ჩემპიონთა ლიგა. VI ტურის მატჩების წინ: ყოფნა-არყოფნა

AutoSharing Option
ფოტოზე: ანდრეა პირლო და კლაუდიო მარკიზიო ვარჯიშისას

დღეს ჩემპიონთა ლიგა A-B-C და D ჯგუფებში დასრულდება. ამ ჯგუფებში პლეი ოფის 8 საგზურიდან 5-ის მფლობელის ვინაობა ცნობილია, სამის - არა.

ახლოსაა მიზანთან ტურინის "იუვენტუსი". დიდ ბატალიებს ველით ლივერპულსა და მონაკოში...

A ჯგუფი: "ბებერი ქალბატონის" საშინაო დავალება
მასიმილიანო ალეგრის გუნდს მიზნამდე ქულა აშორებს, თუმცა როგორია ქულის აღება დიეგო სიმეონეს გუნდთან?! "ბებერი ქალბატონი" წაგების შემთხვევაშიც შეიძლება გავიდეს, მაგრამ "ოლიმპიაკოსის" თამაშზე იქნება დამოკიდებული. ასე რომ, ტურინში დიდი ბრძოლა გველის.

აი, რას ამბობს "იუვეს" ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო:
"უკვე კარგად ვიცნობთ "ატლეტიკოს" და ვიცით, რა მაგრები არიან მეტოქის ფეხბურთელები სტანდარტული მდგომარეობებისას. ძალიან ძნელია, ამ გუნდს გოლი გაუტანო, მიუხედავად იმისა, რომელ საფეხურზეა ცხრილში და სჭირდება თუ არა ქულები.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, შემდეგ ეტაპზე თამაში გვსურს. ძალიან ბევრი ვიშრომეთ ამ თვეებში საამისოდ და ახლა ერთი ქულა გვრჩება მიზნამდე.

ეს არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩვენთვის და უფლება არა გვაქვს, შეცდომა დავუშვათ. პირველმა შეხვედრამ აჩვენა, რომ "ატლეტიკოს" მეტოქის ერთზე მეტი შეცდომა არ სჭირდება გამოსაყენებლად".

"ოლიმპიაკოსს" "მალმიოსთან" დაპირისპირებაში არ ეყოლება ერთ-ერთი ლიდერი ლუკა მილოვოიევიჩი, რომელიც წლის ბოლომდე დაიმტვრა.

9 დეკემბერი
ოლიმპიაკოსი-მალმიო 23:45
იუვენტუსი-ატლეტიკო 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 5 4 0 1 14-3 12
2. იუვენტუსი 5 3 0 2 7-4 9
3. ოლიმპიაკოსი 5 2 0 3 6-11 6
4. მალმიო 5 1 0 4 2-11 3

ყველა მატჩი:
იუვენტუსი-მალმიო 2:0
ოლიმპიაკოსი-ატლეტიკო 3:2
მალმიო-ოლიმპიაკოსი 2:0
ატლეტიკო-იუვენტუსი 1:0
ოლიმპიაკოსი-იუვენტუსი 1:0
ატლეტიკო-მალმიო 5:0
იუვენტუსი-ოლიმპიაკოსი 3:2
მალმიო-ატლეტიკო 0:2
ატლეტიკო-ოლიმპიაკოსი 4:0
მალმიო-იუვენტუსი 0:2

ვინ გადის პლეი ოფში
* "ატლეტიკო" გასულია და პირველ ადგილსაც დაიკავებს, თუ ბოლო ტურში 2 ან მეტი ბურთის სხვაობით არ წააგებს.

* "იუვენტუსი" გავა ფრის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ "ოლიმპიაკოსი" ვერ მოიგებს. თუკი "იუვენტუსი" 2 ან მეტი გოლის სხვაობით მოიგებს, იტალიური გრანდი პირველ ადგილსაც დაიკავებს.

* "ოლიმპიაკოსი" გავა, თუ გაიმარჯვებს და "იუვენტუსი" დამარცხდება.

* "მალმიო" გამარჯვების შემთხვევაში ევროპალიგის პლეი ოფში გავა.

B ჯგუფი: ენფილდზე საომარი
"ენფილდზე" ბრენდან როჯერსს, ალბათ, უკანასკნელი შანსი მიეცემა, სეზონი გადაარჩინოს და თავიც გადაირჩინოს - "ლივერპული" მთავარ მოცილეს, "ბაზელს" მასპინძლობს. აი, ბულგარულ "ლუდოგორეცს" მე-2 ადგილის დაკავების თეორიული შანსიც აღარ აქვს.

კარლო ანჩელოტიმ უკვე განაცხადა, რომ ვიგოს "სელტასთან" მატჩში მიღებული დაზიანება მეორე ხარისხისაა, ამიტომაც ჯეიმს (ხამეს) როდრიგესი წლის ბოლომდე დაისვენებს. ბუნებრივია, ის "ლუდოგორეცთან" მატჩშიც ვერ იქნება, ისევე, როგორც ლუკა მოდრიჩი.

პრესკონფერენციაზე ანჩელოტიმ კეილორ ნავასი იახლა, რაც იმის ნიშანია, რომ "რეალის" კარს კოსტარიკელი დაიცავს, იკერ კასილიასი კი დაისვენებს.

"ძალიან ბედნიერი ვარ "რეალში". "ლუდოგორეცსაც" ისეთივე სერიოზულად ვუყურებთ, როგორც სხვა მეტოქეებს. მოგება და ევროთასებზე წლის საუკეთესო განწყობაზე დასრულება გვსურს", - განაცხადა გოლკიპერმა.

"ბაზელთან" მატჩის წინ მხნედ გამოიყურება როჯერსი:

"ბაზელი" ძლიერი გუნდია, ბოლო წლებში მეტოქემ რამდენიმე გრანდი დაამარცხა. რაც მთავარია, ჩვენ ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ და გეგმაც შემუშავებული გვაქვს. ჩვენი მიზანი პლეი ოფის საგზურის მოპოვებაა, ამისთვის კი გამარჯვება გვჭირდება".

ლივერპული-ბაზელი 23:45
რეალი-ლუდოგორეცი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 5 5 0 0 12-2 15
2. ბაზელი 5 2 0 3 6-7 6
3. ლივერპული 5 1 1 3 4-8 4
4. ლუდოგორეცი 5 1 1 3 5-10 4

ყველა მატჩი
რეალი-ბაზელი 5:1
ლივერპული-ლუდოგორეცი 2:1
ბაზელი-ლივერპული 1:0
ლუდოგორეცი-რეალი 1:2
ლივერპული-რეალი 0:3
ლუდოგორეცი-ბაზელი 1:0
რეალი-ლივერპული 1:0
ბაზელი-ლუდოგორეცი 4:0
ბაზელი-რეალი 0:1
ლუდოგორეცი-ლივერპული 2:2

ვინ გადის პლეი ოფში
* "რეალი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც 100%-იანი შედეგი შეინარჩუნა. ის უკვე გასულია და თანაც პირველი ადგილით.

* "ბაზელი" გავა, თუკი ფრედ ითამაშებს. ამ შემთხვევაში "ლუდოგორეცს" გამარჯვებაც არ შველის, რადგან ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელები სჯობნიან.

* "ლივერპული" გავა, თუკი გაიმარჯვებს. სხვა შემთხვევაში "ლივერპული" მესამე დარჩება, თუ "ლუდოგორეცი" ქულას არ აიღებს.

* "ლუდოგორეცი" ლიგის პლეი ოფში ვეღარ გავა, მაგრამ მას შეუძლია მე-3 ადგილის დაკავება.

C ჯგუფი: რუსები თუ რუსების გუნდი?
მთავარი მატჩი "ლუი მეორეზე" გაიმართება, სადაც რუსი ბიზნესმენის, დმიტრი რიბოლოვლიევის "მონაკო" რუსულ "ზენიტს" მასპინძლობს. სწორედ ამ შეხვედრაში უნდა გადაწყდეს საგზურის მფლობელის ვინაობა, რადგან "ლევერკუზენი" უკვე გასულია, ხოლო "ბენფიკა" - გავარდნილი.

"მონაკოს" ფეხბურთელები ფანებს სთხოვენ, გადამწყვეტ მატჩზე ტრიბუნები შეავსონ.

"ეს შეიძლება იყოს სეზონის უმთავრესი მატჩი. მე ვთხოვ ფანებს, მოვიდნენ და გვიგულშემატკივრონ. თუ ჩვენ გასვლას შევძლებთ, შესანიშნავადაც აღვნიშნავთ თამაშის მერე ერთად", - აცხადებენ ჟერემი ტულალანი და ლუკას ოკამპოსი.

ანდრე ვილაშ-ბოაშმა ამ შეხვედრისთვის 19 ფეხბურთელი იახლა, ალექსანდრ კერჟაკოვი კი შინ დატოვა. ის ახალი გამოჯანმრთელებულია და ჯერ სათანადო ფორმაში არ არის.

ტრავმის გამო "მონაკოს" არ ეყოლება ჟოფრეი კონდობია, რომელიც იმედოვნებს, რომ თებერვალში მოუწევს თამაში ლიგაზე.

მონაკო-ზენიტი 23:45
ბენფიკა-ლევერკუზენი 23:45


ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლევერკუზენი 5 3 0 2 7-4 9
2. მონაკო 5 2 2 1 2-1 8
3. ზენიტი 5 2 1 2 4-4- 7
4. ბენფიკა 5 1 1 3 2-6 4

ყველა მატჩი
ბენფიკა-ზენიტი 0:2
მონაკო-ლევერკუზენი 1:0
ზენიტი-მონაკო 0:0
ლევერკუზენი-ბენფიკა 3:1
მონაკო-ბენფიკა 0:0
ლევერკუზენი-ზენიტი 2:0
ზენიტი-ლევერკუზენი 1:2
ბენფიკა-მონაკო 1:0
ზენიტი-ბენფიკა 1:0
ლევერკუზენი-მონაკო 0:1

ვინ გადის პლეი ოფში
* "ლევერკუზენი" შემდეგ ეტაპზეა გასული. გამარჯვება ან ფრე ("მონაკოს" ვერგამარჯვების შემთხვევაში) გერმანულ კლუბს პირველ ადგილს მოუტანს.

* "მონაკო" გავა ფრედ თამაშის შემთხვევაში. თუ ამას "ლევერკუზენის" მარცხიც დაერთო, "მონაკო" პირველ ადგილს გამოჰკრავს ხელს. პირველ ადგილზე დაასრულებს ფრანგული კლუბი იმ შემთხვევაშიც, თუ მოიგებს და "ლევერკუზენი" ვერ მოიგებს.

* "ზენიტი" გავა მოგების შემთხვევაში. თუ ამას "ლევერკუზენის" წაგებაც დაერთო, რუსები პირველ ადგილს დაიკავებენ.

* "ბენფიკა" გავარდნილია, ყველა შემთხვევაში ბოლო ადგილზე რჩება.

D ჯგუფი: ერთადერთი ინტრიგა
ამ ჯგუფში თითქმის ყველაფერი გარკვეულია, ერთადერთი ინტრიგა პირველი ადგილის საკითხია. მოგეხსენებათ, ჯგუფის გამარჯვებული პლეი ოფში აუცილებლად მეორეადგილოსან გუნდს შეხვდება და საპასუხო მატჩს შინ ითამაშებს.

ეს ისეთი უპირატესობებია, რომელთა გამოც ღირს ბოლომდე ბრძოლა. ასე რომ, "არსენალსა" და "დორტმუნდს" რაღაც სტიმული შერჩათ. აი, მათ მეტოქეებს კი - არა. ასე რომ, არსენ ვენგერს და იურგენ კლოპს ჯერ თავიანთი მისია ბოლომდე არ შეუსრულებიათ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

პრინციპში, რატომაც არა? თავიანთ ლიგებში მათ კრიზისი უდგათ და აქ მაინც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ პირველობა ძალუძთ.

"გალათასარაის" ახალმა ბოსმა ჰამზა ჰამზაოღლუმ განაცხადა, რომ მისი გუნდი ყველანაირად შეეცდება, "არსენალს" მოუსპოს თავისი თამაშის ჩვენების შანსი:

"ორი ფორვარდით ვითამაშებთ. ბურაქი უფრო წინ იქნება, ხოლო უმუთი მის უკან", - ამბობს ჰამზა, რომელსაც თავის გამოჩენა სურს, თორემ "ლომებს" ამ შეხვედრაში სხვა მოტივაცია აღარ აქვთ.

გალათასარაი-არსენალი 23:45
დორტმუნდი-ანდერლეხტი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 5 4 0 1 13-3 12
2. არსენალი 5 3 1 1 11-7 10
3. ანდერლეხტი 5 1 2 2 7-9 5
4. გალათასარაი 5 0 1 4 3-15 1

ყველა მატჩი
დორტმუნდი-არსენალი 2:0
გალათასარაი-ანდერლეხტი 1:1
ანდერლეხტი-დორტმუნდი 0:3
არსენალი-გალათასარაი 4:1
გალათასარაი-დორტმუნდი 0:4
ანდერლეხტი-არსენალი 1:2
არსენალი-ანდერლეხტი 3:3
დორტმუნდი-გალათასარაი 4:1
ანდერლეხტი-გალათასარაი 2:0
არსენალი-დორტმუნდი 2:0

ვინ გადის პლეი ოფში
* "დორტმუნდი" გასულია, პირველ ადგილსაც დაიბევებს ფრის შემთხვევაში, თუ "არსენალი" მეტოქეს კატასტროფული ანგარიშით არ მოუგებს.

* "არსენალი" გასულია და პირველ ადგილზე გავა, თუ მოიგებს და "დორტმუნდი" წააგებს.

* "ანდერლეხტი" მესამეა და მესამეზე დარჩება.

* "გალათასარაი" ბოლო ადგილზე დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული