SPORT (ესპანეთი): მადლობა, მესი!
"კამპ ნოუ" გადაირია, როცა მესის ორი გოლი და ნეიმარის ერთი ბურთი იხილა. ამის წყალობით "ბარსელონა" ცალი ფეხით ფინალშია.ამ მატჩში იყო ტაქტიკა, სათამაშო სტილები, მწვრთნელები და მოთამაშეები, მაგრამ ამ ყველაფერზე მაღლა იდგა მესი. როსარიოელმა ვარსკვლავმა 15 წუთში გაანადგურა პეპ გვარდიოლას "ბაიერნი".
EL MUNDO DEPORTIVO (ესპანეთი): მესი ბერლინის ბილეთს იღებს
"ლეომ გადაწყვიტა სანახაობრივი მატჩის ბედი, რომელშიც "ბაიერნმა" იქამდე გაძლო, სანამ ბარსელონელმა გენიოსმა თავისი ორი გოლი არ გაიტანა, ნეიმარმა კი წერტილი არ დაუსვა შეხვედრას, რა თქმა უნდა, მესის პასით.ბერლინის ფინალამდე ერთი მატჩი რჩება, რომელიც "ალიანც-არენაზე" გაიმართება. იქ "ბაიერნს" მოუწევს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია, მაგრამ მან დიად კლუბთან წააგო.
ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე, ლუის ენრიკეს გუნდი საუკეთესოა ნახევარფინალისტთა ოთხეულიდან - თამაშით, ამბიციის დონითა და ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ იმიტომ, რომ მას ჰყავს ლიონელ მესი, ადამიანი, რომელმაც ისტორია შეცვალა".
AS (ესპანეთი): პეპმა თქვა, რომ მესი შეუჩერებელია
"გვარდიოლა მართალია, მაშინაც კი, როცა ცდება. "ბაიერნის" მწვრთნელმა განმარტა ის, რაც ისედაც ცხადია: მის გუნდსა და "ბარსელონას" შორის მატჩი იმდენად დაბალანსებული იყო, რომ მხოლოდ ისეთ გენიოსს, როგორიც არის მესი, შეეძლო მისი ბედის განსაზღვრა. და აქ გამოჩნდა ლეო. როცა 76 წუთი უმაღლესი დონის თამაშის შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელები ტკივილამდე გამოფიტულები იყვნენ, სწორად ვეღარ საზღვრავდნენ მანძილს და კოორდინაციაც დაკარგული ჰქონდათ, მესიმ რაღაცნაირად შეძლო იმ კედლის გარღვევა, რომელსაც "ნოიერი" ჰქვია და გახსნა ანგარიში.
ამის შემდეგ არგენტინელის საღამო გაგრძელდა. რამდენიმე წუთში მან ხელოვნების ნიმუში შექმნა: მოატყუა ბოატენგი და კიდევ ერთი ვაქცინა გაუკეთა ნოიერს - 2:0.
ნეიმარმა მესამე გოლი გაიტანა (რა თქმა უნდა, მესის პასით). 3:0 - ასეთია ამ ბრწყინვალე მატჩის შედეგი. "ბარსა" ბერლინს მიუახლოვდა, "ბაიერნი" კი ექვსი დღის შემდეგ ეცდება ისტორიული "ქამბექის" შესრულებას".
BILD (გერმანია): მესიმ ორჯერ გაიტანა და... გააგდო?
"77-ე წუთამდე მანუელ ნოიერი "ბარსელონასა" და "ბაიერნის" მატჩის მთავარი გმირი იყო, მაგრამ შემდეგ ბარსელონური შტორმი ამოვარდა. მესიმ გერმანიის ჩემპიონს ორჯერ გაუტანა, ბოლოს კი ნეიმარის გოლიც იყო!რა შეიძლება მოხდეს სამშაბათს, განმეორებით მატჩში იმისთვის, რომ "ბაიერნი" ბერლინის ფინალში აღმოჩნდეს? აქ მხოლოდ სასწაული საკმარისი არ იქნება".
DIE WELT (გერმანია): ბარსელონას წინააღმდეგ ნოიერი საკმარისი არ არის
"მანუელ ნოიერმა რამდენჯერმე გადაარჩინა "ბაიერნი" "ბარსელონასთან" მატჩში და შეეძლო, გმირი გამხდარიყო, საბოლოოდ კი ერთ-ერთი დამარცხებული გახდა. "ბარსელონამ" 3:0 მოიგო და ახლა თითქმის ასი პროცენტით ჩემპიონთა ლიგის ფინალშია".
LA GAZZETTA DELLO SPORT (იტალია): ფანტამესი
ასეთი სათაურით გამოეხმაურა წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემა არგენტინელის შოუს "ბარსელონასა" და "ბაიერნის" მატჩში."მესი ისევ წარმოგვიდგა ფეხბურთის ღმერთის როლში. თავისი ორი გოლით მან პეპი ჩაძირა".
CORRIERE DELLO SPORT (იტალია): ჯადოქარი ფინალშია!
"მესის ორი ჯადოსნური გოლი და ნეიმარის მიერ დასმული წერტილი - "ბარსელონამ" გაანადგურა "ბაიერნი" და მხოლოდ მეტოქისადმი პატივისცემის გამო არ შეუკვეთა ბერლინის ავიაბილეთები და არ დაჯავშნა იქაური სასტუმრო. ფანტასტიკური დასასრული კატალონიელების შესრულებით. მათ ბოლო 15 წუთში სამი გოლი გაიტანეს, არადა, წინა 70 წუთში ნოიერი, უბრალოდ, ბრწყინვალე იყო.
გვარდიოლა თავისსავე წარსულმა ჩაძირა, "ბარსელონას" კი შეუძლია, ჩემპიონთა ლიგის ფინალური აქტისთვის მოემზადოს".
ბარსა-ბაიერნი ციფრებში
- ლიონელ მესიმ მე-100 მატჩი ჩაატარა ევროთასებზე და 78 გოლამდე ავიდა. აქედან 97 მატჩი და 77 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე მოდის. შედარებისთვის, კრიშტიანო რონალდოს ანალოგიური მაჩვენებლებია: ევროთასებზე - 121 მატჩი და 79 გოლი (ჩემპიონთა ლიგა - 114 მატჩი და 76 გოლი).- "ბაიერნმა" 2009 წლის შემდეგ პირველად ვერ შეასრულა ჩემპიონთა ლიგის მატჩში ზუსტი დარტყმა.
- ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთი შემთხვევა ყოფილა, როცა გუნდმა სამბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ გააღწია შემდეგ ეტაპზე. 2003-04 წლების სეზონში "დეპორტივომ" პირველი მატჩი "მილანთან" 1:4 წააგო, განმეორებითი კი 4:0 მოიგო.
- ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 11 გოლიდან 9 "კამპ ნოუზე" შეაგდო.
- ლიონელ მესი "ბაიერნთან" მატჩამდე ზედიზედ ოთხ შეხვედრაში ვერ ახერხებდა ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანას. მეხუთე "მშრალი" მატჩი პირადი ანტირეკორდი იქნებოდა.
- ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი ასპროცენტიანი შანსი რობერტ ლევანდოვსკიმ გაანიავა - რვა.
- თომას მიულერმა ყველა ტურნირზე "ბაიერნის" შემადგენლობაში მე-300 მატჩი ჩაატარა.
- მარკ-ანდრე ტერ-შტეგენს ჩემპიონთა ლიგაზე 11-დან 10 მატჩი აქვს მოგებული. ეს საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელია (91%) ისტორიაში იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც ტურნირზე მინიმუმ 10 მატჩი აქვთ ჩატარებული.
- "ბარსელონას" 2006 წლის შემდეგ პირველად ჰქონდა ბურთის ფლობის 50-ზე დაბალი პროცენტი. ეს სერია 96 მატჩი გრძელდებოდა.
- ლიონელ მესი ერთადერთია წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე, ვინც "ბაიერნს" საჯარიმოს გარედან გაუტანა.
- მესის, ნეიმარსა და სუარესს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 108 გოლი დაუგროვდათ. შედარებისთვის, "ბაიერნს" 117 გოლი აქვს.
საპასუხოში რიბერი გამოირიცხა
"ბაიერნს" საპასუხო მატჩისთვის იგივე საკადრო პრობლემები ექნება, რაც პირველი შეხვედრაში ჰქონდა. ვერ ასწრებს მიუნხენური მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, რომლის სარეაბილიტაციო პერიოდი გაიწელა. უფრო მეტიც, რიბერი, შესაძლოა, ამ სეზონში საერთოდ ვერ გავიდეს მოედანზე.32 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 10 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
"ძალიან დამწუხრებული ვარ, - მოჰყავს "კიკერს" რიბერის სიტყვები. - დიდი გეგმები მქონდა. მონდომებით ვმუშაობდი მოედანზე სწრაფად დასაბრუნებლად, მაგრამ მუხლი ისევ მტკივა. ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"