ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. B ჯგუფი: სეტყვა და თოვლი სტამბულში [VIDEO]

AutoSharing Option
დეკემბერში სტამბულში ასეთი ავდარი არ იცის და აქედან გამომდინარე, დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ თურქები მომხდარს მოუმზადებლები შეხვდნენ.

"გალათასარაისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებას ჯგუფიდან "რეალთან" ერთად გამსვლელი გუნდის ვინაობა უნდა გაერკვია და მატჩი, შესაბამისად, დაძაბულად დაიწყო, მაგრამ სადღაც მე-15 წუთიდან "გალას" არენაზე თოვლი და სეტყვა ერთად წამოვიდა და თანაც, ისეთი ინტენსივობით, რომ 32-ე წუთისთვის ფეხბურთის თამაში შეუძლებელი გახდა.

მანამდე პორტუგალიელმა არბიტრმა პედრო პროენსამ ნარინჯისფერი ბურთი მოითხოვა; მერე კი, როცა მთელი მოედანი თეთრად გადაიპენტა, ფეხბურთელები გასახდელში შერეკა.

პროენსა მატჩის გადადებას
არ აპირებდა, მაგრამ როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, თურქები ასეთი პირობებისთვის აბსოლუტურად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ. სტადიონის პერსონალმა ხაზების ადგილების გაწმენდა კი დაიწყო, მაგრამ სპეციალური ტექნიკის გარეშე ეს პროცესი დროში ძალიან იწელებოდა და თანაც, არც თოვა წყდებოდა და არც სეტყვა.

პროენსა მოედანზე გამოდიოდა, საფარს ამოწმებდა, თავს გადააქნევდა და ისევ კატაკომბებში უჩინარდებოდა, 20-წუთიანი ლოდინის შემდეგ კი გადაწყვეტილება მიიღო: მატჩი გადადო!

უეფას წესების მიხედვით, გამოსავალი ორია: შეხვედრა ან 11 დეკემბერს უნდა შედგეს (თუ ამინდმა და პირობებმა გუნდებს ამის საშუალება მისცა), ანაც თავისუფალ დღეს, რომელსაც, თუ ეს საჭირო გახდა, სპეციალური კომისია დანიშნავს.

ასე იქნება თუ ისე, ფაქტი ის არის, რომ მატჩი თავიდან კი არ დაიწყება, არამედ 32-ე წუთიდან გაგრძელდება.

გალათასარაი-იუვენტუსი 0:0 (32-ე წუთზე შეწყდა და გადაიდო)
გალათასარაი (3-4-1-2): მუსლერა - შეჯუ, სემი, გიოქჰან ზანი - ებუე, ფელიპე მელო, სელჩუკ ინანი, რიერა - სნეიდერი - ბ. ილმაზი, დროგბა.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, პოგბა, ვიდალი, მარკიზიო, ასამოა - ტევესი, ლორენტე.
მაყურებელი: 52 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ: "გალათასარაი" და "იუვენტუსი" თამაშს 11 დეკემბერს დაასრულებენ

* * *
პარალელურ მატჩში, "რეალმა" კოპენჰაგენში 2:0 მოიგო და სტალე სოლბაკენის გუნდი ბოლო ადგილზე დატოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ "გალათასარაი" და "იუვენტუსი" ჯგუფიდან გამსვლელისა თუ ევროპალიგაში გადამსვლელის ვინაობას ერთმანეთში გაარკვევენ.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ კრიშტიანო რონალდომ ჯგუფურ ეტაპზე მე-9 გოლი გაიტანა, რაც ახალი რეკორდია. პორტუგალიელს დუბლის შესრულება და მე-10 გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მსაჯის მეირ დამატებულ წუთებზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა - კრიშტიანოს "კოპენჰაგენის" მეკარე ვილანდმა აუღო.

კოპენჰაგენი-რეალი 0:2
გოლები: 0:1 მოდრიჩი (25), 0:2 კ. რონალდო (48)
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - იაკობსენი, მელბერგი, რ. სიგურდსონი, ბენგტსონი - გისლასონი, დელანი, კლაუდემირი, ტუტუ (79. პურიე) - იორგენსენი (9. ბოლანოსი/79. რემერი), ვეტოკელე.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, ნაჩო, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო (77. ილიარამენდი), მოდრიჩი (82. კასემირო) - ბეილი, ისკო (67. დი მარია), კ. რონალდო - ბენზემა.
92-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: მარსელო, ჩაბი ალონსი
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 21-11; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 10 (1)-15(10); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 37 241
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო: რეკორდებზე არ ვფიქრობ, ჩემთვის მთავარი ტიტულების მოგებაა

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. B ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 6 5 1 0 20-5 16
2. იუვენტუსი 5 1 3 1 9-8 6
3. გალათასარაი 5 1 1 3 7-14 4
4. კოპენჰაგენი 6 1 1 4 4-13 4
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული