ზენიტი VS ბენფიკა: შანსები და გოლები

AutoSharing Option
* თუ "ბენფიკა" მოიგებს წყვილში, ის ბოლო ოთხ წელიწადში პირველად გავა ლიგის მეოთხედფინალში.

* ანდრე ვილაშ-ბოაში 8-ჯერ დაუპირისპირდა "ბენფიკას" - 4 მოიგო და ამდენივე წააგო სამი სხვადასხვა კლუბით (პორტუ, აკადემიკა, ზენიტი).

* "ბენფიკამ" ბოლო 16 ოფიციალური შეხვედრიდან 15 მოიგო.

რა თქმა უნდა, "პეტროვსკიზე" გასამართავი მატჩი ახლოსაც ვერ მოვა ინტერესით "სტემფორდ ბრიჯზე" გასამართთან, მაგრამ დაძაბულობა არც "ზენიტისა" და "ბენფიკას" დაპირისპირებას დააკლდება.

თითქმის თანაფარდობა
აქაც შანსები თითქმის 50X50-ზეა. თითქმის, რადგან "ბენფიკამ", "ჩელსისგან" განსხვავებით, მეტოქეს შინ გოლი არ გაატანინა. ლისაბონში ბოლო წუთების დრამა გათამაშდა
- ბრწყინვალედ ათამაშებულმა ჟონასმა "ბენფიკას" 1:0 მოაგებინა, რუსულმა გუნდმა კი კრიშიტოს გაძევებისთვის თამაში ათი კაცის ამარა ჩაამთავრა. კრიშიტოს გარდა, "ზენიტს" დისკვალიფიკაციის გამო ხავი გარსიაც დააკლდება. თუმცა დისკვალიფიცირებულები პორტუგალიელებსაც ჰყავთ - ჟარდელი და ალმეიდა. აი, ტრავმების მხრივ კი, უფრო სტუმრებს უჭირთ - ლისანდრო ლოპესი, ჟულიო სეზარი, ლუიზაო... როგორი გამოსაკლებები არიან.

"ზენიტი" ფორმაში მძიმედ შედის, რადგან სეზონი რუსეთში ახლახან განახლდა და ეს "ბენფიკას" ყველაზე დიდი უპირატესობა გვგონია.

პრესკონფერენცია
ანდრე ვილაშ-ბოაში (ზენიტი): "გარაი კი ითამაშებს, მაგრამ კრიშიტოსა და ხავი გარსიას გარეშე გაგვიჭირდება. მოგვიწევს იძულებითი შეცვლები. მაგრამ მთავარი ეს არაა - მთავარია, რომ ისტორიული მომენტი დაგვიდგა, ძალიან მნიშვნელოვანია მეოთხედფინალში გასვლა. "ბენფიკა" ყოველთვის კომპაქტურად თამაშობს, ეს გუნდი კომბინაციურ ფეხბურთში ყოჩაღობს.

თუკი "ბენფიკა" დაცვაში "ჩაჯდა", ძალიან ძნელია მისი კარისკენ მისასვლელი გზების პოვნა, მაგრამ ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ. ჰალკი ძალიან მოწადინებულია, მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე ჩაწერა თავისი სახელი "ზენიტის" ისტორიაში. ვფიქრობ, ხვალ გავალთ და ყველა იმ შეცდომას გამოვასწორებთ, რაც წინა ორ თამაშში გვქონდა. ჩვენი მიზანია საგოლე შანსების შექმნა და გამოყენება".

რუი ვიტორია (ბენფიკა): "სპორტინგი" უკვე დამარცხებულია და ჩვენ მზად ვართ ხვალინდელი გამოწვევისთვის. მიზანი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაა. ანდრე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ჩვენ ერთმანეთში კარგი ურთიერთობა გვაქვს. მას ყოველთვის წარმატებას ვუსურვებ, გარდა ხვალინდელი დღისა. "ბენფიკას" ამოცანა ყოველ მატჩში გამარჯვებაა. ამიტომაც მოედანზე გოლის გასატანად გავალთ და არა უბრალოდ უპირატესობის შესანარჩუნებლად. ტრავმებმა შემოგვიტიეს, მაგრამ გვყავს მაღალი კლასის ახალგაზრდა ფეხბურთელებიც".

გასულ უქმეებზე
"ზენიტმა" ჩემპიონატი "კრასნოდართან" საგარეო ფრით განაახლა - 0:0. სულ არაფერს ეს სჯობს, რუსულ კლუბს ხომ წლეულს სულ ორი ოფიციალური მატჩი უგროვდება, აქედან პირველი კი "ბენფიკასთან" პირველი დაპირისპირებაა.

აი, "ბენფიკამ" კი ამ უქმეებზე, არც მეტი, არც ნაკლები, ლისაბონის დერბი მოუგო "სპორტინგს" სტუმრად - 1:0. გამარჯვების გოლი კოსტას მიტროღლუს ანგარიშზეა.

ოთხშაბათი. 9 მარტი
ზენიტი-ბენფიკა 21:00 (0:1)
დისკვალიფიკაცია: კრიშიტო, ხავი გარსია - ჟარდელი, ა. ალმეიდა
ტრავმა: ფაიზულინი - ლ. ლოპესი, ჟულიო სეზარი, ლუიზაო
სავარაუდო შემადგენლობები:
ზენიტი (4-4-2): ლოდიგინი - ანიუკოვი, ლომბერტსი, გარაი, ჟირკოვი - იუსუპოვი, ვიტსელი, შატოვი, დანი - ჰალკი, ძიუბა
ბენფიკა (4-4-2): ედერსონი - სემედო, ლინდელიოფი, ფეიშა, ელიზეუ - სამარისი, რ. სანჩესი, გაიტანი, პიცი - ჟონასი, რ. ხიმენესი
მსაჯი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული