ვოლფსბურგი VS გენტი - სასწაული დებიუტანტთა ომში

AutoSharing Option
* ორივე გუნდი პირველად თამაშობს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში და ბუნებრივია, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მეოთხედფინალის დებიუტანტიც იქნება.

* "გენტი" ორჯერ ეთამაშა გერმანულ კლუბებს ევროთასებზე და ორივე შემთხვევაში ბელგიურმა კლუბმა სტუმრად იმარჯვა.

პირველ მატჩში იყო ეპიზოდი, როცა ყველაფერი, თითქოს, გადაწყდა, მაგრამ მერე ბელგიის ჩემპიონმა ორი გოლი გაიტანა, რამაც "გენტს" იმედი დაუტოვა

საფიქრალი მხოლოდ ეს არის
პირველი დაპირისპირება "ვოლფსბურგმა" 3:2 მოიგო. ეს გუნდი შინ თითქმის არ მარცხდება "გენტზე" უფრო ძლიერ მეტოქეებთან, მაგრამ დიტერ ჰეკინგს საკადრო პრობლემები მოეძალა, არ არიან მეკარე ბენალიო და
ფორვარდი დოსტი, არ არის ნალდო.

თუ ამ სერიოზულ დანაკლისებს "მგლები" უკვე შეეგუენ, ძალიან ძნელი იქნება, თუ გუნდის ლიდერები იულიან დრაქსლერი და მაქს კრუზე ვერ ითამაშებენ. ორივეს თამაში საეჭვოა, თუმცა ჰეკინგი იმედოვნებს, რომ კრუზეც და დრაქსლერიც ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ პირველ დაპირისპირებაში სამივე გოლი მათზე მოდის, დრაქსლერმა დუბლი შეასრულა.

პრესკონფერენცია
დიტერ ჰეკინგი (ვოლფსბურგი): "როგორც პირველი თამაშის წინ ვთქვი, ჩვენ ორი კარგი თამაშის გამართვა გვჭირდება მეოთხედფინალში გასასვლელად. ერთი პირობა უკვე შევასრულეთ, ჯერი მეორეზეა. ახლა ჩვენ საუკეთესო სიტუაციაში ვართ და გუნდიც საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, მაგრამ ჯერ არაფერი მოგვიგია. "გენტი" ბოლომდე იბრძოლებს. ჩვენი ამოცანა მათი იმედების დამსხვრევაა. შემდეგ ეტაპზე გასვლა ჩვენი კლუბისთვის ისტორიული მიღწევა იქნება, მაგრამ იგივე ითქმის "გენტზეც". ამიტომ არ უნდა დავუშვათ შეცდომა და არ უნდა ვიფიქროთ ჯერ მომდევნო რაუნდზე".

ჰაინ ვანჰაეზებრუკი (გენტი): "პირველ მატჩში უამრავი შეცდომა დავუშვით. "ვოლფსბურგი" ძალიან ძლიერია შინ, სადაც იშვიათად მარცხდება, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ჩვენ არ ვნებდებით. როგორც ყველამ კარგად იცის, ფეხბურთში სასწაულები ხდება ხოლმე. თუ დავწინაურდებით, ვინ იცის, რა მოხდება მოედანზე? თავიდანვე მობილიზებულნი უნდა ვიყოთ, რადგან თუ მოწინააღმდეგე გაგვიტანს, ჩვენი ამოცანა ათმაგად მძიმე გახდება".

გასულ უქმეებზე
"ვოლფსბურგმა" ძალზე მნიშვნელოვან მატჩში 2:1 დაამარცხა "გლადბახი". მეტოქის კარი იულიან დრაქსლერმა და მაქს კრუზემ დალაშქრეს.

"გენტი" "ლოვენს" მოულოდნელად დაუზავდა - 1:1. ის კი არა, რომ არა მბარკ ბუსუფას გოლი, ჩემპიონი ძალიან ახლოს იყო შოკისმომგვრელ მარცხთან.

სამშაბათი. 8 მარტი

ვოლფსბურგი-გენტი 23:45 (3:2)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნალდო, იუნგი, დოსტი, სეგუინი, ბენალიო, დრაქსლერი (?), კრუზე (?) - მიტროვიჩი, ვანდენბუში, ვიკჰაიმი (?), ვან დერ ბრიუგენი (?), დეპუატრი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტელსი - ტრეში, კნოხე, დანტე, როდრიგესი - გილავოგი, ლუის გუსტავო - შიურლე, არნოლდი, დრაქსლერი (ვიერინია) - კრუზე (კალიჯური)
გენტი (3-2-3-2): სელსი - ასარე, გერშონი, ნილსენი - კუმსი, ნეტო - დეჟაგერი, მილიჩევიჩი, ფოკე - სიმონი, დეპუატრი
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული