ჩემპიონთა ლიგა: აბა, დღეს ვინ გაგვართობს?

AutoSharing Option

არა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური მთლად ფორმალობა არ გამხდარა. ინტრიგის მხრივ ბევრით ვერაფრით გაგახარებთ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ E-დან H ჯგუფამდე მერვედფინალში გასვლისთვის მხოლოდ „რომა“ და „ბაზელი“, ასევე, ბოლო ჯგუფიდან „შახტარი“, „არსენალი“ და „ბრაგა“ იბრძვიან.


E ჯგუფი


კლუჟი-რომა

ბევრი ჯგუფისგან განსხვავებით, აქ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ვინ გაჰყვება მიუნხენის „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მაგრამ ინტრიგა არ არის მაინცდამაინც დიდი, რადგან „რომა“ იდეალურ მდგომარეობაშია. იტალიური კლუბი შვეიცარიულ „ბაზელს“ სამი ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ჯალოროსის“ „კლუჟთან“ ფრეც

ეყოფა საიმისოდ, რომ ჯგუფიდან გავიდეს. რუმინელები კი ბოლო ადგილზე მყარად არიან, ხუთი თამაშის მერე ოდენ სამი ქულა აქვთ და მესამე ადგილზე გასვლისა და ევროპის ლიგაში გადასვლის შანსიც კი აღარ აქვთ. შესაბამისად, „კლუჟის“ მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ახალ მწვრთნელ ალინ მინტეუანთან ერთად, წლევანდელი ევრომოღვაწეობა კარგად დაასრულოს და მერე მთლიანად რუმინეთის ჩემპიონატზე გადაერთოს, სადაც სერიოზული პრობლემები აქვს: „კლუჟი“ მეშვიდე ადგილზეა, რასაც კლუბის ხელმძღვანელები და გულშემატკივრები ვერაფრით შეეგუებიან.
რომაელებმა გასულ უქმეებზე „კიევოსთან“ ორი ქულა დაკარგეს (2:0-ს იგებდნენ, საბოლოოდ კი 2:2-ს დასჯერდნენ) და წარუმატებლობა სავსებით სამართლიანად მოედნის საფარს დააბრალეს.


სავარაუდო შემადგენლობები
კლუჟი (4-2-2): ნუნო კლარო - პანინი, კადუ, ალკანტარა, რადა - დიკა, პიკოლო, დე ზერბი, კულიო - ტრაორე, ბიელანოვიჩი.
რომა (4-4-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი, ჟუანი, მექსე, კასტელინი - ტადეი, ბრიგი, დე როსი, მენეზი - ტოტი, ბორიელო.
არბიტრი: ვილიამ კოლუმი (შოტლანდია)


ბაიერნი-ბაზელი

მერვედფინალში გასვლის თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს „ბაზელს“, რომელიც დღეს მიუნხენში ითამაშებს, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ „რომა“ „კლუჟთან“ დამარცხდეს, ხოლო „ბაზელმა“ კი „ბაიერნს“ მიუნხენში მოუგოს. ასეთ შემთხვევაში, „ბაზელი“ და „რომა“ ქულების თანაბარ რაოდენობას დააგროვებენ, უპირატესობა კი, ურთიერთშეხვედრების შედეგად, „ბაზელს“ მიენიჭება, რადგან შვეიცარიელებმა რომში 3:1 მოიგეს, საკუთარ მოედანზე კი 2:3 დამარცხდნენ.

ამ უქმეებზე „ბაზელმა“ „ბერნი“ 3:1 დაამარცხა და შესაბამისად, შვეიცარიელები მიუნხენში თავდაჯერებულები ჩავიდნენ. ამ წარმატებაში ლომის წვლილი მიუძღვოდა თავდამსხმელ მარკო შტრელერს (სამი საგოლე პასი), რომელიც ახლახან გამოჯანმრთელდა. „ბაიერნს“ არაფერი აღარ აინტერესებს გარდა იმისა, რომ თუ მოიგო, რეიტინგში ქულები მოემატება, რაც გერმანიას იტალიის კიდევ უფრო უკან ჩამოტოვებაში დაეხმარება. სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე.
აქვე ისიც უნდა გაგახსენოთ, რომ „ბაზელის“ მწვრთნელი ტორსტენ ფინკი „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელია და კარიერის საუკეთესო წლები მიუნხენურ გრანდში აქვს გატარებული.


სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ბრენო, ტიმოშჩუკი, პრანიჩი - ოტლი, კროოსი - ჰამით ალთინთოფი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.
ბაზელი (4-4-2): კოსტანცო - ინკოომი, აბრაამი, ფერატი, საფარი - შაქირი, კაბრალი, იაპი, შტოკერი - ფრაი, შტრელერი.
არბიტრი: მარტინ ჰანსონი (შვედეთი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 5 4 0 1 13-6 12
2. რომა 5 3 0 2 9-10 9
3. ბაზელი 5 2 0 3 8-8 6
4. კლუჟი 5 1 0 4 5-11 3


F ჯგუფი


ჟილინა-სპარტაკი

ეს არის ჯგუფი, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი გარკვეულია. „ჩელსის“ პირველი ადგილი აქვს გარანტირებული, „მარსელს“ მეორე, მოსკოვის „სპარტაკი“ მესამე ადგილითა და ევროპის ლიგაში გადასვლის პერსპექტივით უნდა დაკმაყოფილდეს, „ჟილინა“ კი უქულო და შესაბამისად, უშანსო აუტსაიდერია. თუმცა „ჟილინას“ მიზანია, უქულოდ არ დაასრულოს ასპარეზობა და პრინციპში, ამ მიზნის მიღწევა რეალურია, რადგან წესით, „სპარტაკმა“ ბრძოლით თავი არ უნდა მოიკლას. იმედია, რუსეთის სახალხო გუნდის დამრიგებელი ვალერი კარპინი ჯანო ანანიძეს უმოტივაციო მატჩში მაინც გაამწესებს ძირითად შემადგენლობაში.

სავარაუდო შემადგენლობები
ჟილინა (4-1-3-2): დუბრავკა - ანგელოვიჩი, პიაჩეკი, პეჩალკა, გერგელი - გულდანი - ვლადავიჩი, ბელო, ჟეცი - ორავეცი, მაიტანი.
სპარტაკი (4-4-1-1): დიკანი - ივანოვი, პარეხა, სუხი, მაკეევი - იბსონი, კომბაროვი, ბეჟანოვი, მაკგიდი - ანანიძე - ველიტონი.
არბიტრი: კევინ ბლომი (ჰოლანდია)


მარსელი-ჩელსი

პარალელურად, „მარსელი“ „ველოდრომზე“ ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. ლონდონელებს ხუთივე თამაში მოგებული აქვთ და ჩემპიონთა ლიგაში თავს იდეალურად გრძნობენ, სამაგიეროდ, პრემიერლიგაში აურიეს. კარლო ანჩელოტის გუნდი შაბათს „ევერტონთან“ 1:1-ს დასჯერდა, მანამდე კი „ნიუკასლსაც“ ვერ მოუგო. შედეგად, „ჩელსი“ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. სხვათა შორის, შიდა ასპარეზზე არც „მარსელი“ ბრწყინავს - დიდიე დეშამის გუნდმა გასულ უქმეებზე „ნიცასთან“ წააგო (0:1) და მეოთხე ადგილზეა.


სავარაუდო შემადგენლობები
მარსელი (4-3-3): მანდანდა - კაბორე, დიავარა, ჰაინცე, ტაივო - ლუჩო გონსალესი, სისე, შეირუ - ვალბუენა, ბრანდაო, რემი.
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, ალექსი, ტერი, ე. კოული - ესიენი, ობი მიკელი, რამირესი - სტარიჯი, ანელკა, მალუდა.
არბიტრი: ვლადისლავ ბეზბოროდოვი (რუსეთი)


თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 5 5 0 0 14-3 15
2. მარსელი 5 3 0 2 11-3 9
3. სპარტაკი 5 2 0 3 5-9 6
4. ჟილინა 5 0 0 5 2-17 0


G ჯგუფი


მილანი-აიაქსი

კიდევ კარგი, რომ ამ ჯგუფში ერთი რამ მაინც არის გასარკვევი, თორემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური ძალიან უინტერესო იქნებოდა. ტყუილად გაგიხარდათ - პირველ და მეორეადგილოსნების ვინაობა აქაც გარკვეულია: მადრიდის „რეალი“ ჯგუფის გამარჯვებულია და ლიდერობის დაკარგვის საფრთხე აღარ ემუქრება, მეორე ადგილი კი „მილანმა“ გაინაღდა. აი, „ოსერი“ და „აიაქსი“ კი მესამე ადგილისთვის იბრძვიან. ჰოლანდიელებს ფრანგებზე ერთით მეტი ქულა აქვთ და შესაბამისად, უკეთეს მდგომარეობაში არიან. საინტერესოა ისიც, რომ „აიაქსი“ და „ოსერი“ სტუმრად თამაშობენ - ამსტერდამელები მილანში ითამაშებენ, ფრანგები კი მადრიდში.
აღსანიშნავია, რომ „აიაქსს“ „სან სიროზე“ ბრძოლა მთავარი მწვრთნელის, მარტინ იოლის გარეშე მოუწევს - გასულ უქმეებზე „აიაქსმა“ „ნიიმეგენთან“ 1:1 ითამაშა, რის შემდეგაც იოლი თანამდებობიდან გადადგა. ჰოლანდიურ გრანდს დროებით „აიაქსისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ფრანკ დე ბური წვრთნის და დღეს ამსტერდამელებმა „მილანს“ რომ მოუგონ, ვინ იცის, ეგებ დე ბური პოსტზე დიდხანს დატოვონ, მაგრამ „მილანი“ ძალიან კარგ ფორმაშია: „როსონერიმ“ უიქენდზე „ბრეშა“ 3:0 გაანადგურა და სერია A-ში ლიდერობა შეინარჩუნა. თუმცა „მილანის“ უმოტივაციოა და ჰოლანდიელებსაც ამის იმედი აქვთ.


სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): ამელია - ბონერა, იეპესი, ტიაგო სილვა, იანკულოვსკი - ფლამინი, პირლო, ამბროზინი - ზეედორფი - რონალდინიო (ან რობინიო), იბრაჰიმოვიჩი.
აიაქსი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ემანუელსონი - ენო, დე ზეუვი - სულეიმანი, ელ ჰამდაუი, ოლეგერი - მიდო.
არბიტრი: კლაუს ბო ლარსენი (დანია)


რეალი-ოსერი

თუ „ოსერის“ ფეხბურთელები მესამე ადგილზე ოცნებობენ, მადრიდში „რეალი“ უნდა დაამარცხონ, რაც, დაგვეთანხმებით, ძალიან ძნელია - მიუხედავად იმისა, რომ „სამეფო გუნდს“ პირველი ადგილი განაღდებული აქვს. ისე, თუ „აიაქსი“ მილანში დამარცხდება, „ოსერს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფრეც ეყოფა იმისათვის, რომ ახალი წლიდან ევროპის ლიგაში იასპარეზოს. მართალია, „აიაქსი“ და „ოსერი“ ურთიერთშეხვედრებში თანაბრად არიან, მაგრამ ბურთების შეფარდება ფრანგების მცირე უპირატესობაზე მეტყველებს.
„რეალს“ დღეს არც გონსალო იგუაინი ეყოლება, არც სერხიო კანალესი და არც მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც უეფამ წინა ტურში, ამსტერდამში დადგმული სპექტაკლის (გამიზნული გაძევებები) გამო დასაჯა.


სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-2-3-1): დუდეკი – არბელოა, რ. კარვალიო, ალბიოლი, მარსელო – ლ. დიარა, მ. დიარა – პედრო ლეონი, გრანერო, კ. რონალდო – ბენზემა.
ოსერი (4-2-3-1): სორინი – დუდკა, კულიბალი, მინიო, გრიხტინგი – შაფნი, პედრეტი – ოლიეში, ბირსა, ტრაორე – კონტუ.
არბიტრი: სერგ გუმიენი (ბელგია)


თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 5 4 1 0 11-2 13
2. მილანი 5 2 2 1 7-5 8
3. აიაქსი 5 1 1 3 4-10 4
4. ოსერი 5 1 0 4 3-8 3


H ჯგუფი


არსენალი-პარტიზანი

ეს არის ერთადერთი ჯგუფი, სადაც ყველაფერი გასარკვევია, მაგრამ როლები აქაც მკაფიოდაა გადანაწილებული. სანერვიულო მხოლოდ ბოლოადგილოსან „პარტიზანს“ არ აქვს - ბელგრადელები უიმედო, სამარცხვინო აუტსაიდერები არიან ნული ქულით და მხოლოდ ერთი გოლით. დღეს სერბული ფეხბურთის შემარცხვენელი „პარტიზანი“ ლონდონში „არსენალს“ ეთამაშება. „არსენალი“ კი მეორე ადგილზეა და შეუძლია როგორც პირველი ადგილის დაკავება, ასევე მესამე ადგილამდე ჩამოქვეითება და ჯგუფში ჩარჩენაც. მაგრამ აბა ვინ იფიქრებს, რომ „მეთოფეებს“ „პარტიზანთან“ პრობლემები შეექმნებათ?


სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-4-2): ფაბიანსკი - სანია, სკილაჩი, კოშილნი, ჯურუ - გიბსი, დენილსონი, ნასრი, უოლკოტი - ვან პერსი, ბენდტნერი.
პარტიზანი (4-4-1-1): სტოიკოვიჩი - სტევანოვიჩი, პეტროვიჩი, კრსტაიჩი, სმილიანიჩი - მორეირა, ლაზევსკი, ბაბოვიჩი, ილიჩი - იოვანოვიჩი - კლეო.
არბიტრი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)


შახტარი-ბრაგა

სხვათა შორის, პირველი, მეორე და მესამე ადგილების დაკავება „შახტარს“ და „ბრაგასაც“ შეუძლიათ, თანაც, ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან. უკრაინელები საუკეთესო მდგომარეობაში არიან, რადგან „არსენალს“ და „ბრაგას“ სამი ქულით უსწრებენ. შესაბამისად, დონეცკურ კლუბს მერვედფინალის საგზურისა და პირველი ადგილის გასანაღდებლად ქულაც ეყოფა. მატჩი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს, რადგან დებიუტანტი „ბრაგა“ ბოლომდე იბრძოლებს. სხვა საქმეა, რამდენად ხელეწიფებათ პორტუგალიელებს დონეცკში მოგება. ფაქტია, რომ თუ შეძლეს და მოიგეს, „შახტარს“ გაუთანაბრდებიან, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, გადამწყვეტი ის იქნება, თუ რას იზამს „არსენალი“. ლონდონელებსაც ცხრა ქულა აქვთ და „პარტიზანის“ დამარცხების შემთხვევაში, მერვედფინალში არსენ ვენგერის გუნდი გავა, რადგან ორივე კონკურენტთან ურთიერთშეხვედრებში ბურთების შეფარდების მხრივ უპირატესობა აქვს.
თუ „არსენალი“ „პარტიზანს“ ვერ მოუგებს, ხოლო „ბრაგა“ კი დონეცკში იმარჯვებს, პორტუგალიელები მერვედფინალში გავლენ, ლონდონური კლუბი კი ჯგუფში ჩარჩება.


სავარაუდო შემადგენლობები

შახტარი (4-5-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, ტაცი - გაი, სტეპანენკო, ედუარდო, ჟადსონი, ვილიანი - ლუის ადრიანო.
ბრაგა (4-3-2-1): ფელიპე - მიგელ გარსია, ალბერტო როდრიგესი, მოიზესი, სილვიო - აგიარი, ვანდინიო, ლეანდრო სალინო - ალანი, მატეუსი - ლიმა.
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)


თ მ ფ წ ბ ქ
1. შახტარი 5 4 0 1 10-6 12
2. არსენალი 5 3 0 2 15-6 9
3. ბრაგა 5 3 0 2 5-9 9
4. პარტიზანი 5 0 0 5 1-10 0



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული