"დეილი მეილი": ასეთი მწვრთნელი უნდა გაუშვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაში ინგლისური კლუბების წარუმატებლობაზე ლაპარაკი დიდხანს შეიძლება. პლეი ოფის პირველივე შეხვედრებში სამიდან სამი გუნდი დამარცხდა და თანაც, ყველა მშრალი ანგარიშით.

"ჩელსის" წუხანდელი შედეგი მკითხველს უკვე ეცოდინება. ვიღაცამ შეიძლება არგუმენტად მოიყვანოს, რომ "არსენალსა" და "მანჩესტერ სიტის" არ გაუმართლათ, როცა ლიგის უმთავრეს ფავორიტებს გადაეყარნენ; აი, "იუნაიტედის" სამარცხვინო ასპარეზობას კი, უმძიმესი კრიზისის გათვალისწინებით, გამართლება არ გააჩნია. პრემიერლიგის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი "ოლიმპიაკოსთან" უშანსოდ დამარცხდა.

ინგლისის ჩემპიონატის იმიჯი სერიოზულად შეილახა. მარტო "ჩელსის" ევროპული წარმატებები ამას უკვე აღარ შველის, არც ის, რომ დევიდ მოიესს
პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეუძლია. ალექს ფერგიუსონის მიერ წლების განმავლობაში ნალოლიავები სახელი, დამკვიდრებული ავტორიტეტი, მოიესს თვალსა და ხელს შუა ეცლება.

მატჩის შემდგომ
დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი): "ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ჩავატარეთ. ჩვენი თამაშის ხარისხი, უბრალოდ, არადამაკმაყოფილებელი კი არ იყო, მთელი მატჩი ჩავაგდეთ, დაწყებული პირველი წუთებიდან. ფრესაც კი არ ვიმსახურებდით. იმდენად ცუდად ვითამაშეთ, რომ გამოყოფითაც კი ვერავის გამოვყოფ, ვისზეც ვიტყოდი, რომ სხვებზე უკეთ გამოიყურებოდა. გაოცებული ვარ, რადგან ამას არ ველოდი. მატჩის დაწყებამდე ხომ შესანიშნავი განწყობა გვქონდა.

ორი გოლიდან ერთი რიკოშეტით მივიღეთ, თუმცა თავად არაფერი გაგვიკეთებია თუნდაც ერთი ბურთის გასაქვითავად. წინ განმეორებითი შეხვედრაა, რომელშიც ყველაფერს გავაკეთებთ მდგომარეობის გამოსასწორებლად. "ოლდ ტრეფორდი" არა ერთი და ორი მძიმე დაპირისპირების შემოტრიალების მომსწრე გამხდარა. ეს ერთადერთი პოზიტივია, რისი თქმაც დღეს საღამოს შემიძლია. იქამდე კი ჩავარდნისთვის პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ"
.

მიჩელი (ოლიმპიაკოსი): "ისეთი დიდი გუნდის დამარცხება, როგორიც "იუნაიტედია" და თანაც ასეთ სტილში, უკვე ბევრს ნიშნავს. შეუძლებელია, ასეთი თამაშის შემდეგ ბედნიერი არ იყო. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. განმეორებითი შეხვედრისთვის უკვე განსხვავებულად უნდა მოვემზადოთ. "ოლდ ტრეფორდზე" სულ სხვა თამაში გველის. ჩვენ დაგვიპირისპირდება ზუსტად ის მეტოქე, რომელსაც შეუძლებელია, რომ პატივი არ სცე.

ისინი, ვინც 2:0-ს მომდევნო ეტაპზე გასვლის გარანტიად მიიჩნევენ, მწარედ ცდებიან. "ოლიმპიაკოსი" ნელ-ნელა ემსგავსება ნამდვილ გუნდს და ისტორიაში შესასვლელად მას კიდევ დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს. უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია გრანდებთან თანაბრად ბრძოლა".


ფეხბურთელების რეაქცია
მაიკლ კერიკი (მანჩესტერი): "იმედგაცრუებების საღამოა. საბერძნეთში მოსაგებად ჩამოვედით და შედეგად, შევრცხვით. მხოლოდ ბოლო წუთებზე ავთამაშდით, როცა უკვე ძალიან გვიანი იყო. ლიგიდან ჩვენ გავარდნაზე ლაპარაკი ნაადრევია. განმეორებითი მატჩის წინ ჯერ კიდევ გვაქვს შესანიშნავი შანსი. სამი უპასუხო გოლის გატანა რთული იქნება, მაგრამ წარსულში ეს არაერთხელ გაგვიკეთებია. წლების განმავლობაში ეს სწორედ ჩვენი სტანდარტი იყო".

რობინ ვან პერსი (მანჩესტერი): "თანაგუნდელებს ხშირად ვხედავ იმ ზონებში, რომლებშიც, წესით, მე უნდა ვიმყოფებოდე. ამის გამო კიდევ უფრო მეტი მოძრაობა მიწევს, რაც, ცხადია, უსიამოვნოა. ამ პრობლემაზე ბევრს ვმუშაობთ. მარცხის შემდეგ დამნაშავის საძებნელად თითის გაშვერა იოლი საქმეა".

ექსპერტების დასკვნა
BBC-ის საფეხბურთო ანალიტიკოსმა გარი ლინეკერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ "ტვიტერზე" "იუნაიტედის" თამაში მოკლედ შეაფასა: "იუნაიტედს" წლების განმავლობაში არაერთი მძიმე დღე ჰქონია, მაგრამ ვერც კი ვიხსენებ, როდის იყო გუნდი ასეთი უსუსური, უიმედო და უბედური, თანაც საშუალო დონის გუნდის წინააღმდეგ".

არანაკლებ მწვავე იყო "დეილი მეილის" ჟურნალისტი მარტინ სემუელი: "ოლიმპიაკოსი" "ბაიერნი" და "ბარსელონა" კი არა, მხოლოდ "ოლიმპიაკოსია". ეს იყო არა სახელგანთქმული პეპ გვარდიოლა, არამედ უბრალოდ, მიჩელი; არა ლიონელ მესი, არამედ ალეხანდრო დომინგესი. გაძევებაც კი არ გახდა საჭირო "სიტისა" და "არსენალისგან" განსხვავებით. "იუნაიტედმა" მთელი თამაში 11 კაცით ჩაატარა, რაც მათ შემხედვარეს, არც კი გვჯეროდა. "შეუძლია გატანა? შეუძლია! მას ყოველთვის გააქვს".

აი, ამას ქადაგებდა ხალხი წლების განმავლობაში. წუხელ კი გოლი კი არა, კარში ვერ დაარტყეს ნორმალურად. აქამდე მოიესს გასამართლებლად ევროპაში ნაჩვენები ნორმალური შედეგები ჰქონდა. ლევერკუზენში მოგებამ და დონეცკში ნაჩვენებმა ხასიათმა ეტყობა ჩვენზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა. მსგავსი "წარმოდგენების" შემდეგ სტანდარტია, რომ მწვრთნელი უნდა გაუშვა. ასეთი თამაშების შემდეგ უკვე ყველაფერში ეჭვი გეპარება"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული