ბერძენთა დამრიგებელ მიჩელის მიერ "წლის მატჩად" მონათლულმა შეხვედრამ მოლოდინი აშკარად ვერ გაამართლა.
"იუნაიტედის" გაჭირვების ამბავი მოგეხსენებათ. მომავალი სეზონისთვის "ეშმაკებს" ლიგის საგზურის მოპოვებაც კი უჭირთ. მიუხედავად ამისა, თამაშის დაწყებამდე ექსპერტთა უმეტესობას დევიდ მოიესის გუნდი ფავორიტი ეგონა, რაც ალბათ უფრო ბოლო წლების ტრადიციის ბრალია.
1/8-ფინალში მესამე ინგლისურმა კლუბმა ითამაშა და მესამედ დაფიქსირდა ანგარიში 2:0.
მთავარი კომპლიმენტი, რაც თამაშისთვის შეიძლება გაიმეტო, სანახაობრივ მხარეზე დადებითის თქმაა. ამ მხრივ ჩვენი შეხვედრა უბრალოდ კი არა, ძალიან მოიკოჭლებდა. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში გუნდებმა თითებზე ჩამოსათვლელი მომენტები შექმნეს. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ გუნდმა, რადგან "იუნაიტედს" კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამს. ერთადერთი, ეშლი იანგის პასის შემდეგ რობინ ვან პერსის საჯარიმოში შეჭრა გვახსენდება, ოღონდ ჰოლანდიელის მოძრაობას მეტოქე აკონტროლებდა და მას არაფერი გამოუვიდა.
რაც შეეხება მასპინძელს, საგოლე შანსები თავზესაყრელად არც მას ჰქონია, თუმცა დავიდ დე ხეა მთლად უსაქმოდაც არ მდგარა.
მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო ალეხანდრო დომინგესი, ვინც მეტოქე ფეხბურთელებს ფინტებით ხშირად უსწორდებოდა. არგენტინელის გოლი ცოტა უცნაური, მაგრამ ეფექტური გამოვიდა. ფლანგზე განვითარებული შეტევის შემდეგ ბურთი ცენტრში რიკოშეტის წყალობით მოხვდა. გიანის მანიატისის საშუალო ძალის დარტყმა კარისკენ ზურგით მდგარ დომინგესს ფეხში მოხვდა თუ ნახევარმცველმა განგებ დაუხვედრა, ამის მტკიცება ძნელია. დე ხეას ნახტომი უშედეგო აღმოჩნდა.
ცუდი სანახავი გამოდგა მეორე ტაიმის 10 წუთიც. 55-ე წუთზე სტადიონი კიდევ ერთხელ "აფეთქდა". ყველაფერი მოედნის ცენტრში ტომას კლევერლის მიერ ბურთის დაკარგვით დაიწყო. ხოელ კემპბელმა პასი საჯარიმოსთან ახლოს მიიღო, მცველი მარტივი ფინტით ჩამოიშორა და შორეული მოჭრილი დარტყმით სტუმარი მეორედ დასაჯა.
თუკი ვინმეს ეგონა, რომ ამის მერე "იუნაიტედი" უკანმოუხედავ შეტევებში წავიდოდა, იმედი გაუცრუვდა. მოიესმა თამაშში დენი უელბეკი ჩართო, ვისაც ერთადერთი ნახევრად მომენტი შეექმნა, როცა რობერტომ თავიდან ბურთი მოუხსნა. ზოგადად, თამაში მას ნამდვილად არ გამოუცოცხლებია.
ბოლო 10-12 წუთის განმავლობაში მომენტი ორჯერ ჰქონდა იქამდე ჰიპერპასიურ ვან პერსის. მან ერთხელ ხარიხას გადააცილა, მეორედ კი... უელბეკს მოარტყა.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
ოლიმპიაკოსი-იუნაიტედი 2:0
გოლები: 1:0 დომინგესი (38), 2:0 კემპბელი (55)
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): რობერტო - სალინო, მანოლასი, მარკანო, ოლებასი - ნდინგა, მანიატისი - პერესი (86. ვალდესი), დომინგესი (76. მაშადო), კემპბელი (67. ფუსტერი) - ოლაიტანი
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - კლევერლი (61. კაგავა), კერიკი – ვალენსია (60. უელბეკი), იანგი, რუნი - ვან პერსი
გაფრთხილება: - ევრა, ფერდინანდი
კარში დარტყმა: 12-5 (8-2) კუთხური: 1-4 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 10-11 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 29 815
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"