ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი: "მგლებმა" ბელგიელებს მცირე შანსი დაუტოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გენტი" ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტია და ბელგიური გუნდისთვის მერვედფინალში გასვლა უკვე დიდი წარმატებაა. თუმცა, რატომაც არ უნდა იოცნებო მეტზე?

მაგრამ ჯგუფური ეტაპის დარად, ლაღად და თავისუფლად თამაშს "გენტმა" მაინც სიფრთხილე არჩია. ამან მატჩი დაამძიმა, განსაკუთრებით კი ეს პირველ ტაიმზე უნდა ვთქვათ, რომელშიც ვერც "ვოლფსბურგი" ბრწყინავდა. გერმანელები აქცენტს ძირითადად, შორეულ დარტყმებზე აკეთებდნენ, მაგრამ ეს დიდი წარმატებით არ გამოსდიოდათ.

თუმცა პირველი ნახევრის მიწურულს "მგლებმა" მეტოქეს მაინც გაჰკრეს კბილი - მათი მხრიდან ყველაზე აქტიურმა და დახვეწილმა იულიან დრაქსლერმა შეაგდო. მან თავისივე დაწყებული კომბინაცია დააგვირგვინა
- დიდებული ფინტით გააბრუა რამდენიმე მეტოქე, ბურთი ვიეირინიასთან გაათამაშა და კოხტა დარტყმით შეაგორა კარში.

ძალიან ლამაზი იყო დრაქსლერის მეორე გოლიც, რომელიც მან მეორე ტაიმის დებიუტში შეაგდო. ხოლო, როდესაც კრუზემ ანგარიში 0:3 გახადა, თითქოს, ყველაფერი გადაწყდა. თუმცა სწორედ მაშინ ათამაშდა "გენტი" ისე, როგორც ამას ჯგუფურ ეტაპზე აკეთებდა, თავისუფლად, შემართულად და გულით.

რამაც ის გამოიწვია, რომ ბოლო 10 წუთში ბელგიელებმა ორი ბურთი კი შეაგდეს, მაგრამ საერთო ჯამში, "ვოლფსბურგი" ცალი ფეხით მაინც გასულია, რადგან "მგლებს" 2:3-იც საპასუხო საშინაო მატჩის წინ დიდ უპირატესობას აძლევთ. გერმანელებმა გერმანული სიზუსტით ითამაშეს, ზუსტად 4-ჯერ დაარტყეს და 3 გაიტანეს...

გენტი-ვოლფსბურგი 2:3
გოლები: 0:1 დრაქსლერი (44), 0:2 დრაქსლერი (54), 0:3 კრუზე (60), 1:3 კუმსი (81), 2:3 კულიბალი (89)
გენტი (3-5-2): სელსი - ნილსენი, მიტროვიჩი, ასარე - ფოკეტი, მილიჩევიჩი (62. ჰასან საიეფი), ნეტო, კუმსი, დეიაგერი - დეპუატრი (80. კულიბალი), სიმონი (61. მატონი)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტელსი - იუნგი (45+1. შურლე), დანტე, კნოხე, როდრიგესი - ტრეში, ლუის გუსტავო - ვიეირინია, (80. შეფერი) არნოლდი, დრაქსლერი - კრუზე
გაფრთხილება: კუმსი - ლუისი, ვიეირინია
კუთხური: 7-3 ჯარიმა: 11-17 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 12(8)-16(4) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 19 978

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული