რონალდინიო, GAME OVER!

AutoSharing Option

„არსენალმა“ შვებით ამოისუნთქა; „ჩელსის“ ლეგენდარულ რეკორდამდე ცოტა დააკლდა; რონალდინიო კი, შეგვიძლია, უკვე საბოლოოდ ჩამოვწეროთ. გარდა ამისა: სკანდალური მატჩი „ჟილინასა“ და „სპარტაკის“ მონაწილეობით, რომელშიც ჯანო ანანიძეს არ უასპარეზია და ბენზემას შოუ-პროგრამა „სანტიაგო ბერნაბეუზე“.

განცდები და რეაქციები ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვაში:



E ჯგუფი

კლუჟი-რომა 1:1
გოლები: 0:1 ბორიელო (21), 1:1 ტრაორე (88)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხულიო კულიო (კლუჟი)

რუმინეთში საკმაოდ ვაჟკაცური ფეხბურთი ვიხილეთ: „კლუჟის“ ფეხბურთელები მედგრად იბრძოდნენ და ცდილობდნენ, ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ მატჩში საკუთარი გულშემატკივრები გაეხარებინათ, „რომას“ კი ფეხბურთის თამაში შეუძლია და ეს „კლუჟთანაც“ დაამტკიცა.

აღსანიშნავია მარკო ბორიელოს მეოთხე გოლი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, რომელიც წესით არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან იმ მომენტში, როცა იტალიელ თავდამსხმელს ფაბიო სიმპლისიო პასს აძლევდა, ბორიელო თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

„რომა“ მალევე დაწინაურდა და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იგებდა. „კლუჟმა“ კი ბოლო ოც წუთში ძალიან მოინდომა და რაკი რომაელებს მიუნხენიდან არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდათ („ბაიერნი“ „ბაზელს“ 3:0-ს უგებდა), კლაუდიო რანიერის ბიჭები ცოტათი მოეშვნენ და გაუშვეს გოლი, რომელმაც იტალიურ კლუბს არაფერი დააკლო - გარდა სარეიტინგო ქულებისა და უეფას ჰონორარისა (მოგებაზე).


ბაიერნი-ბაზელი 3:0
გოლები: 1:0 რიბერი (35), 2:0 ტიმოშჩუკი (37), 3:0 რიბერი (50)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: თომას კრაფტი (ბაიერნი)


მიუნხენის „ბაიერნმა“ არც ყოფილი ბაიერნელი ტორსტენ ფინკი დაინდო და ბოლო ტურში, ფაქტობრივად უმოტივაციო მატჩში მისი „ბაზელი“ 3:0 გაანადგურა. ბოლომდე ბრძოლას აზრი ნამდვილად ჰქონდა: ჯერ ერთი, სარეიტინგო ქულები და რაც მთავარია, უეფას მიერ გამოწერილი 800 000 ევრო თითოეულ მოგებაზე. იმ დროს, როცა იტალიელები ასეთ დეტალებს ყურადღებას არ აქცევენ, გერმანელები მდიდრდებიან და ბოლო ხუთი წლის რეიტინგშიც უკვე დამაჯერებლად სჯობნიან სერია A-ს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 15 ქულით დაასრულა, რაც ამ კლუბის ისტორიაში სარეკორდო შედეგია. ჯგუფურ ეტაპზე რეკორდმაისტერის საუკეთესო მაჩვენებელი აქამდე 14 ქულა იყო - 2001/2002 წლების სეზონი.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს: მოსაყოლი ბევრი არაფერია. პირველ 30 წუთში „ბაზელი“ „ბაიერნს“ სჯობდა და ორი რეალური საგოლე მომენტიც შეექმნა. ხოლო ის, რომ მიუნხენელთა კარში გოლი არ გავიდა, მხოლოდ ბავარიელთა მეკარე თომას კრაფტის დამსახურებაა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჰანს-იორგ ბუტის წასვლის მერე შანსის მიღებას იმსახურებს. ფრანკ რიბერი პირველ ნახევარ საათში ყველაზე სუსტი ბაიერნელი იყო, მერე კი აფეთქდა და შვეიცარიელები ორი გოლით დაამწუხრა. ერთი გოლი კი ანატოლი ტიმოშჩუკის ანგარიშზეა - უკრაინელ საყრდენს ამ ბოლო დროს, მისი პოზიციის კვალობაზე, ზედმეტად ბევრი გოლი გააქვს.


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 6 5 0 1 16-6 15
2. რომა 6 3 1 2 10-11 10
3. ბაზელი 6 2 0 4 8-11 6
4. კლუჟი 6 1 1 4 6-12 4



F ჯგუფი

ჟილინა-სპარტაკი 1:2
გოლები: 1:0 მაიტანი (47), 1:1 ალექსი (54), 1:2 იბსონი (61)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ალექსი (სპარტაკი)


მოსკოვის „სპარტაკს“ სლოვაკეთში ისეთი ქომაგები გაჰყვნენ, რომელთა უმეტესობას ტვინი ნახევრად ან საერთოდ არ აქვს განვითარებული. თამაში სულ ხუთი წუთის დაწყებული იყო, როცა მოსკოველმა ფანებმა აურიეს: მოედანზე პეტარდებს კიდევ რაღაც-რაღცებს ისროდნენ, რის გამოც მსაჯი კევინ ბლომი იძულებული გახდა, თამაში შეეწყვიტა და ფეხბურთელები გასახდელებში გაეხიზნა. „სპარტაკის“ ფანები მხოლოდ მას მერე დამშვიდნენ, რაც მოსკოველი ფეხბურთელები მათთან მივიდნენ, ტაში დაუკრეს და კარგად მოქცევა სთხოვეს. ამრიგად, შეხვედრა 25-წუთიანი პაუზის მერე განახლდა.

მერე იყო „ჟილინას“ იღბლიანი გოლი, „სპარტაკის“ ორი სამაგალითო კონტრშეტევა, წითელი ბარათი და ბოლოს მოსკოველმა ფანებმა ისევ აურიეს. შესაბამისად, ბლომმა საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე, თამაში კიდევ ერთხელ შეწყვიტა...

ზოგადად, „ჟილინამ“ ბოლო მატჩშიც დაამტკიცა, რომ ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში არაფერი დაჰკარგვია. ციფრები ყველაფერზე ნათლად მეტყველებს: 0 ქულა, ბურთების შეფარდება 3-19. „სპარტაკი“ კი ახალი წლიდან ევროპის ლიგაში იასპარეზებს, მაგრამ თავიდან, სავარაუდოდ, ქომაგების გარეშე, რადგან უეფაში მოსკოველთა დასჯაზე მსჯელობა უკვე დაიწყეს.


მარსელი-ჩელსი 1:0
გოლი: 1:0 ბრანდაო (81)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მატიო ვალბუენა (მარსელი)


პირველი 20 წუთი მხოლოდ მარსელის „ოლიმპიკისა“ იყო: მასპინძლებს სამი-ოთხი საგოლე მომენტი შეექმნათ და ერთხელ „ჩელსის“ კარის ძელიც შეაზანზარეს. მერე კი მსაჯმა დაიწყო ღადაობა: დიავარამ მალუდას საკუთარ საჯარიმოში ისე მაგრად ჩაარტყა, რომ ეს უკანასკნელი თითქმის გაფრინდა, რუსმა არბიტრმა ვლადისლავ ბეზბოროდოვმა კი კუთხურის ნიშნულისკენ მიუთითა, პენალტზე და მით უმეტეს დიავარას გაფრთხილებაზე არც კი დაფიქრებულა.


ლონდონელები (ლემპარდის, კოულის და ანელკას გარეშე) შედარებით მოკრძალებულად თამაშობდნენ, რის გამოც კარლო ანჩელოტის გუნდს ნამდვილად ვერ დავძრახავთ. „არისტოკრატების“ ტაქტიკა მომლოდინე და კონტრშეტევებზე იყო აგებული, მაგრამ როცა კონტრიერისების შანსი ეძლეოდათ, მაშინაც ეტყობოდათ, რომ მთლად კონცენტრირებულები არ იყვნენ. „მარსელს“ მოგება ძალიან უნდოდა და უდიდესი მონდომება დაუფასდა კიდეც - ბრანდაომ გამარჯვების გოლი საფინალო სასტვენამდე 9 წუთით ადრე გაიტანა.
ისე, „ჩელსის“ მოგების შემთხვევაში „ბარსელონას“ მიღწევის გამეორება შეეძლო: 2002/2003 წლების სეზონში „ბარსამ“ ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე თამაშის მოგება შეძლო.


თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 6 5 0 1 14-4 15
2. მარსელი 6 4 0 2 12-3 12
3. სპარტაკი 6 3 0 3 7-10 9
4. ჟილინა 6 0 0 6 3-19 0



G ჯგუფი

მილანი-აიაქსი 0:2
გოლები: 0:1 დე ზეეუვი (57), 0:2 ალდერვეირელდი (66)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ტობი ალდერვეირელდი (აიაქსი)


„მილანს“ მერვედფინალში თამაში ამ მატჩამდე უკვე გარანტირებული ჰქონდა და რა გასაკვირია, რომ იტალიელებმა ძალიან მთვლემარე და უიდეო ფეხბურთი ითამაშეს. იმის გამო, რომ პირველ წუთებში ბრძოლით თავი არც ამსტერდამულ კლუბს მოუკლავს, „სან სიროზე“ შეკრებილი ქომაგებიც დიდხანს ამთქნარებდნენ. ასეთ უმოტივაციო მატჩში ორმაგად სამარცხვინო იყო სუარესისა და სულეიმანის სიმულანტობები, რომლების თერთმეტმეტრიანებს ითხოვდნენ და ყვითელი ბარათები მიიღეს.

მეორე ტაიმში თამაში გაცოცხლდა, უფრო სწორად, „აიაქსმა“ გააცოცხლდა და დე ზეეუვის დამსახურებული გოლითაც დაწინაურდა. დღის ულამაზესი გოლი კი ამსტერდამელთა მცველის, ალდერვეირელდის ანგარიშზეა, რომელმაც მილანელთა მეკარე მარკო ამელია ოცი მეტრიდან ეფექტური დარტყმით დაამწუხრა.

„მილანი“ მოგვიანებით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოედანზე გასვლის შემდეგ გამოფხიზლდა, მაგრამ არა იმდენად, რომ თამაშის გადარჩენის რეალური შანსი მისცემოდა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მატჩის 66-ე წუთზე მილანელთა რიგებში 18 წლის გერმანელი ფეხბურთელი ალექსანდერ მერკელი გამოჩნდა. „როსონერიში“ უსუსტესი რონალდინიო გახლდათ. მასიმილიანო ალეგრიმ ბრაზილიელი კიდევ ერთხელ გაამწესა ძირითად შემადგენლობაში და თუ „მილანის“ თავკაცს ნამუსი აქვს, მაშინ ეს რონალდინიოს უკანასკნელი შანსი იქნება.


რეალი-ოსერი 4:0
გოლები: 1:0 ბენზემა (12), 2:0 რონალდო (49), 3:0 ბენზემა (72), 4:0 ბენზემა (88)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ქარიმ ბენზემა (რეალი)


„რეალმა“ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი წამყვანი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის გარეშე ჩაატარა, მაგრამ მაინც მოიგო და თანაც, თვალსასეირო ანგარიშით. დისკვალიფიცირებული ჟოზე მოურინიო სათადარიგოთა სკამზე პორტუგალიელის ასისტენმა აიტორ კარანკამ შეცვალა, ალონსო და რამოსიც დასჯილები იყვნენ, ხედირა განაცხადში არ ყოფილა, კასილიასი და იოზილი კი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

კასილიასი დუდეკმა შეცვალა და ეს უკანასკნელიც იძულებული გახდა, შესვენებაზე გასახდელში დარჩენილიყო. შესაბამისად, მეორე ტაიმში „სამეფო გუნდის“ კარში პირველად, ახალგაზრდა ადანი ჩადგა, რომელსაც ბევრი საქმე არ ჰქონია. მატჩის პერიპეტიებზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით: „რეალი“ მოვლენებს 90 წუთის მანძილზე უპრობლემოდ აკონტროლებდა, „ოსერი“ კი მადრიდულ გრანდს მხოლოდ კონტრშეტევებზე კბენდა და იცის უმნიშვნელოდ. ფრანგები „რეალის“ ფრანგმა თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ დახვრიტა და ბომბარდირთა დავაში თანამებრძოლ კრიშტიანო რონალდოს გაუთანაბრდა (ორივეს ოთხი გოლი აქვს).


თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 6 5 1 0 15-2 16
2. მილანი 6 2 2 2 7-7 8
3. აიაქსი 6 2 1 3 6-10 7
4. ოსერი 6 1 0 5 3-12 3


H ჯგუფი

არსენალი-პარტიზანი 3:1
გოლები: 1:0 ვან პერსი (30-პენ), 1:1 კლეო (52), 2:1 უოლკოტი (73), 3:1 ნასრი (77)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სამირ ნასრი (არსენალი)


ლონდონის „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 18 გოლის გატანა შეძლო და „მანჩესტერ იუნაიტედის“ რეკორდამდე, რომელიც მანკუნიანელებმა 1998/99 წლების სეზონში დაამყარეს, ძალიან ცოტა, მხოლოდ ორი გოლი დააკლდა. წესით, „მეთოფეებს“ „პარტიზანთან“ ეს ორი გოლიც უნდა გაეტანათ. მართალია, მატჩის მერე რობინ ვან პერსი ამბობდა, ბელგრადელებმა ძალიან კარგად ითამაშესო, მაგრამ ეს დიპლომატიური ჟესტი უფრო იყო, ვიდრე რეალობა, რადგან თუ ვინმეზე ითქმის, უტევდაო, მხოლოდ „არსენალზე“. მიუხედავად იმისა, რომ არსენ ვენგერის ბიჭებმა განსაკუთრებით ფლანგებზე (ნასრი/სანია) გაილაღეს, ლონდონურმა კლუბმა მაინც ვერ შეძლო ტაბლოზე ისეთი ანგარიშის დაფიქსირება, როგორიც „ბრაგასთან“ (6:0) და „შახტართან“ (5:1) საშინაო შეხვედრებში „გამოაცხო“.


შახტარი-ბრაგა 2:0
გოლები: 1:0 რაცი (78), 2:0 ადრიანო (83)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რავზან რაცი (შახტარი)


მართალია, „შახტარს“ არც ისე ძლიერი მეტოქეები ჰყავდა (თუ არ ჩავთვლით „არსენალს“), რაც დონეცკელთა წარმატებას საკმაოდ აკნინებს, მაგრამ უკრაინულ კლუბს მაინც ტაში უნდა დავუკრათ, რადგან ჯგუფურ ეტაპზე 15 ქულის დაგროვება სახუმარო ამბავი ნაღდად არ არის. დონეცკელები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველად გავიდნენ და რომ არა ფიასკო ლონდონში (1:5), იდეალურად წარმოჩნდებოდნენ (ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი გოლი ექნებოდათ გაშვებული).
„შახტარმა“ „ბრაგასთან“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უდიდესი მონდომებით ბევრის მიღწევა შეიძლება. გოლები კი გვიან გავიდა, მაგრამ დონეცკელთა გამარჯვება ასი პროცენტით დამსახურებულია.


თ მ ფ წ ბ ქ
1. შახტარი 6 5 0 1 12-6 15
2. არსენალი 6 4 0 2 18-7 12
3. ბრაგა 6 3 0 3 5-11 9
4. პარტიზანი 6 0 0 6 2-13 0

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული