ლონდონის "ჩელსის" თავდასხმა ისევ არაეფექტურია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფების პირველი მატჩების შემდეგ ინტრიგა რეალურად მხოლოდ სამმა წყვილმა შეინარჩუნა. ვგულისხმობთ "მილანი"-"ატლეტიკოს", "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ოლიმპიაკოსსა" და რაც მთავარია, "ჩელსი"-"გალათასარაის".

სტამბულში შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოს გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს, მას მაინც უწევს მომავალი დაპირისპირებების წინ ძალების შენახვა. ამიტომაც იყო, რომ პორტუგალიელმა ანგარიშის გათანაბრების უმალ მოედანზე ორი დასვენებული ფეხბურთელი შეუშვა და შესანიშნავად ათამაშებულ მასპინძლებთან აქცენტი ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთა. მიზანი მიღწეულია, ლონდონური მატჩის წინ "ჩელსი" უკვე აშკარა ფავორიტად იქცა.

ჟოზე მოურინიო (ჩელსი):
"შესვენებამდე უპირატესობას ვფლობდით და
3-4 კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში თამაში ჯერ გათანაბრდა, შემდეგ კი უკვე სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოვექეცით. ტორესმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულა, დაიღალა და შეცვლა ითხოვა. მისი გასვლის შემდეგ კი შეტევაში სიმწვავე მოგვაკლდა. მას ძალიან არ უმართლებს.

"სიტისთან" მატჩის შემდეგ ტრავმა მიიღო. ფორმაში შევიდა თუ არა, "საუთჰემპტონსა" და "ჰალს" გაუტანა და ისევ დაიმტვრა. მომენტების რეალიზაცია გვიჭირს. ვიღაცას შეუძლია, რომ სამი მომენტიდან სამივეში გაიტანოს, ჩვენ კი ხანდახან ყოველ მეხუთესაც ვერ ვიყენებთ. ეს მხოლოდ თავდამსხმელების არაეფექტურობაზე კი არა, მთლიანად გუნდის პრობლემებზე მიუთითებს.

გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი და მოძრაობა გვაკლია, რაც შედეგებზე ცუდ გავლენას ახდენს. ჩემპიონატს ვლიდერობთ, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ბევრი დაუგეგმავი ქულა დავკარგეთ"
.

რობერტო მანჩინი (გალათასარაი):
"ჩვენთვის ფრე მისაღები შედეგია. მართალია, დებიუტში რამდენჯერმე უხეშად შევცდით, მაგრამ ეს ალბათ იმის ბრალი იყო, რომ მეტოქის ოდნავ გვეშინოდა და დაცვაში ძალიან ღრმად ვმოქმედებდით. შესვენების შემდეგ თამაში აშკარად გამოვასწორეთ, რამაც ძალიან გამახარა. ჩემი აზრით, მეორე გოლსაც ვიმსახურებდით.

ლონდონში მძიმე მატჩი გველოდება, თუმცა ჩემმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რაც შეუძლიათ. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ახლა უფრო მეტი შეგვიძლია, ვიდრე თამაშამდე. "ჩელსი" ისევ ფავორიტია. 60/40-ზე - აი, ასე შევაფასებდი მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული