01:36 07-05-2015
ბარსელონა-ბაიერნი 3:0 - მესით მეტი [VIDEO]
AutoSharing Option
ბუნებრივია, მიუნხენის "ბაიერნსაც" უნდა დავუფასოთ გარჯა, რომელიც 77-ე წუთამდე მოწოდების სიმაღლეზე იყო და მიუხედავად იმისა, რომ კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამს, გვაჩვენა, რომ უმაღლესი კლასის გუნდია.
დიახ, შეიძლება სამი ბურთის სხვაობით წააგო, კარშიც კი არ დაარტყა, მაგრამ აჩვენო, რომ დიდი გუნდი ხარ და "ბაიერნმა" სწორედ ამის დემონსტრირება მოახდინა. თუმცა, "კამპ ნოუზე" ნამდვილი შოუ, საფეხბურთო დღესასწაული მაინც "ბარსელონამ" დადგა, მთავარი გმირი კი თვით ლიონელ მესი გახლდათ, ლეგენდარული არგენტინელი, რომლის გაჩერება, უბრალოდ, შეუძლებელია...
მატჩის 77-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მესიმ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ერთი ახედა კარს - ადგილიდან, მოწყვეტით დაურტყა მანუელ ნოიერს და ახლო კუთხეში გაუტანა, 1:0.
ამ ეპიზოდიდან სამი წუთი არ იყო გასული, როდესაც მესიმ ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, გზად ჟერომ ბოატენგი ჩამოიცილა და ტექნიკური დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, 2:0.
თუმცა, ის, რაც მესიმ ბოატენგს დამართა, ცალკე სალაპარაკო თემაა - არგენტინელმა გააბითურა, გააქრო, მასხრად აიგდო გერმანელი მცველი და ისე შეასრულა დუბლი. მესიმ მესამე გოლშიც ლომის წილი დაიდო, როდესაც ნეიმარი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და ამ უკანასკნელსაც ბურთის კარში შეგორება აღარ გასჭირვებია, 3:0 ესპანელთა სრული ტრიუმფი და კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, დიდი ნაბიჯი ფინალისკენ.
არადა, მეორე ტაიმის პირველი ნახევარი "ბაიერნმა" შესანიშნავად ჩაატარა, ბურთზე კონტროლი დააწესა და ტემპი დააგდო, რასაც მასპინძელთა აღელვება და ბევრი წუნი მოჰყვა. ნათელი იყო, რომ პეპ გვარდიოლამ შეგირდებს სწორედ ბურთის გაგორება დაავალა და ისინიც პირნათლად ასრულებდნენ მწვრთნელის დავალებას. თამაში სტუმართა კარნახით და მათივე სცენარით მიმდინარეობდა, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა მესის ერთმა გასროლამ დააყენა...
მომენტები ესპანელებს პირველ ტაიმშიც ჰქონდათ, როდესაც ერთიმეორის მიყოლებით სცოდავდნენ ლუის სუარესი, დანი ალვეში და ნეიმარი. "ბაიერნი" კონტრშეტევებზე იჩხვლიტებოდა და მიუხედავად იმისა, რომ კარში არ დაურტყამთ, მათი შეტევების უმრავლესობა მწვავე იყო. ერთ ეპიზოდში რობერტ ლევანდოვსკი ვალდებული იყო, რომ გაეხსნა ანგარიში, მაგრამ თომას მიულერის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, კარიდან 5 მეტრში მდგარმა ბურთს ფეხი ააცილა.
მოკლედ, გატანის შანსი მიუნხენელებსაც ჰქონდათ და ლევანდოვსკის რომ შეეგდო, "ბაიერნის" მდგომარეობა ასე მძიმე არ იქნებოდა.
მოკლედ, ყველანაირი თანმიმდევრობა დავარღვიეთ - ჯერ მატჩის დასკვნით ნაწილში გატანილ გოლებზე ვთქვით, შემდეგ მეორე ტაიმის პირველ ნახევარზე და ბოლოს, პირველ ტაიმზე, მაგრამ ეს იყო მატჩი, რომლის დალაგებულად და თანმიმდევრულად გადმოცემა არაა აუცილებელი - ეს იყო თამაში, რომელმაც კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რატომ არის ფეხბურთი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სახეობა. ეს იყო მატჩი, რომელმაც გვანახა, თუ რატომ ეთაყვანება ამ მართლაც საოცარ თამაშს მილიონობით ადამიანი; ეს იყო მატჩი, რომელიც გენიალურმა ლეო მესიმ მოიგო...
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ლიონელ მესი: დავინახე, რომ ბოატენგი მოდიოდა ჩემკენ და...
ლუის ენრიკე: როცა მესი გყავს, ცხოვრება ადვილია
ჟერომ ბოატენგი: რა თქმა უნდა, საწყენია
თომას მიულერი: ჩვენ "ბაიერნი" ვართ, ჩვენ არ ვნებდებით...
ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსელონა" - ეს ლეოა
ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. I მატჩი
ბარსელონა-ბაიერნი 3:0
გოლები: 1:0 მესი (77), 2:0 მესი (80), 3:0 ნეიმარი (90)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო (89. ბარტრა), ალბა - რაკიტიჩი (82. ჩავი), ბუსკეტსი, ინიესტა (87. რ. ალკანტარა) - ნეიმარი, მესი, სუარესი
ბაიერნი (3-4-2-1): ნოიერი - ბენატია, ბოატენგი, რაფინია - ტ. ალკანტარა, ლამი, ჩაბი ალონსო, ბერნატი - შვაინშტაიგერი, მიულერი (79. გიოტცე) - ლევანდოვსკი
გაფრთხილება: დანი ალვეში, პიკე, ნეიმარი - ბენატია, ჩაბი ალონსო, ბერნატი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 15-5 (8-0); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 99 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეს თამაში რომ ამ ანგარიშით არ დამთავრებულიყო,ძალიან დიდი ცოდვა იქნებოდა.თუმცა,ნოლით-ნოლზეც ვიტყოდი,რომ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო საფეხბურთო მატჩს ვუყურე.ბედნიერი ვარ,რომ იმ ეპოქაში ვცხოვრობ,რომელშიც მესი თამაშობს.
0
0
ღმერთის მიერ ადამიანისათვის ბოძებულ ნიჭთაგან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნიჭი ბურთის ფეხით თამაშის ნიჭია.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული