არსენალი-მონაკო 1:3 - არსენის თოფმა ვერ გაისროლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მონაკოს" გაუმართლა, როდესაც 38-ე წუთზე წინ გასვლა მოახერხა - კონდოგბიას ძლიერი დარტყმის მერე რიკოშეტი იყო და დავიდ ოსპინა უძლური დარჩა.

აი, მეორე ნახევრის დებიუტში კი მონეგასკებმა "მეთოფეების" უყურადღებობით ისარგებლეს და სხვაობა გაზარდეს - დიმიტარ ბერბატოვმა დაამტკიცა, რომ ბებერი ხარიც თავის საქმეს ხუთიანზე ასრულებს, თავისი ინგლისური პერიოდი გაიხსენა და სანამ ლონდონელთა სამი მცველი ტყუილად ჩაუწვებოდა ბურთს, ბულგარელმა ზუსტად დარტყმა მოასწრო.

ეს ყველაფერი შეცდომებსა და იღბალსაც არ უნდა დავაბრალოთ, "ემირატების" სტუმრებმა იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ, ლეონარდო ჟარდიმის გუნდი კარგად ორგანიზებული იყო. შესაძლოა, კარისკენ
უფრო ნაკლებად ურტყამდა, ვიდრე მეტოქე, მაგრამ უფრო ზუსტად.

არსენ ვენგერს კი, ვინ იცის, ერთგვარი დეჟა-ვუ ჰქონდა, "მონაკო" ის კლუბია, რომელშიც მან 7 წელი იმუშავა. მაშინ მწვრთნელისთვის ნორჩი ეთქმოდა და სიმპათიური გუნდიც ჰყავდა, სიურპრიზებს გვთავაზობდა... 1996 წლიდან კი "არსენალშია" და გუშინ ყოფილმა გუნდმა თმაში რამდენიმე ჭაღარა შემატა.

ჟარდიმმა დაამტკიცა, რომ ტყუილად არ მოიაზრება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა სპეციალისტად და შედარებით მწირი რესურსით, მრისხანე მეტოქესთან გასვლაზე ისე მოიგო, რომ ცალი ფეხი მეოთხედფინალში შედგა.

მართალია, შეცვლაზე შესულმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ძალიან ლამაზი დარტყმით 91-ე წუთზე სხვაობა შეამცირა და ვინღა წარმოიდგენდა, თუ ამის მერე კიდევ გოლი გავიდოდა და თან მას სტუმრები გაიტანდნენ, მაგრამ... ჟარდიმის ცვლილებებმა თავისი გააკეთეს - ბერნარდო სილვამ იანიკ ფერეირა კარასკოს უპასა და ამ უკანასკნელმაც ბასრი წერტილი დასვა.

40 წლის პირტუგალიელმა კი დაახლოებით ისევე ჩაირბინა გვერდითი ხაზის გასწვრივ, როგორც თავის დროზე ჟოზე მოურინიომ "ოლდ ტრაფორდზე" "პორტუს" მიერ გატანილი გოლისას.

"ლუი მეორეზე" 1:3-ზე უკეთესი ანგარიშით გქონდეს მოსაგები, მტერს რომ არ უსურვებ, ისეთი ამბავია.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი
არსენალი-მონაკო 1:3
გოლები: 0:1 კონდოგბია (38), 0:2 ბერბატოვი (53), 1:2 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (90+1), 1:3 ფერეირა კარასკო (90+4)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - კოკლენი (68. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), კასორლა (82. როსიცკი) - სანჩესი, იოზილი, უელბეკი - ჟირუ (60. უოლკოტი)
მონაკო (4-5-1): სუბაშიჩი - ტურე, უოლასი, აბდენური, ეჩიეჯილე - დირარი (82. კურზავა), კონდოგბია, ფაბინიო, მოუტინიო, მარტიალი (84. ბერნარდო სილვა) - ბერბატოვი (76. ფერეირა კარასკო)

გაფრთხილება: კოკლენი, ბელერინი, იოზილი - ეჩიეჯილე, მოუტინიო
კუთხური: 8-1 ჯარიმა: 12-10 თამაშგარე: 0-5 კარში დარტყმა: 14(4)-10(7) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 45 369

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობთ სტატიისთვის,მაგრამ არსენალი და მონაკო თუ თამაშობდა ბაზელი და პორტო რა შუაშია? გაასწორეთ მაინც,ან ვინმე ერთს დაევალოს გამოქვეყნებამდე გადამოწმება,ვსარგებლობ თქვენ საიტით და ყველა ინფორმაციას აქედან ვიგებ,მაგრამ ასეთი რაგაცეები ტეხავს.პირველი შემთხვევა რომ იყოს არაუშავს მაგრამ ამას უკვე სისტემატური სახე აქვს.თუ რამე არასწორად დავწერე და არ მოეწონა ვინმეს ბოდიში
mindia
10:08 26-02-2015
0

სიახლეები პოპულარული