მანჩესტერ სიტი VS დინამო - ინტრიგის ძებნაში

AutoSharing Option
* "მანჩესტერ სიტის" სურს, ისტორიაში პირველად გავიდეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
* კიევის "დინამო" ცდილობს, მე-14 ცდაზე მაინც მოიგოს ინგლისში.

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის ლიდერებს უკვე ჩამორჩა. სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე მანუელ პელეგრინის გუნდს საქმეები კარგად მისდის - ცალი ფეხით მეოთხედფინალშია და ახლა მეორეც უნდა გადადგას.

პირველ მატჩში "სიტიმ" 3:1 მოიგო. ახლა შინ თამაშობს. კიევის "დინამო" არც ისე კარგ ფორმაშია. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ წყვილში ინტრიგა მოკვდა ან ძალზე მცირეა.

ამას ემატება ორი ფაქტორიც - 14 თამაშია, "დინამოს" ინგლისში ვერ მოუგია და ეს
ახლა უფრო ძნელად გვეჩვენება, როცა გუნდს 7-8 მოწინავე ფეხბურთელი აკლია.

პრესკონფერენცია
მანუელ პელეგრინი (სიტი): "ვფიქრობ, "სიტიმ" ამ ტურნირზე მონაცემები გაიმყარა. ადრე მერვედფინალში გასვლაზე ვოცნებობდით, ჩემი მოსვლის მერე კი მეოთხეფინალში გასვლა რეალურად მოჩანს. მანამდე მერვედფინალში ორჯერ ვითამაშეთ.

ახლა უკეთ ვთამაშობთ, რადგან ჯგუფური ეტაპი მოვიგეთ. ყველაზე მთავარი ახლა ისაა, რომ ფეხბურთელებმა ირწმუნონ, ჯერ არაფერი დასრულებულა, ჯერ არ ვართ მეოთხედფინალში. ჩვენ წინააღმდეგ თამაშობს დიდი გუნდი, უდიდესი ტრადიციებით, რომელსაც არაერთი დიდი მატჩი მოუგია. შინ "დინამოს" უნდა ვაჯობოთ, ეს არის ჩვენი გეგმა, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება, 3:1 უნდა დავივიწყოთ".

სერგეი რებროვი (დინამო): "ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ვითამაშებთ. ყველა ხვდება, რომ შანსები მცირეა, ბიჭებს კომპლექსი მოხსნილი ექნებათ, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე გავლენ ხვალ და შეეცდებიან სასწაულის მოხდენას, რომელსაც მათ არავინ სთხოვს. მთელ ძალისხმევას შევალევთ ხვალინდელ დაპირისპირებას. რა გამოგვივა, მოედანზე გამოჩნდება".

გასულ უქმეებზე
"მანჩესტერ სიტი" აუტსაიდერ "ნორვიჩს" 0:0 ეთამაშა და ჯერ კიდევ შემორჩენილი საჩემპიონო შანსები საბოლოოდ გაანიავა.

კიევის "დინამო" "კარპატის" ესტუმრა და 2:1 მოუგო. ამბროსი ჩაჩუას გოლს კიეველებმა ტეოდორჩიკისა და იარმოლენკოს გოლებით უპასუხეს. ორივე გოლის საგოლე პასი დენის გარმაშის ანგარიშზეა.

სამშაბათი. 15 მარტი
სიტი-დინამო კ. 23:45 (3:1)
დისკვალიფიკაცია: ტასენდე -
ტრავმა: დე ბრუინი, დელფი, ნასრი, ტურე (?) - ბურდა, მორაეში, მოროზიუკი, მიაკუშკო, პეტროვიჩი, რიბალკა, რიბკა, დანილო სილვა (?)
სავარაუდო შემადგენლობები
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდინიო, ტურე - ნავასი, სილვა, სტერლინგი - აგუერო
დინამო კ. (4-5-1): შოვკოვსკი - ვიდა, ხაჩერიდი, დრაგოვიჩი, ანტუნეში - ველოზო, ბუიალსკი, გარმაში, იარმოლენკო, გუსევი - ტეოდორჩიკი
მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული