ოლიმპიაკოსი VS მანჩესტერი - რუნის და ვან პერსის იმედად

AutoSharing Option
პირეოსში დევიდ მოიესის "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩადის. შოტლანდიელი სპეციალისტისთვის ჩემპიონთა ლიგას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან პრემიერლიგის მოგება "იუნაიტედს" აღარ ძალუძს.

ინგლისელთა ბანაკში მატჩს კარგ განწყობაზე ხვდება უეინ რუნი, რომელმაც 2019 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ის კვირაში 300 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს...

ჩემპიონთა ლიგის სამგზის ტრიუმფატორი ამ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტია. შესაძლოა, პრემიერლიგაში მოიესის გუნდს ბევრი ვერაფერი გამოსდის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ის ბრწყინვალედ ასპარეზობს. A ჯგუფი ისე მოიგო "იუნაიტედმა", მატჩი არ წაუგია და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა 6 მატჩში.

ბოლო ტურში "იუნაიტედმა"
"კრისტალ პალასი" ლონდონში 2:0 დაამარცხა და ერთ-ერთი გოლი სწორედ უეინ რუნიმ შეაგდო. მოიესისთვის კარგი ნიშანია ტრავმებისგან გატანჯული რობინ ვან პერსის მწყობრში ჩადგომაც: ბოლო 5 შეხვედრაში ჰოლანდიელმა 4 გოლი გაიტანა.

ინგლისელებს დაცვაში უჭირთ, რის გამოც 25 თებერვალს შეიძლება ვეტერანების დუეტი ვიხილოთ დაცვის ცენტრში (ვიდიჩი-ფერდინანდი). ფილ ჯონსს, რაფაელ და სილვას და ჯონი ევანსს ტრავმები აწუხებთ, დენი უელბეკს კი მტკივანი მუხლი ნამდვილად არ მისცემს თამაშის საშუალებას.

იანვარში დამატებული ხუან მატა, ბუნებრივია, ინგლისში დარჩა. მას ჩემპიონთა ლიგაზე "იუნაიტედის" მაისურით ამ სეზონში თამაში არ შეუძლია. უფრო პოზიტიური სიახლეც არის გუნდში - დარენ ფლეტჩერი ჯანზეა და ის მატჩის განაცხადში იქნება.

Sportall.Ge

შესაძლოა, ევროპაში გრანდად არ ითვლება, მაგრამ მშობლიურ საბერძნეთში "ოლიმპიაკოსი" ორი თავით სჯობს ყველას. მიჩელის გუნდს საბერძნეთის ჩემპიონატში ზუსტად ერთი წელია, არ წაუგია. ამ სეზონში გუნდმა მხოლოდ 9 გოლი გაუშვა და პლუს 69 გოლთა შეფარდებით იწონებს თავს.

ბერძნებმა პლეი ოფის საგზური მეტად დრამატულ სიტუაციაში მოიპოვეს. C ჯგუფში წინ მხოლოდ პსჟ გაუშვეს, "ბენფიკას" კი ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებლის წყალობით გადაულოცეს ევროპალიგის საგზური.

გასულ უქმეებზე მიჩელის გუნდმა ოფი-ს წირვა გამოუყვანა, 4:0 მოუგო. ამ შეხვედრაში მარკო შჩეპოვიჩმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაგრამ, როგორც მატას, სერბ ფორვარდსაც ვერ ვიხილავთ, რადგან არც მას აქვს თამაშის უფლება - ზაფხულში მან "პარტიზანის" რიგებში ითამაშა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

სხვათა შორის, შჩეპოვიჩს ოფი-სთან თავის გამოჩენის საშუალება ხავიერ სავიოლას ტრავმამ მისცა. არგენტინელი ვერც "იუნაიტედთან" ითამაშებს, რაც დიდი დანაკლისია "ოლიმპიაკოსისთვის".

იანვარში შემომატებულები - ერნან პერესი და ივან მარკანო აუცილებლად ითამაშებენ; აი, კიდევ ერთი ახალწვეულის, პარაგვაელი ნელსონ ვალდესის გამოსვლა კი ტრავმის გამო საეჭვოა.

ურთიერთშეხვედრების ისტორია "ოლიმპიაკოსს" კარგს არაფერს უქადის - ჩემპიონთა ლიგაზე ბერძნული კლუბი 4-ჯერ შეხვდა "იუნაიტედს" და ოთხჯერვე წააგო, მეტოქეს კი მხოლოდ 2 გოლი გაუტანა, მაგრამ მაშინ ინგლისელებს სერ ალექსი წვრთნიდა...

მიჩელი (ოლიმპიაკოსი):
"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ აქამდე მოვედით და ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება ხვალინდელი შეხვედრა. ფსონი დიდია და ჩვენ არაფერს დავთმობთ. მართალია, ჩვენ ნაკლები გამოცდილება გვაქვს ევროსარბიელზე, მაგრამ სხვა პლუსები გაგვაჩნია.

ყველაფერს გავიღებთ, რომ "იუნაიტედის" დამარცხება შევძლოთ. ახლა უფრო კარგ ფორმაში ვართ, ვიდრე ჯგუფურ ეტაპზე, გუნდი მზად არის საბრძოლველად. სხვა გზა არა გვაქვს, წარმატებისთვის 100%-ით დახარჯვა მოგვიწევს"
.

დევიდ მოიესი (იუნაიტედი):
"ჯგუფური ეტაპის მოგებამ ძალები შეგვმატა. "ოლიმპიაკოსი" ძნელი მეტოქეა. მიზნად ტურნირის მოგება დავისახეთ, თუმცა წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ.

რუნის და ვან პერსის ფორმა იმედს მაძლევს, მათ გოლებიც გააქვთ და მეტოქე მცველებსაც ატერორებენ".


ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
25 თებერვალი. პირეოსი. გეორგიოს კარაისკაკისი. 23:45
ოლიმპიაკოსი-მანჩესტერ იუნაიტედი
დისკვალიფიკაცია: მარკო შჩეპოვიჩი - ხუან მატა
ტრავმა: ხავიერ სავიოლა, ნელსონ ვალდესი (?) - დენი უელბეკი, ფილ ჯონსი (?), რაფაელ და სილვა (?), ჯონი ევანსი (?)
ბოლო 6 მატჩი ლიგაზე
+3=1-2 +4=2-0
ოლიმპიაკოსი: რობერტო - ლეანდრო, მანოლასი, მარკანო, ოლებასი - მანიატისი, ნდინგა - კემპბელი, დომინგესი, პერესი - ოლაიტანი
იუნაიტედი: დე ხეა - რაფაელი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ვალენსია, ფელაინი, კერიკი, იანუზაი - ვან პერსი, რუნი
არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული