ლუის ენრიკე: როცა მესი გყავს, ცხოვრება ადვილია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მიუნხენის "ბაიერნთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.


"რთული მატჩი იყო, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო. ორივე გუნდი მეტოქეზე ზეწოლას ცდილობდა. საგოლე მომენტების შექმნაში ჩვენ უფრო ვიყოჩაღეთ, "ბაიერნს" ვაჯობეთ და 15 წუთის განმავლობაში შედეგი დავდეთ. თუმცა ერთი კვირის შემდეგ კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის.

რა თქმა უნდა, როცა მესი გყავს, ცხოვრება ადვილია. ის სხვადასხვა რამეს იგონებს და ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ მის თამაშს თუ არ ჩავთვლით,
სხვა ფეხბურთელებმაც ბევრი რამ გააკეთეს.

დიდი ხანი თამაში თანაბარი იყო. ჩვენ ეფექტურად ვმოქმედებდით და უფრო ხშირად ვუტევდით მეტოქის კარს. შემდეგ კვირას ისევ მოგებაზე ვითამაშებთ, როგორც ეს "კამპ ნოუზე" გავაკეთეთ.

ნახევარფინალში ყველა მცირე დეტალს აქვს მნიშვნელობა. ჩვენს შეტევაში სამი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს. ლეომ კი გამარჯვება მოგვიტანა.

მეტოქე წნეხის ქვეშ მოვაქციეთ, საჭირო მომენტს დაველოდეთ და მატჩის მიწურულს ეფექტურად გამოვიყენეთ მომენტები.

ვერ ვიტყვი, რომ უკვე ფინალში ვართ. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა ვარიანტების განხილვას ვერ დავიწყებთ. სკოლაში მათემატიკას ცუდად ვსწავლობდი, ამიტომ პროცენტები არ მაინტერესებს.

გოლი არ გაგვიშვია, მეტოქეც იშვიათად ემუქრებოდა ჩვენს კარს. ეს ნიშნავს, რომ კარგად ვიცავდით თავს. გარდა ამისა, მეტოქის ნახევარზეც ხშირად ვართმევდით ბურთს. გუნდის განწყობამ ძალიან გამახარა", - თქვა ენრიკემ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული