რომაული არდადეგები: "სიტი" განცხ-რომაშია

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ სიტიმ" თითქმის შეუძლებელი შეძლო და იტალიის დედაქალაქში "რომას" მთავარ გოლეადორ სერხიო აგუეროს, გუნდის ხერხემალ იაია ტურესა და კაპიტან ვენსან კომპანის გარეშე მოუგო.

ამ გამარჯვებით და იმის გათვალისწინებით, რომ ცსკა-მ "ბაიერნთან" წააგო, ინგლისური გუნდი მერვედფინალში მაინც გაბობღდა. არადა, ბევრს "ქალაქელები" უკვე ჩამოწერილი ჰყავდა, მით უმეტეს, ამ ტრავმების ფონზე; ამას ემატებოდა ისიც, რომ "რომა" საბრძოლო შემადგენლობით იყო და ისიც, რომ იტალიაში "სიტი", როგორც წესი, ვერ იგებს ხოლმე.

თუმცა მანჩესტერელების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებულად მოიგო.

"ჩემი გუნდი ცოტა მეტს იმსახურებს, ვიდრე პრესისგან იღებს. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ. ნდობა მთავარი ფაქტორი გახლდათ, მე ჩემს ბიჭებს ვენდობოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატების მიღწევა შეგვეძლო" - თქვა "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ.

"რომას" სამირ ნასრიმ გაუტანა პირველი გოლი შორეული ლამაზი დარტყმით. ეს ფრანგის 50-ე მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე და 50-ე გოლი "სიტის" მაისურით. წერტილი მატჩის მიწურულს პაბლო საბალეტამ დასვა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლი შეაგდო. "ქალაქელების" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ჯო ჰარტმაც, რომელმაც რამდენიმე ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა - ჟერვინიოსა და კოსტას მანოლასის რთული დარტყმები მოიგერია.

"ძლიერი გუნდი გვყავს და საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა. ხასიათი გამოვავლინეთ, ერთად მოვინდომეთ და მიზანს მივაღწიეთ კიდეც" - აღნიშნა ჰარტმა.

სათქმელია ისიც, რომ "სიტის" ამ მატჩისთვის დაუბრუნდა დავიდ სილვა, მაგრამ ესპანელი მუხლის ტრავმის მერე ფორმაში არ არის და მხოლოდ 23 წუთი ითამაშა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩილელ სპეციალისტს საამაყოდ საქმე მართლაც აქვს, ისევე, როგორც იმის თქმის საფუძველი, რომ "სტადიო ოლიმპიკოზე" უკეთესმა გუნდმა მოიგო.

"რასაკვირველია, კომპანის, ტურეს, აგუეროს, სილვას... გარეშე როდესაც გიწევს თამაში, ძალიან რთულია, მაგრამ ვთქვი, რომ არ მინდოდა კონკრეტულად ფეხბურთელებზე საუბარი, იმ მოთამაშეებზე, რომლებიც ამ მომენტში არ იყვნენ.

მატჩამდე გუნდს ვესაუბრე და გავახსენე, რომ "რომასთან"პირველი შეხვედრა სეზონში ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო და მიუხედავად შეცდომებისა, შანსი კიდევ გვქონდა, რომელსაც უნდა ჩავჭიდებოდით და თუ ისე ვითამაშებდით, როგორც ბოლო მატჩებში, მიზანს მივაღწევდით კიდეც. ახლა კი ჩემპიონთა ლიგა შეგვიძლია თებერვლამდე დავივიწყოთ და კონცენტრაცია პრემიერლიგაზე მოვახდინოთ" - დასძინა პელეგრინიმ.

მერვედფინალში მანჩესტერელთა სავარაუდო მეტოქეები არიან: "ატლეტიკო", "რეალი", "მონაკო", "დორტმუნდი", "ბარსელონა", "პორტუ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული