ჩემპიონთა ლიგა. II ტურის წინ: "განსაკუთრებულის" შეხვედრა წარსულთან

AutoSharing Option
29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგა 4 ჯგუფში განახლდება. "პორტუსა" და "ჩელსის" დაპირისპირებას გამოვყოფთ, ჟოზე მოურინიო იმ კლუბის წინაშე გაიყვანს გუნდს, საიდანაც მისი ევროპული კარიერის აღმასვლა დაიწყო. "კამპ ნოუზე" "ბარსა" მესის გარეშე დაუხვდება "ლევერკუზენს".

შეუცვლელი
სხვისი ცუდი მხოლოდ ცუდ ადამიანებს უხარიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში, "ლევერკუზენის" ფანებს ეპატიებათ, თუ ლიონელ მესის ტრავმა ოდნავ მაინც გაუხარდათ. 2012 წლის 7 მარტს "ბარსელონამ" "ლევერკუზენს" 7:1 მოუგო, ხოლო ლიონელ მესი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა.

მას მერე "ლევერკუზენის" ფანები ბავშვებს მესით
აშინებენ. ლეო კვლავ მზად იყო "ფარმაცევტების" მოსარბევად, მაგრამ "ლას პალმასთან" შეხვედრის პირველ წუთებზე მუხლის მყესები ისე დაიზიანა, "ლევერკუზენთან" მატჩს ვინ ჩივის, შესაძლოა, ნოემბერში "ელ კლასიკოც" კი გამოტოვოს.

ლუის ენრიკემ I ტურში ყოფილ გუნდ "რომასთან" ფრედ ითამაშა. ალბათ, ყველას ახსოვს ფლორენცის ფანტასტიკური გოლი ტერ შტეგენის კარში.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულისთვის, პრინციპში, ეს მისაღები შედეგი იყო, უბრალოდ, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს გამარჯვება "ლევერკუზენთან", რომ კატალონიელი ფანები კმაყოფილები დარჩნენ. აი, გამარჯვება მესისთან ერთად და მის გარეშე სულ სხვადასხვა სირთულის ამოცანებია.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ლევერკუზენმა" გასულ სეზონში კარგად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ის თავს კარგად იცავს. "ლევერკუზენი" ჩვეულებრივი გუნდი არ არის, ის ბუნდესლიგის სხვა გუნდებს არ ჰგავს და მასთან ბრძოლა იოლი არ იქნება.

ლეო მესი შეუცვლელია, თუმცა შეუცვლელი იქნება ჩვენი სათამაშო სტილიც. ჩვენ შევეცდებით, ისევე ვითამაშოთ სხვა ფეხბურთელებით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე. ეს ძნელი იქნება, მაგრამ ფეხბურთელები უფრო მოტივირებულნი გავლენ მოედანზე.

მიხარია, რომ ბრავო და ალბა გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ ითამაშებენ თუ არა ისინი, თამაშის დღეს გადავწყვეტ".

დღის მატჩი
"დღის მატჩის" განსაზღვრება თავისუფლად მოერგებოდა "ბარსელონა"-"ლევერკუზენის" დაპირისპირებას, თუმცა ჩვენ "პორტუ"-"ჩელსის" დაპირისპირებას გამოვარჩევთ - ჟოზე მოურინიო სამშობლოში სამი ქულისთვის ბრუნდება.

ინგლისის ჩემპიონმა ლიგა გამარჯვებით დაიწყო და "პორტუსთან" გამარჯვება "ჩელსის" ნახევარ საქმეს გაუკეთებს. გარდა იმისა, რომ ჟოზე ყოფილ გუნდს უპირისპირდება, რომელსაც 2004 წელს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, კიდევ ერთ დუელს გამოვყოფთ - მოურინიოს პორტუგალიაში იკერ კასილიასი დახვდება, "რეალის" ლეგენდა, რომელსაც "სამეფო კლუბში" წყალი პირველად სწორედ ჟოზეს გამო შეუდგა და რომელსაც არცთუ კარგად დაშორდა.

"პორტუ" "ჩელსის" იუბილეთი ხვდება - პორტუგალიური გრანდი 122 წლის გახდა. "დრაკონებმა" ამ სეზონში ყველა საშინაო მატჩი მოიგეს.

ხულიენ ლოპეტეგი (პორტუ): "დიდებული იქნება, თუკი იუბილეს "ჩელსის" დამარცხებით აღვნიშნავთ.

"ჩელსიზე" ამ სეზონში პრემიერლიგაში ნაჩვენები შედეგებით ნუ ვიმსჯელებთ. ლიგას ეს არ ეხება, პირველ ტურში ლონდონელებმა 4:0 იმარჯვეს. "ჩელსი" დიდი გუნდია, უდიდესი პოტენციალით და თუ წარმატების მიღწევა გვსურს, უნაკლოდ უნდა ვითამაშოთ, როგორც ტექნიკურად, ისე ტაქტიკურად.

ჩვენ ვლაპარაკობთ "ჩელსიზე", რომელსაც ტოპ-ფეხბურთელები და ტოპ-მწვრთნელი ჰყავთ. ძალიან დიდ პატივს ვცემ მოურინიოს, მასზე მისი წარმატებები ყველაზე კარგად მეტყველებს. ის, რაც მან "პორტუსთვის" გააკეთა, შეუფასებელია".

თუკი მასპინძლები ანდრე სილვას მოისაკლისებენ, სტუმრების დანაკარგი მეკარე ტიბო კურტუაა.

სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ: კასილიასი, მ. პერეირა, მაიკონი, მარკანო, ლაიუნი, ნევესი, ანდრე, იმბიულა, კორონა, აბუბაქარი, ბრაჰიმი.
ჩელსი: ბეგოვიჩი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი, ვილიანი, ოსკარი, აზარი, კოშტა.

ლევანდოვსკი 45-მატჩიანი სერიის წინააღმდეგ
არც სხვა შეხვედრები დავივიწყოთ - "რომა" ბელორუსში ჩადის და ბატე-ს ხვდება. ალექსანდრ იერმაკოვიჩი, ბატე-ს თავკაცი, ამტკიცებს, რომ მისი გუნდი "ჯალოროსის" წინააღმდეგ ჯაბანი არ იქნება, თუ რას მოვუხერხებთ იტალიურ გუნდს, თამაში რომ დაიწყება, მაშინ გაიგებთო.

მასპინძელთა თავკაცს "რომას" შემტევი სტილი მოსწონს და არც ის ახარებს, რომ ბოლო ტურში სამი რომაელი დაიმტვრა, მათ სათანადო შემცვლელები ჰყავთო.

ბელორუსში არ ჩავიდნენ "კარპისთან" დაშავებული ფრანჩესკო ტოტი, ედინ ჯეკო და სეიდუ კეიტა. სერიოზული დანაკლისია, შეიძლება არ ითამაშოს I ტურის საოცრება-გოლის ავტორმა ფლორენციმაც. არც იაგო ფალკეს და მეკარე შჩესნის უთამაშებლობა გამოვრიცხოთ. მოკლედ, რუდი გარსიას გუნდი მეტოქეს დიდი საკადრო პრობლემებით ხვდება.

მიუნხენის "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" I ტურის მთავარი სენსაციის ავტორ ზაგრების "დინამოს" მასპინძლობს. გერმანული გრანდი შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ არც ხორვატებს დაეწუნებათ ფეხბურთის თამაში - ნოემბრის მერე "დინამო" არ დამარცხებულა - 45 თამაშის განმავლობაში!

ეს სერია შესაძლოა, დღეს რობერტ ლევანდოვსკიმ დაასრულოს, რომელმაც ბოლო 2 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. პეპ გვარდიოლას კვლავ არ ეყოლება ფრანკ რიბერი და არიენ რობენი; სავარაუდოდ, არც არტურო ვიდალი ითამაშებს.

"არსენალს" პირველი ტურის კოშმარი აქვს დასავიწყებელი, საამისოდ კი "ოლიმპიაკოსს" უნდა გაუმკლავდეს. არსენ ვენგერი ამბობს, რომ "მეთოფეებს" ქულების შინ კარგვის ფუფუნება აღარ აქვთ. "არსენალს" დისკვალიფიკაციის გამო ოლივიე ჟირუ დააკლდება. ისრაელში "მაკაბისა" და კიევის "დინამოს" დაპირისპირება შედგება.

ლაზარეთი
H ჯგუფში "ზენიტი" შესაძლოა, I ტურის გმირი ჰალკის გარეშე დაუხვდეს "გენტს", ხოლო "ლიონი" და "ვალენსია" ძალიან დაზარალებულები ხვდებიან დღევანდელ დაპირისპირებას.

"ლიონს" 8 ფეხბურთელი აკლია, რომელთა უმრავლესობა გუნდში მოწინავეა, ხოლო "ვალენსიას" - სამი ლიდერი.

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური
29 სექტემბერი
E ჯგუფი
ბარსელონა (ესპ)-ლევერკუზენი (გერ) 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვერმალენი, რაფინია, მესი, ადრიანო (?) - იედვაი, თოფრაქი, არანგისი, ჰილბერტი (?)

ბატე (ბელ)-რომა (იტა) 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდიონოვი, ჟავნერჩიკი - ტოტი, კეიტა, ჯეკო, ფლორენცი (?), იაგო ფალკე (?), შჩესნი

ა გუნდი თ მ ფ წ ბ ქ
1. ლევერკუზენი 1 1 0 0 4-1 3
2. ბარსელონა 1 0 1 0 1-1 1
3. რომა 1 0 1 0 1-1 1
4. ბატე 1 0 0 1 1-4 0

F ჯგუფი
ბაიერნი (გერ)-დინამო ზ. (ხორ) 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენატია, ბადშტუბერი, კირხჰოფი, რიბერი, რობენი, ვიდალი (?), როდე (?) - შილდენფელდი, პავიჩიჩი, სიგალი, ივო პინტო

არსენალი (ინგ)-ოლიმპიაკოსი (საბ) 22:45
დისკვალიფიკაცია: ჟირუ - მილივოიევიჩი
ტრავმა: უილშირი, როსიცკი, უელბეკი - კოკლენი (?), ფლამინი (?), არტეტა (?) - ბუხალაკისი, მანიატისი, და კოშტა (?), დომინგესი (?)

ა გუნდი თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 1 1 0 0 3-0 3
2. დინამო ზ. 1 1 0 0 2-1 3
3. არსენალი 1 0 0 1 1-2 0
4. ოლიმპიაკოსი 1 0 0 1 0-3 0

G ჯგუფი
მაკაბი თ.ა. (ისრ)-დინამო კ. (უკრ) 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იგიებორი, რადონიჩი (?) - ბელჰანდა, ტეოდორჩიკი, მაკარენკო, ბურდა, მიაკუშკო

პორტუ (პორ)-ჩელსი (ინგ) 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდრე სილვა, ბრაჰიმი (?) - კურტუა, კენედი (?)

ა გუნდი თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 1 1 0 0 4-0 3
2. პორტუ 1 0 1 0 2-2 1
3. დინამო კ. 1 0 1 0 2-2 1
4. მაკაბი 1 0 0 1 0-4 0

H ჯგუფი
ლიონი (საფ)-ვალენსია (ესპ) 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კონე, ბედიმო, ღეზალი, გრენიე, რაფაელი, ვალბუენა, იანგა-მბივა, ფეკირი - ანდრე გომეში, გაია, დიეგო ალვეში

ზენიტი (რუს)-გენტი (ბლგ) 22:45
დისკვალიფიკაცია: ფოკე, დეჟაგერი (გენტი)
ტრავმა: ფაიზულინი, ჰალკი (?), ანიუკოვი (?) - ჟერშონი, იოჰანსონი

ა გუნდი თ მ ფ წ ბ ქ
1. ზენიტი 1 1 0 0 3-2 3
2. ლიონი 1 0 1 0 1-1 1
3. გენტი 1 0 1 0 1-1 1
4. ვალენსია 1 0 0 1 2-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული