პირველად, 2002 წლის და კლაუს ტოპმიოლერის შემდეგ

AutoSharing Option
ლევერკუზენის "ბაიერმა" სან სებასტიანში 1:0 მოიგო და რაკი პარალელურ შეხვედრაში დონეცკის "შახტარი" მანჩესტერში იმავე ანგარიშით დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გერმანელები გავიდნენ.

"ლევერკუზენის" გმირი 24 წლის მცველი იომერ თოფრაქი გახდა - "რეალ სოსიედადის" კარში გამარჯვების გოლი სწორედ თურქეთის ნაკრების უკანახაზელმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ თოფრაქი ჯერ კიდევ 2008 წელს გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ მერე გადაწყვეტილება თავისი ნაღდი სამშობლოს სასარგებლოდ მიიღო და თურქეთის ნაკრებში დაბინავდა. თოფრაქი სან სებასტიანში გმირი მარტო გოლის გამო არ გამხდარა - დაცვაშიც შესაშურად ითამაშა და ორთაბრძოლების 83
პროცენტი მოიგო.

ამრიგად, კარგ ფორმაში მყოფმა "ლევერკუზენმა" დორტმუნდის შემდეგ (იქაც 1:0) გამარჯვება სან სებასტიანშიც იზეიმა - ამ მოგებისთვის "ფარმაცევტები" უეფასგან ერთ მილიონ ევროს, ხოლო მერვედფინალში გასვლისთვის კი დამატებით 3.5 მილიონს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ "რეალ სოსიედადისთვის" ამ შეხვედრას, სპორტული თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ ჰქონია, რის გამოც თითქმის მეორე შემადგენლობით ითამაშა და ამით "ლევერკუზენს" საქმე გაუადვილა.

თუმცა ბასკები გერმანელებს ხშირად ზედმეტად ეუხეშებოდნენ - ემრე ჩანმა და რობი კრუსმა კინაღამ სერიოზული ტრავმები მიიღეს, რის გამოც "ბაიერის" თავკაცი სამი ჰიიპია ისე განრისხდა, რომ მსაჯებს კინაღამ წითელი ბარათი გამოსტყუა.

"მიხარია, რომ ეს მატჩი წარმატებით გადავაგორეთ. მოვიგეთ, ჯგუფიდან გავედით და ყველანი ჯანმრთელად ვართ. ახლა ჭიქა წითელი ღვინისკენ და სიგარისკენ მიმიხარია,
" - განაცხადა მატჩის შემდეგ "ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა.

ცნობისათვის, "ლევერკუზენს" ჩემპიონთა ლიგაში გასვლითი მატჩი ბოლოს 2002 წლის ოქტომბერში ჰქონდა მოგებული, კლაუს ტოპმიოლერის დროს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. A ჯგუფი: და მაინც, "ლევერკუზენი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული