პსვ VS ატლეტიკო - ჯერ რა დროს ტიტულია

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების პირველი მატჩების ბოლო ორი წყვილიც ჩაებმება ბრძოლაში. ორივე დაპირისპირებას ჰყავს აშკარა ფავორიტი, მაგრამ...

მადრიდის "ატლეტიკო" ბოლო დროს ვეღარ ბრწყინავს და დიეგო სიმეონეს გუნდს ტრავმებიც მიეძალა, მაგრამ პსვ-სთან მატჩში მაინც ფავორიტია. მით უფრო, რომ "ეინდჰოვენს" პირველ თამაშში მთავარი მეგოლე ლუკ დე იონგი ჰყავს დისკვალიფიცირებული.

დე იონგი არ იქნება და მეორე ლიდერი, მექსიკელი ანდრეს გუარდადოც რომ დაკლებოდა, "პსვ ეინდჰოვენის" საქმე მთლად ცუდად იქნებოდა, მაგრამ ჰოლანდიური კლუბის ექიმები იმედიანად არიან, გუარ
დადო, რომელიც კარგად იცნობს "ატლეტიკოს" და მის წინააღმდეგ "დეპორტივოსა" და "ვალენსიას" მაისურით უთამაშია, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება მადრიდულ კლუბს, რომელსაც შუახაზში ტრავმების ეპიდემია დიდ არჩევანს აღარ უტოვებს.

ფილიპ კოკუ (პსვ): "დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" წარმატებები დაუბრუნა. კარგად ჩანს, როგორ აისახა მისი ხასიათი მის გუნდზე. ტაშს ვუკრავ მას. "ატლეტიკოს" თავისი სათამაშო სტილი ჩამოუყალიბდა მის ხელში. 0:0-ზე უარს არ ვიტყოდი, რადგან შინ კარის მშრალად შენახვა ძალიან ბევრს ნიშნავს. "ატლეტიკო" მებრძოლი გუნდია, არაფერს დათმობს.

მათი სტილი არ იცვლება - "ატლეტიკო" მუდამ იბრძვის, კომპაქტურად თამაშობს და მოგებულის მენტალიტეტი აქვს. ეს გუნდი კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა გაწირო ინდივიდმა თავი გუნდისთვის. ასეთ გუნდთან თამაშისას, ასი პროცენტით უნდა დაიხარჯო, რომ რამეს მიაღწიო".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "გუნდი ახლა კარგ ფორმაშია. მუდმივად ვთამაშობთ და ან ვიგებთ, ან ფრედ ვასრულებთ შეხვედრებს. პსვ ძალიან ძლიერი მეტოქეა, ის სახიფათოდ უტევს, მათ თავისუფლად შეუძლიათ, ჩვენი დამარცხება. მეტოქეს გოლის გასატანად რამდენიმე ვარიანტი აქვს, ის მრავალფეროვანია. პსვ უტევს გუნდურად, ინდივიდუალურად, კარგია სტანდარტული მდგომარეობებისასაც.

მთელი მონდომებით ველით ამ დაპირისპირებას. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბევრად ნაკლები მატჩის გამართვაა საკმარისი, მაგრამ ყველა დაპირისპირება უკიდურესად რთულია. ჩემს ფეხბურთელებებს ვთხოვე, არანაირ ტიტულზე არ იფიქრონ, მხოლოდ ამ თამაშების მოგება დაისახონ მიზნად".

გასულ უქმეებზე
პსვ-მ ერედივიზიეში 2:0 დაამარცხა "ჰერაკლესი". გოლები დევი პრიოპერმა და გასტონ პარეირომ (პენალტი) გაიტანეს.

"ატლეტიკომ" შინ ვერ შეძლო "ვილიარეალის" დამარცხება და უგოლო ფრეს დასჯერდა - 0:0.

ურთიერთშეხვედრები
2008/09 წლების სეზონში გუნდები ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეინდჰოვენში "ატლეტიკომ" 3:0 იმარჯვა. იმ მატჩში დუბლი სერხიო აგუერომ შეასრულა. მადრიდში "ატლეტიკომ" უფრო მოკრძალებულად, 2:1 გაიმარჯვა. არც მანამდე და არც მერე ეს ორი გუნდი ერთმანეთს არ შეხვედრია.

ოთხშაბათი. 24 თებერვალი
პსჟ-ატლეტიკო
დისკვალიფიკაცია: დე იონგი (პსვ)
ტრავმა: გუარდადო (?), ლესტიენი - თომასი, ტიაგო, ა. ფერნანდესი, ფერეირა-კარასკო
სავარაუდო შემადგენლობები
პსვ (4-3-3): ზოეტი - არიასი, ბრუმა, მორენო, ვილემსი - ვან გინკელი, გუარდადო, პრიოპერი - პერეირო, ლოკადია, ნარსინგი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ხ. ხიმენესი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, ს. ნიგესი, ო. ტორესი - გრიზმანი, ფ. ტორესი
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული