შვეიცარიის ქალაქმა ნიონმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრას უმასპინძლა. ცერემონია, ტრადიციულად, უეფას გენერალურმა დირექტორმა ჯანი ინფანტინომ გახსნა და ჩვეულად, არც ისე სასაცილო ხუმრობით დაიწყო, მაგრამ ინფანტინოს ერთი კარგი თვისება აქვს - რაც უნდა თქვას, მაინც გეღიმება და მისი დაყენებულ-ღიმილიანი ანდაც ირონიულად გაბადრული სახე რაღაც საინტერესოსთან ასოცირდება და ადრენალინიც იმატებს.
ცოტა ხანში ინფანტინომ ლუიშ ფიგუ მოიხმო დასახმარებლად. მოგეხსენებათ, ფინალი 24 მაისს ლისაბონში "ბენფიკას" "და ლუჟზეა" და ფიგუ ფინალის ელჩი გახლავთ. რასაკვირველია, წილისყრა ამ საქმეში ინფანტინოს მარჯვენა ხელისა და ტურნირის დირექტორის,
პირველი გუნდი, რომლის სახელიც ბურთულიდან ამოღებულ ფურცელზე ეწერა, "მანჩესტერ სიტი" იყო, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეორეადგილოსანი, რომელთან დაჯახებაც არავის უნდოდა. ჰოდა, ლუიშ ფიგუმაც გადაწყვიტა, "ბარსელონას" ფანებისთვის თავი კიდევ უფრო შეეძულებინა, ბურთულიდან კატალონიური გრანდის სახელი ამოიღო და ირიბადაც გაიღიმა. ამრიგად, თავიდანვე სუპერწყვილი მივიღეთ - "სიტი"-"ბარსელონა".
ჩიკი ბეგირისტაინი ცდილობდა, არ შეემჩნია, მაგრამ სიხარულისგან გადარეული რომ არ იყო, ცხადია. "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი გუნდის დირექტორად 7 წელი მუშაობდა და კატალონიურ ტიკი-ტაკას ხუთი თითივით იცნობს, 2012 წლის ოქტომბრიდან კი იგი "სიტის" დირექტორია. ინტრიგების მეტი რა არის... "რეალის" ყოფილი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ახლა "ქალაქელების" თავკაცის პოსტიდან ლამობს "ბარსას" ძლევას.
იაია ტურეც თავისი ექსგუნდის დამწუხრებას შეეცდება და სერხიო აგუეროსა და ლიონელ მესის დუელსაც ვიხილავთ. იცით, რომ დიეგო მარადონას ყოფილმა სიძემ ბავშვი მესის მოანათლინა და მათ ესეც დამატებითად აკავშირებთ. ამჟამად ორივე ტრავმირებულია, მაგრამ იმ დროისთვის ორივეს მინდორზე ველით და იმედია, ასეც იქნება.
მოკლედ, კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება და საუბარი ამ წყვილის გარშემო არ შეწყდება, მაგრამ თებერვლამდე ნერწყვების ყლაპვით დაცდა მოგვიწევს.
ჩიკი ბეგირისტაინი (სიტი): "სასიამოვნო და სანახაობრივი მატჩები უნდა გამოვიდეს. ცხადია, ჩვენთვის რთული იქნება, რადგან გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ძალიან კარგ გუნდს ვხვდებით. თუმცა ცუდად არც ჩვენ გამოვიყურებით და ბევრი გოლი გაგვაქვს, რაც თავდაჯერებას გვმატებს. გავიტანეთ პლზენში, მოსკოვში, მიუნხენში... ჩვენი მწვრთნელი ესპანეთში წლების მანძილზე მუშაობდა და მეტოქეს კარგად იცნობს.
ვფიქრობ, ახლა მესიჯები ჰაერშია სერხიო აგუეროსა და ლიონელ მესის შორის. თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გინდა, უდიდეს გუნდებს უნდა სძლიო, ხოლო "ბარსა" უდიდეს გუნდებს შორისაა".
"ჩემი აზრით, ულამაზესი დაპირისპირება იქნება. 16 საუკეთესო გუნდი დარჩა და თებერვალს დაველოდოთ. "ბარსელონა", რეალი" და "ატლეტიკო" ჩემთვის ერთნაირად ძლიერები არიან, ისევე, როგორც "დორტმუნდი" და პსჟ. ეს მხოლოდ მესისა და აგუეროს დუელი არ იქნება, უკეთესი გუნდი მოიგებს" - თქვა პელეგრინიმ.
ხერარდო "ტატა" მარტინო (ბარსელონა): "ძლიერი მეტოქე შეგვხვდა და მგონი, არც "სიტის" ბანაკშია დიდი სიხარული კენჭისყრის შემდეგ. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, თებერვლისთვის კარგ ფორმაში ვიყოთ. მე ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი პელეგრინის კარიერას, როგორც ევროპაში, ისევე სამხრეთ ამერიკაში. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მიხარია, რომ მასთან პაექრობა მომიწევს".
მეორე სუპერწყვილი: არსენალი-ბაიერნი
არანაკლებ შთამბეჭდავია "არსენალი"-"ბაიერნის" "დეჟავუ წყვილი". ბევრის აზრით, "ბაიერნი" ტურნირის მთავარი ფავორიტია და კარგი შანსი აქვს, პირველი გუნდი გახდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ ორჯერ მოიგებს. თუმცა ამისთვის მიუნხენელებმა ჯერ ლონდონელები უნდა ჩამოიცილონ გზიდან, რისი გამოცდილებაც აგერ, ახლო წარსულში აქვთ. ეს გუნდები წინა გათამაშების მერვედფინალშიც შეხვდნენ ერთურთს და ლონდონში რეკორდმაისტერმა 3:1 მოიგო; აი, შინ 0:2 წააგო, მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა და შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა. თუმცა ეს "ის არსენალი" აღარ არის, "მეთოფეები" ამ სეზონში ბევრად უკეთ ბურთაობენ.
"ყველაზე რთული მეტოქე გვერგო იმათგან, რომლებიც შეიძლებოდა შეგვხვედროდა. "დორტმუნდს" უფრო გაუმართლა, თუმცა ვეღარაფერს შევცვლით. გაფრთხილება არ გვჭირდება, ვიცით, როგორ მეტოქესთან გვაქვს საქმე. "არსენალი" პრემიერლიგის ლიდერია და არც ისე დიდი ხნის წინ მიუნხენში 2:0 მოგვიგო. მცირე უპირატესობა გვაქვს, პირველ მატჩს ლონდონში ვატარებთ" - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
საინტერესო მოგონებები
ძალიან საინტერესო იქნება "მილანი"-"ატლეტიკოს" დაპირისპირებაც. გასაჭირში მყოფი "როსონერი" თავისი გამოცდილებითა და საჩემპიონთალიგო დიდებით, უაღრესად ჟინიან-ჯინიანი დიეგო სიმეონეს შესაშურ ფორმაში მყოფ "ატლეტიკოს" შეებმება.
ფიგუმ თავის მეორე ყოფილ გუნდს, ანუ "რეალს", შედარებით იოლი მეტოქე არგუნა "შალკეს" სახით. გელზენკირხენელების ერთი ხელის მოსმით ჩამოწერა შეცდომა იქნება, მაგრამ მადრიდელები რომ აშკარა ფავორიტები არიან, განა სადავოა? "რეალი" ფინალურ სტადიაზე მიჯრით მეჩვიდმეტედაა, რაც რეკორდია, ისევე, როგორც კრიშტიანო რონალდოს მიერ ჯგუფურ ეტაპზე გატანილი 9 გოლი.
"სამეფო გუნდმა" ჯგუფურ მატჩებში სულ 20 ბურთი შეაგდო, რითაც "მანჩესტერისა" და "ბარსელონას" რეკორდი გაიმეორა. არადა, ბოლო ტურში უამრავი მომენტიდან კიდევ ერთი რომ გამოეყენებინა და რონალდოს პენალტი ნორმალურად დაერტყა, გუნდი ახალ რეკორდსაც დაამყარებდა. "შალკე" კი გემახსოვრებათ, ბოლო ტურში "ბაზელთან" მოგების წყალობით გაძვრა შემდეგ ეტაპზე.
გაუჭირდება "ლევერკუზენსაც", რომელსაც ფორტუნამ მეტოქედ "პარი სენ-ჟერმენი" არგუნა. სამი ჰიიპიასა და მისი სიმპათიური გუნდისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, პარიზელები წყვილში უდავო ფავორიტები არიან. საერთოდ, დედაქალაქელები ამ სეზონში მინიმუმ ნახევარფინალში გასვლას გეგმავენ. რატომაც არა?
ერთადერთი გერმანული გუნდი, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუმართლა, წინა გათამაშების ფინალისტი და მერვედფინალში ნერვულად გასული "დორტმუნდია". ლუჩანო სპალეტის "ზენიტს", რომელიც ჯგუფიდან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ცოტა - 6 ქულით გავიდა, რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება მოუწევს გერმანელთა ბარიერის დასაძლევად.
დამაინტრიგებელია დიდიე დროგბას დაპირისპირება თავის ექსკლუბ ლონდონის "ჩელსისთან". თავის მხრივ, უესლი სნეიდერი, რომელმაც "იუვენტუსთან" გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდი აქამდე მოიყვანა, "ინტერში" ყოფნისას იმ ტრიუმფალურ სეზონში მთავარი იარაღი იყო ჟოზე მოურინიოს ხელში. "სიტის" ყოფილი მწვრთნელი რობერტო მანჩინიც გაიხსენებს "ლურჯებთან" ჭიდილის გემოს. მისი "გალათასარაი" არც ისე იოლი ჩამოსაშორებელი იქნება.
დაბოლოს, შედარებით გაუმართლა "მანჩესტერ იუნაიტედსაც", თუმცა "ოლიმპიაკოსი" საჩუქარი ნამდვილად არავისთვისაა და დევიდ მოიესის ბიჭებს საბერძნეთში საკმაოდ მძიმე მატჩი ელით. ამბობენ, კოსტას მიტროღლუ "ლივერპულს" უნდაო და აბა, მერსისაიდელებს "მანჩესტერის" დამწუხრებაზე უფრო კარგით რითი მოაწონებს იგი თავს?
ამ ეტაპზე ლიგას 4 ინგლისური, 4 გერმანული, 3 ესპანური, 1 იტალიური, 1 ფრანგული, 1 ბერძნული, 1 რუსული და ერთიც თურქული გუნდი შემორჩა. მათ შორის ტურნირის 7 ყოფილი გამარჯვებულია. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ მეოთხედფინალების წილისყრა 21 მარტს, ხოლო ნახევარფინალების - 11 აპრილს გაიმართება. ორივე ცერემონია ჩვენი დროით 15:00 საათზე დაიწყება.
18 თებერვალი/12 მარტი
მანჩესტერ სიტი-ბარსელონა
ლევერკუზენი-პსჟ
19 თებერვალი/11 მარტი
მილანი-ატლეტიკო
არსენალი-ბაიერნი
25 თებერვალი/19 მარტი
ზენიტი-დორტმუნდი
ოლიმპიაკოსი-მანჩესტერი
26 თებერვალი/18 მარტი
გალათასარაი-ჩელსი
შალკე-რეალი
ევროპალიგაც დაწყვილდა
იტალიური და უკრაინული გუნდებით დახუნძლული ევროპალიგის კენჭისყრამ რამდენიმე ძალიან საინტერესო წყვილი და რამდენიმე სუპერწყვილის პერსპექტივა მოგვიტანა.
მეთექვსმეტედფინალიდან "პორტუ"-"აინტრახტი" და "სუონსი"-"ნაპოლი" უნდა გამოვარჩიოთ, თანაც, ამ წყვილებში გამარჯვებულები შემდეგ ეტაპზე ერთმანეთს ხვდებიან. მერვედფინალში ასევე შეიძლება "ბეტისი"-"სევილიას" დერბი და "იუვენტუსი"-"ფიორენტინას" პრინციპული დაპირისპირება მივიღოთ.
ფინალი, მოგეხსენებათ, ტურინში, "იუვეს" ახალ სტადიონზეა და ჩემპიონთა ლიგიდან სენსაციურად გამოვარდნილი "ბებერი ქალბატონი" თუნდაც ამის ხათრით მოინდომებს, მაგრამ ჯერ თუ "გალათასარაის" ვერაფერი დააკლო, მეორე თურქულ გუნდს, "ტრაბზონს" უნდა აჯობოს.
არის სხვა საინტერესო წყვილებიც - "დნიპრო"-"ტოტენჰემი", კიევის "დინამო"-ვალენსია", "აიაქსი"-"ზალცბურგი".
20 თებერვალი/27 თებერვალი
1. ანჟი-გენკი
2. დნიპრო-ტოტენჰემი
3. ბეტისი-რუბინი
4. სუონსი-ნაპოლი
5. იუვენტუსი-ტრაბზონი
6. მარიბორი-სევილია
7. პლზენი-შახტარი
8. ჩორნომორეცი-ლიონი
9. ლაციო-ლუდოგორეცი
10. ესბიერგი-ფიორენტინა
11. აიაქსი-ზალცბურგი
12. მაქაბი (თელ-ავივი)-ბაზელი
13. პორტუ-აინტრახტი
14. დინამო (კიევი)-ვალენსია
15. პაოკ-ი-ბენფიკა
16. ლიბერეცი-ალკმაარი
მერვედფინალები
13 მარტი/20 მარტი
16-1
9-14
13-4
8-7
6-3
2-15
12-11
5-10
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევროპალიგის 1/16-ფინალური წყვილები გაირკვა
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური წყვილები გაირკვა