ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი: "იუვემ" შანსი შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"იუვენტუსიც" და "ბაიერნიც" მატჩს დაცვაში საკადრო პრობლემებით შეხვდნენ. ეს განსაკუთრებით მიუნხენელებზე ითქმის, რომლებსაც სრულიად ექსპერიმენტული დაცვის ცენტრით უწევდათ თამაში და, წესით, "ბებერ ქალბატონს" ამით სარგებლობა უნდა ეცადა.

ამის ფონზე, მით უფრო უცნაური გახლდათ ის, რომ მასპინძლები ამ ფორმაციის "იუვესთვის" არადამახასიათებლად და სიტუაციისთვის შეუფერებლად, ყრუ დაცვაში ჩადგნენ და თავიდანვე დაუთმეს ბურთი და მოედანი მეტოქეს.

"ბაიერნმა" საჩუქარზე უარი არ თქვა და ტერიტორიული უპირატესობა ნელ-ნელა სათამაშოში გადაზარდა, რასაც ის მოჰყვა, რომ თომას მიულერმა ერთი-ორი მომენტის გაცუდების მერე, ტაიმის მიწურულს მაინც შეაგდო თავისი გოლი.

ტურინელებს ნახევრად მომენტები თუ ჰქონდათ და ერთხელ "იუვენტუსის" ექსფეხბურთელ არტურო ვიდალს ხელზეც მოხვდა ბურთი, მაგრამ ინგლისელმა მარტინ ატკინსონმა პენალტი არ დანიშნა.

მეორე ტაიმი სულ სხვაგვარი იყო. მასიმილიანო ალეგრიმ საკუთარი შეცდომა გაიაზრა და "იუვე" შეტევაში გაუშვა. სწორედ ერთ-ერთი იერიშისას დაკარგულ ბურთს მოჰყვა კონტრიერიში და როდესაც აქტიურმა არიენ რობენმა ანგარიში 0:2 გახადა, თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ...

"იუვენტუსმა" მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და შეტევები გააგრძელა, რამაც შედეგი გამოიღო. კიმიხის შეცდომის მერე პაულო დიბალამ შეამცირა სხვაობა, ექსბაიერნელი მანჯუკიჩის პასით. შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა და თავიდანვე კარგად ათამაშებულმა ალვარო მორატამ, პოგბასა და იმავე მანჯუკიჩს აქტიურობა დაუფასა და თავით მშვენივრად დაუგდო ასევე ცვლილებაზე შესულ სტეფანო სტურაროს, რომელმაც გაათანაბრა.

"იუვეს" კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა, ბოლო 5-7 წუთში კი ბურთი კვლავ "ბაიერნმა" დაიჭირა.

ნამდვილად საინტერესო საპასუხო მატჩი გველოდება. ტურინელთა მებრძოლი სული და პოტენციალი გვახვედრებს, რომ იტალიური გუნდი ასე მარტივად არ დანებდება და "ალიანც არენაზეც" თავისას შეეცდება, მაგრამ მიუნხენელები აშკარა ფავორიტები არიან ამ ანგარიშის გათვალისწინებით.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
იუვენტუსი-ბაიერნი 2:2
გოლები: 0:1 მიულერი (43), 0:2 რობენი (55), 1:2 დიბალა (63), 2:2 სტურარო (76)
იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა - კუადრადო, ხედირა (69. სტურარო), მარკიზიო (46. ერნანეში), პოგბა - დიბალა (75. მორატა), მანჯუკიჩი
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, კიმიხი, ალაბა, ბერნატი (74. ბენატია) - ვიდალი - რობენი, ტ. ალკანტარა, დუგლას კოშტა (84. რიბერი), მიულერი - ლევანდოვსკი
გაფრთხილება: მორატა - დუგლას კოშტა, ლევანდოვსკი, ვიდალი
კუთხური: 3-4 ჯარიმა: 13-18 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 12(7)-14(5) ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 41 475

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული