შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონაა", ხოლო ფინალი 2016 წლის 28 მაისს მილანის "სან სიროზე" გაიმართება. აქვე შეგახსენებთ, რომ, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე არათუ ქართული კლუბი, არამედ, ერთი ქართველი ფეხბურთელიც კი არ ითამაშებს.
ესპანეთი ხუთით
წლევანდელი "ბარსელონა", მადრიდის "რეალი", მადრიდის "ატლეტიკო", "ვალენსია" და "სევილია". დღეს ამ ხუთეულიდან გათამაშებაში სამი ჩაებმება - დესიმას შემსრულებელი "რეალი" შინ "შახტარს" მასპინძლობს, "სევილია", რომელიც ჯერ ვერაა ფორმაში, კიდევ უფრო უარეს დღეში მყოფ მიონხენგლადბახის "ბორუსიას" უმასპინძლებს მშობლიურ "სანჩეს პისხუანზე" და "ატლეტიკოს" სტამბოლში ომი აქვს "გალათასარაის" ლომების წინააღმდეგ. "ბარსა" და "ვალენსია" გათამაშებაში ხვალ ჩაებმებიან.
სამი დებიუტანტი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამი დებიუტანტია, აქედან ორს თუ ველოდით, ყაზახურ "ასტანას" აქ თითქმის არავინ ელოდა, თვით "ასტანას" თავგადაკლული ფანებიც კი. მაგრამ ამ გუნდმა შეძლო ყაზახური ფეხბურთის ისტორიის დაწერა, როცა პლეი ოფში გზიდან კვიპროსის აპოელ-ი ჩამოიცილა (სწორედ ამ მარცხის მერე მოხსნენს აპოელ-ის მწვრთნელი დომინგო პასიენსია და თემურ ქეცბაია დანიშნეს). "ასტანას" გარდა პირველად თამაშობენ "გლადბახი" და ბელგიური "გენტი".სულ ჯგუფურ ეტაპზე 17 ქვეყნის 32 წარმომადგენელია.
დღის მატჩი
რად უნდა ლაპარაკი - პირველი დღის მთავარი თამაში მანჩესტერშია, სადაც "სიტი", რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში, ლიგის ფინალისტ ტურინის "იუვენტუსს" მასპინძლობს, რომელსაც არცთუ კარგი დროება უდგას და 3 ტურის მერე ერთადერთი ქულა აქვს. სწორედ ამის გამო "მანჩესტერ სიტი" დღეისათვის ფავორიტად მიიჩნევა და არა "ბებერი ქალბატონი". თუკი ეს იტალიელებს შვებას მისცემთ, მაშინ ვიტყვით, რომ სერხიო აგუერო ვერ ითამაშებს "იუვენტუსის" წინააღმდეგ, რაც დიდი დანაკლისია, რადგან არგენტინელი ფორვარდი საუცხოო ფორმაში იყო, სანამ ტრავმას მიიღებდა. აგუეროს მუხლი აწუხებს.
"სიტი" მართლაც ყველას და ყველაფერს ამარცხებს - პრემიერლიგის საწყისი ხუთი ტური ისე მოიგო, მანუელ პელეგრინის გუნდს გოლი არ გაუშვია.
მანუელ პელეგრინი (სიტი): "არ ვფიქრობთ იმაზე, სადამდე შეგვიძლია გავაღწიოთ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე, არ ვსახავთ გეგმებს. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ დავგეგმეთ ჯერ, დღეს კარგად ვითამაშოთ და დავამარცხოთ "იუვენტუსი". კლუბისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის არა მარტო შიდა ასპარეზზე იყოს წარმატებული. მაგრამ ჩვენ ეს წარმატება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვჭედოთ. სეზონის განმავლობაში იმდენს ვთამაშობთ, რომ ტრავმებს ვერ ავიცილებთ და აგუეროს ტრავმაც ამ კატეგორიიდანაა. დიახ, საკადრო პრობლემები გვაქვს, მაგრამ მე ჩემი ბიჭების 100 პროცენტით მჯერა და იმ შემადგენლობას ამოვირჩევ, რომელსაც ბოლომდე ვენდობი".
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "წლეულს "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა შორისაა. ჩვენ ძალიან მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოთ, მთელი ჩვენი ტექნიკური არსენალი გამოვავლინოთ თუ დღევანდელ მატჩში წარმატების მიღწევა გვინდა.
დიახ, ჩვენ საკუთარი ძალების უნდა ვირწმუნოთ, თვითრწმენა ბოლო დროს, ცოტათი გვაკლია. თუ მოვიგებთ, მომდევნო თამაშებში უფრო ძლიერად ვითამაშებთ. ბოლო სეზონში ჩვენ ფინალში გავედით, რადგან ევროპული სტილის ფეხბურთი ვითამაშეთ".
სავარაუდო შემადგენლობები
სიტი: ჰარტი, სანია, მანგალა, კომპანი, კოლაროვი, ი. ტურე, ფერნანდინიო, დე ბრუინი, სილვა, სტერლინგი, ბონი.
იუვენტუსი: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, კუადრადო, პერეირა, ერნანეში, პოგბა, მანჯუკიჩი, დიბალა.
რუნის და ზლატანის გარეშე?
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჰოლანდიაში ჩადის, თუმცა გუნდს ვერ გაჰყვა ტრავმირებული უეინ რუნი, რომელმაც ახლახან თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში - ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდა. რუნი დაშავებულია და ამ მიზეზით, მან პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაც კი გამოტოვა, თუმცა ლუი ვან გაალი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი. შეიძლება ვერ ვიხილოთ კიდევ ერთი სუპერფორვარდი - "პარი სენ-ჟერმენი" შვედურ "მალმიოს" მასპინძლობს და თანამემამულეებს, ალბათ, ვერ დაუპირისპირდება დაშავებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მისი თამაშის საკითხი უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება, აცხადებს ლორან ბლანი.
15 სექტემბერი
A ჯგუფი
პსჟ (საფ)-მალმიო (შვე) 22:45
დისკვალიფიკაცია: ორიე (პსჟ)
ტრავმა: იბრაჰიმოვიჩი (?) -
რეალი (ესპ)-შახტარი (უკრ) 22:45
დისკვალიფიკაცია:
ტრავმა: დანილო, ხამეს როდრიგესი -
B ჯგუფი
ვოლფსბურგი (გერ)-ცსკა (რუს) 22:45
ტრავმა: ფელიპე, კასტეელსი (?), ვიერინია (?) - გოლოვინი
პსვ (ჰოლ)-მანჩესტერი (ინგ) 22:45
ტრავმა: ვილემსი, იოზეფროონი, კოხი, მაჰერი - ჯონსი, რუნი
C ჯგუფი
გალათასარაი (თურ)-ატლეტიკო (ესპ) 22:45
დისკვალიფიკაცია:
ტრავმა: ალთინთოფი, ჩეჯუ - ფილიპე ლუიში
ბენფიკა (პორ)-ასტანა (ყაზ) 22:45
დისკვალიფიკაცია: ცუმასი (ასტანა)
ტრავმა: სალვიო -
D ჯგუფი
სიტი (ინგ)-იუვენტუსი (იტა) 22:45
ტრავმა: აგუერო, ფერნანდინიო (?), ნასრი (?) - ხედირა, მარკიზიო
სევილია (ესპ)-გლადბახი (გერ) 22:45
დისკვალიფიკაცია: ჯაკა (გლადბახი)
ტრავმა: ბეტო, პარეხა, კარიშო, რამი, კაკუტა (?) - დომინგესი, შტრანცლი, ჯონსონი, ჰერნანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"