროს თუ არა იგი და შესაძლოა ამ ტრანსფერს ხელიც შეუშალოს.
ისე, მატა ტურინის "იუვენტუსსა" და მადრიდის "ატლეტიკოსაც" უნდათ.
"ოლიმპიაკოსთან" მატჩს თუ დავუბრუნდებით, ბერძნები იმაზე წუწუნებდნენ, რომ პსჟ-ს მაინც ცოტა ზედმეტი მოწიწებით ეკიდებოდნენ. ხოლო პარიზელთა ბანაკში, ცხადია, საზეიმო განწყობა იყო. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი მერვე გოლი გაიტანა ლიგაზე და კრიშტიანო რონალდოს წამოეწია. ედინსონ კავანი კი ევროსარბიელზე ჯერ იმდენად პროდუქტიული ვერ არის, მაგრამ დედაქალაქელებმა სწორედ მისი გოლით იმარჯვეს. თანაც, ურუგვაელი ძალიან ეხმარება ფლანგის მცველებს. ამ მატჩშიც მეტოქეები გაიტყუა და გრეგორი ვან დერ ვილმა თავისუფლად გააკეთა მორიგი საგოლე პასი ზლატანზე.
"ჩემი აზრით, დიდი შემართებით ვითამაშეთ, მუდამ მოგებისკენ ვისწრაფვოდით და ეს ძალიან კარგია. მებრძოლი სული გამოვავლინეთ. თანაც, "ანდერლეხტთან" ვერმოგების შემდეგ მაყურებელი მხოლოდ გამარჯვებას ელოდა. ფიზიკურადაც და მენტალურადაც კარგ ფორმაში ვარ. ვეცდები, ასე გავაგრძელო, გოლები გავიტანო და მომენტები შევუქმნა თანაგუნდელებს.
ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ძალიან მომწონს, რადგან ეს უძლიერესი ტურნირია, რომელზედაც საუკეთესო გუნდები თამაშობენ და თან რთული მატჩები გიწევს" - განაცხადა სირთულეების მოყვარულმა იბრაჰიმოვიჩმა.
დიახ, "პარი სენ ჟერმენი" ფრეზეც ინაღდებდა პირველ ადგილს, მაგრამ ათი კაცით მაინც შეტევაში გარბოდა, რადგან ასეთია ბლანის ფილოსოფია, რომელიც ფეხბურთელებმა სრულად მიიღეს და გაითავისეს. ამ სეზონში გუნდი ჯერაც წაუგებელია და მართლაც მძლავრად გამოიყურება. ბევრის აზრით, პსჟ-ს ჩემპიონატზე ძალიან შორს წასვლა შეუძლია. რაღა დაგიმალოთ და ასე მგონია მეც და იგივე აზრზეა გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი ადრიენ რაბიოც:
"საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ. გვინდა, თამაშით სიამოვნება და სიხარული მივანიჭოთ ხალხს და ჩვენც ვისიამოვნოთ. ვფიქრობ, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ შორს წასვლა შეგვიძლია. წინა გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოვეთიშეთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნელ-ნელა ვუმატებთ და პროგრესი გვაქვს, მეოთხედფინალზე უფრო წინ ვერგასვლა წარუმატებლობა იქნება" - გვითხრა რაბიომ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. C ჯგუფი: პსჟ პირველია [VIDEO]