გამოხმაურება: უჩვეულო ტურინული მატჩი და მიუნხენური ინტრიგა

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დუელი "იუვენტუსსა" და "ბაიერნს" შორის იმართება, რომლის პირველი რაუნდი ტურინში შედგა და ფრედ, 2:2 დასრულდა.

მეტად უცნაური მატჩი ვიხილეთ ორი განსხვავებული ტაიმით - პირველ ნახევარში, მიუნხენის "ბაიერნმა" შანსი არ დაუტოვა მეტოქეს და პირწმინდად აჯობა, ანტრაქტის შემდეგ კი ტურინელები გამოფხიზლდნენ და 2-ბურთიანი ფორა ამოუქაჩეს მეტოქეს.

და მაინც, სრულიად გაუგებარია, რატომ დადგა "იუვენტუსი" ყრუ დაცვაში და რატომ დაუთმო მეტოქეს ასე იოლად მოედნის ცენტრი, როდესაც მასიმილიანო ალეგრიმ ჩვენზე უკეთ იცოდა, რომ გერმანული გრანდის ყველაზე სუსტი რგოლი
დაცვა იყო და ასეთ დროს შეტევა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. პირველ ტაიმში "იუვე" იყო უსუსური, სრულიად უუნარო და თითქოს, უმოტივაციო, რისი ახსნაც, უბრალოდ, შეუძლებელია.

არანაკლებ უცნაური იყო მეორე ნახევარი, რომლის სტარტზე "ბაიერნმა" მეორე გოლი გაიტანა და ყველა ლოგიკით, მატჩი მშვიდად უნდა მიეყვანა გამარჯვებამდე. აქ კი "იუვენტუსმა" იძალა და, თითქოს, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაათანაბრა ანგარიში. დიახ, ჩვენ ვერ ვიხილეთ ტურინელთა მასირებული იერიშები და შტურმი - "იუვემ", უბრალოდ, უმატა მეტოქის ნახევარზე გადასვლას და ეს საკმარისი აღმოჩნდა 2-ბურთიანი ფორის აღმოსაფხვრელად.

ეგ კი არა, ცოტა გამართლება და "ვეკია სენიორა" მესამე გოლსაც შეაგდებდა. საგულისხმოა, რომ პეპ გვარდიოლას გუნდმა, დიახ, გვარდიოლას გუნდმა ვერ შეძლო ბურთის დაჭერა მაშინ, როდესაც სოლიდური ფორა ჰქონდა და ტიკი-ტაკა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. "ბაიერნმა" ვერ დაიჭირა ბურთი მაშინ, როდესაც "იუვენტუსს" პრესინგიც კი არ შეუთავაზებია მეტოქისთვის.

გერმანული და იტალიური სპორტული პრესა თანხმდება, ან რა შეთანხმება სჭირდება, რომ 2-მატჩიანი დუელის ბედი მიუნხენში გადაწყდება, იქამდე კი მწვრთნელების კომენტარებს გავეცნოთ...

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "აქამდეც ვიცოდი, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ორიდან მინიმუმ ერთი მატჩი მაინც უნდა მოგვეგო და ამ გამარჯვების მოპოვებას მიუნხენში ვაპირებთ. პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, მეორე ნახევარში კი საგრძნობლად მოვუმატეთ და უმნიშვნელოვანესი გოლები გავიტანეთ. ყველაფერი გერმანიაში გადაწყდება, თუმცა ჯერ სერია A-ზე უნდა ვიფიქროთ".

პეპ გვარდიოლა ("ბაიერნის" მწვრთნელი): "გასაგებია, რომ 2-ბურთიანი უპირატესობის გაშვება ძალიან დასანანია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, თუ ვისთან გვიწევდა თამაში.

ჩვენ წინააღმდეგ იყო გუნდი, რომელიც 4-ჯერ ზედიზედ გახდა იტალიის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში ფინალში გავიდა, სულ ახლო წარსულში კი 15-მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო. ჩვენ გვიწევდა ბრძოლა ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც ბონუჩი, ხედირა, პოგბა, მანჯუკიჩი და მორატა არიან; აღარაფერს ვამბობ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ ჯანლუიჯი ბუფონზე.

ამიტომ არც მქონდა იმის ილუზია, რომ ჩამოვიდოდით ტურინში და ისე მოვიგებდით, რომ მეტოქე კარში ვერ დაგვირტყამდა. გვეყოფა თუ არა ფრე მომდევნო ეტაპზე გასასვლელად? - ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ცდას არ დავაკლებთ. მეტოქე კიდევ უფრო აგრესიულ ფეხბურთს ითამაშებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული