* 2012 წლის მერე პირველად, "ბენფიკა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია.
* "ბენფიკამ" ბოლო 16 თამაშიდან 15 მოიგო.
* ევროთასებიდან უკანასკნელი რუსული კლუბიც გავარდა.
ფრთხილი და ცივი პირველი ტაიმის შემდეგ, "ზენიტმა" და "ბენფიკამ" საინტერესო და დრამატული მეორე ნახევარი შემოგვთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან პორტუგალიელები სულ ოდნავ უფრო უკეთ გამოიყურებოდნენ საბოლოოდ, ანგარიშის გახსნა მაინც "ზენიტმა" შეძლო.
"პორტუს" ყოფილმა თავდამსხმელმა და სანკტპეტერბურგელთა ლიდერმა ჰალკმა 69-ე წუთზე შეაგდო, მაგრამ მთავარი აქ ჟირკოვის კარგი და სემედოს ცუდი თამაში გახლდათ, ამ უკანასკნელმა ბურთი უხერხულად მიიღო, ჟირკოვმა იგი გაძარცვა და მერე ბრაზილელს თავზე დაასვა ბურთი. ემოციურად იზეიმა "პორტუს" კიდევ ერთმა ყოფილმა კაცმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა. ახალგაზრდა მწვრთნელმა თავისიანებსაც შეუძახა, აბა მივაწექითო.
სხვათა შორის, "არწივებს" ჟულიო სეზარი აკლდათ, სამაგიეროდ კარში ელდერსონი იდგა მშვენივრად და ერთი-ორჯერ მან გადაარჩინა კიდეც თავისი გუნდი. პორტუგალიელთა მხრიდან კი ერთხელ ასევე ბრაზილიელ ჟონასს შეეძლო გატანა.
თითქოს, ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როდესაც შეცვლაზე შესულმა რაულ ხიმენესმა შორიდან ისეთი გაისროლა ჰალკსაც შეშურდებოდა.
მართალია, ბურთი ახლო კუთხეში წავიდა, მაგრამ ლოდიგინმა ისღა შეძლო, რომ ხელი შეახო, ცოტა მიმართულება იცვალა და ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ნიკოლას გაიტანმა გაიტანა და "ბენფიკა" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. ეს 85-ე წუთზე მოხდა და უკვე ფანტასტიკის სფერო გახლდათ, გულგატეხილ ზენიტელებს ორი გოლის გატანა მოესწროთ და მოეხერხებინათ. ის კი არა, ბოლოს აქეთ გაუშვეს, ასევე შეცვლაზე შესულმა ტალისკამ იხეირა გაიტანის პასით.
რაც ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო წლებში "ბენფიკას" არ უმართლებდა, ლისაბონელებმა ერთბაშად ამოიღეს. ფორტუნამ მათ ამჯერად ზურგი აღარ აქცია და ისევ გაუღიმა. ჯერ იყო და რუი ვიტორიას გუნდმა პირველი მატჩის მიწურულს შეაგდო გამარჯვების გოლი, ახლა კი აგრეთვე ბოლო წუთებზე მოატრიალა და ვიტორია აზეიმა შეხვედრაში, რომელშიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მთლიანობაში, "არწივების" მეოთხედფინალისკენ გადაფრენა ნამდვილად სამართლიანი იყო. "ზენიტმა" კი გაზს ისე ძლიერად ვერ მიაჭირა, რომ მეტოქე დაემუხრუჭებინა.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი
ზენიტი-ბენფიკა 1:2 (0:1)
გოლები: 1:0 ჰალკი (69), 1:1 გაიტანი (85), 1:2 ტალისკა (90+6)
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი - ანიუკოვი (58. სმოლნიკოვი), ლომბერტსი, ნეტო, ჟირკოვი - მაურისიო (82. იუსუპოვი), ვიტსელი - ჰალკი, დანი, კოკორინი (58. შატოვი) - ძიუბა
ბენფიკა (4-4-2): ედერსონი - სემედო, ელიზეუ, ნილსონ-ლინდელოფი, ფეისა - სანჩესი, პიცი (73. სალვიო), გაიტანი, სამარისი - ჟონასი (90+2. ტალისკა), მიტროღლუ (67. რ. ხიმენესი)
გაფრთხილება: ჰალკი - მიტროღლუ, პიცი
კუთხური: 7-5 ჯარიმა: 14-22 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 15(4)-12(8) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 23 475
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
23:54 09-03-2016
ზენიტი-ბენფიკა 1:2 - ევროთასები რუსებისთვის დაიხურა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული