პორტუ-ბაიერნი 3:1 - ღვთაებრივი კომედია "დრაგაოზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დრაგაოზე" "ბაიერნი" გარკვეული დანაკლისით ჩავიდა, მაგრამ შესუსტებული შემადგენლობის მიუხედავად, მიუნხენელები მაინც აშკარა ფავორიტებად მიიჩნეოდნენ.

თუმცა მათი სტატუსი და პოზიციები სულ რაღაც 10 წუთში მნიშვნელოვნად შეიბღალა და შეირყა. 3 წუთიც არ იყო გასული, როდესაც ახლად მომჯობინებულმა ჯექსონ მარტინესმა ჩაბი ალონსო გაძარცვა, მსაჯის, კარლოს ველასკო კარბალიოს აზრით, უჯარიმოდ და საჯარიმოში შეჭრილი კოლუმბიელი უკვე მანუელ ნოიერთან ორთაბრძოლისას დაეცა.

პენალტი კი დაინიშნა და ნოიერმა ყვითელი ბარათიც მიიღო, მაგრამ თუ თერთმეტმეტრიანს ნიშნავდა და ყვითელ ბარათს იღებდა ჯიბიდან, ესპანელ არბიტრს ნოიერის გაძევებაც თავისუფლად შეეძლო, რასაც ითხოვდნენ
კიდეც "დრაკონები".

არადა, ნოიერი რომ აღარ ყოფილიყო და თან გერმანული გუნდი 10 კაცით გვეხილა დარჩენილ წუთებში, შეიძლებოდა "ბაიერნისთვის" ყველაფერი იმაზე კიდევ უფრო ცუდად დასრულებულიყო, ვიდრე საბოლოოდ მოხდა. თუნდაც ის "სეივი" რად ღირს, რომელიც მოგვიანებით ნოიერმა ექტორ ერერას დარტყმისას შემოგვთავაზა. ასეთი ბურთის ამღები დედამიწაზე კიდევ სულ რამდენიმე მეკარეა და ისინი "ბაიერნში" არ ირიცხებიან, პეპე რეინასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად.

ახლა კი ისევ უკან დავბრუნდეთ და ქრონოლოგიურად მივყვეთ. მე-10 წუთზე ანგარიში უკვე 2:0 იყო. რიკარდო კვარეშმამ ის პენალტი ხომ გაიტანა და ამას არ დაყაბულდა და ნოიერთან პირისპირ დარჩენილმა მეორეც შეაგდო. კვარეშმამ დანტეს საშინელი თამაშით ისარგებლა. საერთოდ, დანტეს თამადობით, "ბაიერნის" დაცვა სასაცილო შეცდომებს უშვებდა, კომედიურს, ვისთვის ტრაგიკულს, ვისთვის ღვთაებრივს.

როდესაც "ბაიერნს" 2:0-ს უგებ, ძნელია, ცდუნებას გაუძლო და "დრაკონებმაც" თითქოს ანგარიშის შენახვაზე დაიწყეს ზრუნვა ან უბრალოდ, ინერციით დაიხიეს უკან, ოღონდ ზედმეტად და ამისთვის მეტოქე მიუნხენელებმა უმალვე დასაჯეს - ჯერომ ბოატენგის გარღვევასა და პასს ტიაგო ალკანტარას ზუსტი დარტყმა მოჰყვა.

ეს კოხტა გოლი ბევრ რამეს ცვლიდა და "ბაიერნს" თუნდაც წაეგო ამავე ანგარიშით, შინ უხასიათოდ, მაგრამ ისევ ფავორიტის სტატუსით დაბრუნდებოდა.

ხულენ ლოპეტეგი მიხვდა, რომ მისი ძველი მეგობრისა და კოლეგის, ხოსეპ გვარდიოლას გუნდისთვის ბურთის ასე დათმობა არ შეიძლებოდა და წინა ხაზზე ისევ აქტიურობა დაიწყო, რამაც შედეგი გამოიღო კიდეც - ალექს სანდროს მშვენიერი პასის შემდეგ ბოატენგმა აუბა მხარი დანტეს, პოზიციურად შეცდა და მარტინესი კიდევ ერთხელ შერჩა ნოიერს, ჯექსონმა ისევ იჯექსონა.

"ბაიერნის" უკანა ხაზის შეცდომები კი გამოვარჩიეთ, მაგრამ საგოლე პასი მცველმა გააკეთა და ნახევარმცველმა გაიტანა. აი, წინა ხაზის მოთამაშეები კი ძალიან უფერულები იყვნენ.

როგორ ვთქვათ და გვარდიოლასაც გაუჭირდა ლოპეტეგის "დრაკონულ ტაქტიკურ ხლართებთან" გამკლავება. ყველაფერი წინ არის. 1:3 არასასიამოვნო ანგარიშია, მაგრამ "ალიანს არენაზე" 2-3 გოლი "ბაიერნისთვის" "მზესუმზირაა".

მატჩის შემდეგ:
ხოსეპ გვარდიოლა: ჩემპიონთა ლიგაში რომ მოიგო, იდეალურად უნდა ითამაშო
ფრანც ბეკენბაუერი: დანტე ისე თამაშობს თითქოს სათხილამურო ფეხსაცმელი აცვია

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი
პორტუ-ბაიერნი 3:1
გოლები: 1:0 კვარეშმა (3-პენ.), 2:0 კვარეშმა (10), 2:1 ტიაგო ალკანტარა (28), 3:1 ჯ. მარტინესი (65)
პორტუ (4-3-3): ფაბიანო - დანილო, მაიკონი, მარტინს ინდი, ალექს სანდრო - ერერა, კაზემრიო, ოლივერ ტორესი (75. რ. ნევეში) - კვარეშმა (84. ევანდრო), ბრაჰიმი (80. ერნანი), ჯ. მარტინესი
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი - ლამი, ალონსო (74. ბადშტუბერი), ტიაგო ალკანტარა - გიოტცე (56. როდე), მიულერი, ლევანდოვსკი
გაფრთხილება: კაზემირო, ალექს სანდრო, დანილო - ნოიერი, ბერნატი, ლამი, როდე
კუთხური: 3-6 ჯარიმა: 16-22 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 7(5)-5(3) ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 50 948

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კი ყოფილა პორტუ ანგარიშგასაწევი ძალა, მართალი თქვა გვარდიოლამ მატჩამდე.
geronti
11:24 16-04-2015
0
ბაიერნს უფრო დიდი ანგარიშით უნდა წაეგო
0

სიახლეები პოპულარული