"მანჩესტერ სიტის" გამარჯვება გერმანული მეთოდით

AutoSharing Option
ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ არდანებება, ბოლო წამებამდე ბრძოლა და საბოლოოდ მოედნის თავაწეულად დატოვების უფლება ისტორიულად გერმანელების "ექსკლუზივია".

"მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულსა და მიმდინარე გათამაშების უპირველეს ფავორიტს მისივე მეთოდით მოუგო. შეხვედრის მე-12 წუთის შემდეგ "ქალაქელების" ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ იფიქრებდა, რომ ყველაფერი შეიძლებოდა ასე დასრულებულიყო. მანკუნიანელთა თავკაცი შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ საკუთარი გუნდით განსაკუთრებულად ამაყი დარჩა.

ჩილელი, ალბათ, საკუთარი თავითაც ძალიან კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, რადგან მან კარიერაში პირველად მოუგო პეპ გვარდიოლას გუნდს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შაბათს "არსენალთან" პრემიერლიგის XVI ტურის ცენტრალურ შეხვედრას
"სიტი" საკუთარ ძალებში კიდევ უფრო დარწმუნებული შეხვდება.

მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი): "გუშინ სადღაც ყური მოვკარი, რომ თურმე ჩვენთვის პრიორიტეტი პრემიერლიგაში "არსენალთან" თამაში ყოფილა. გარწმუნებთ, "ბაიერნთან” დაპირისპირებას ჩვენთვის არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. მიუნხენელებთან "ეტიჰადზე” ძალიან სუსტად ვითამაშეთ და ამჯერად მაინც გვინდოდა იმის დამტკიცება, რომ ძლიერი გუნდი ვართ.

ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია ის, რაც მივიღეთ, მით უმეტეს კომპანის, ნასრისა და აგუეროს გარეშე. მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორ ვთამაშობდით პირველი 15-16 წუთის განმავლობაში. მაშინ, როცა ორი ბურთით აგებ, არ არსებობს იმაზე უკეთესი წამალი, ვიდრე გოლია. საერთო ჯამში, ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და ვთამაშობდით ზუსტად ისე, როგორც ველოდი.

თუკი ბურთს აკონტროლებ, თამაშის ბედი, შეიძლება ითქვას, რომ შენს ხელშია. 2:1-ის შემდეგ ჩემი ფეხბურთელები განსაკუთრებით მონდომებით უტევდნენ. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ მოედანზე აგუერო შემეშვა, რაკი ვიცოდი, რომ დავიდ სილვა 70 წუთზე მეტხანს ვერ გაძლებდა, თუმცა საბოლოოდ ნეგრედოს თამაში ვარჩიე.

ძალიან გვინდოდა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება, თუმცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, ოპტიმალური სათამაშო რიტმი ვნახოთ. დღევანდელი თამაში ამ მიზნისკენ სავალ გზაზე ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. D ჯგუფი: არც ისე უძლეველი რეკორდმაისტერი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული