ატლეტიკო-პსვ. გამოხმაურება: იღბალი, რომელიც შრომამ შვა

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "ატლეტიკომ" ბევრი იწვალა, მაგრამ საბოლოოდ, თავისას მაინც მიაღწია და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. ძნელად წარმოსადგენი გახლდათ, რომ "ათლეტებს" პსვ-სთან ასე გაუჭირდებოდათ, ისინი უპირობო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ ეინდჰოვენელებმა მართლაც გმირულად იომეს.

ჰოლანდიურმა კლუბმა გაუძლო "ატლეტიკოს" აგრესიულ და მგუდავ თამაშს, "ვისენტე კალდერონზე" არსებულ საოცარ ატმოსფეროს, დიეგო სიმეონეს მიერ რამდენჯერმე გადაწყობილ ტაქტიკასა და ეშმაკობებს, მაგრამ... 118-ე წუთზე დაშავებული დე იონგის ნაცვლად შეცვლაზე შესული ლუსიანო ნარსინგის ერთ არაზუსტ დარტყმას ხუანფრანის ზუსტი მოჰყვა და ამ ორი მშვენიერი გუნდიდან ერთმა გაიხარა, ხოლო მეორეს ცრემლები წასკდა.

"ატლეტიკოს" უფრო გაუმართლა. ემოციების დაცხრობის შემდეგ კი მწვრთნელებმა კომენტარებისთვისაც მოიცალეს.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "კმაყოფილი ვარ იმით, რომ მეოთხედფინალში ვართ. ხუანფრანის გამარჯვების პენალტის უკან დიდი შრომაა, უამრავი ადამიანის დიდი და თავდაუზოგავი შრომა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა 8 საუკეთესო გუნდში ყოფნა და ამას შესაბამისად დავაფასებთ, მუშაობას გავაგრძელებთ. გადავწყვიტე, 4-3-3 მეცადა, რადგან მატჩის მოგება გვსურდა. პენალტებზე არ გვივარჯიშია, რადგან ამას აზრი არ აქვს.

ისევე, როგორც წინა წელს "ლევერკუზენთან" დაპირისპირების დროსაც, ამჯერადაც, ჩემმა ასისტენტმა ხერმან ბურგოსმა აარჩია ის ფეხბურთელები, რომლებსაც თერთმეტმეტრიანები უნდა შეესრულებინათ. პირადად, მასაც უნდა მივულოცოთ, რადგან ასეთ დროს სწორი არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია.

ეს ჭადრაკის თამაშივით გახლავთ. აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ მეტოქედ ძალიან ძნელად დასამარცხებელი და კონკურენტუნარიანი, მებრძოლი გუნდი გვყავდა. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ თამაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით ჩავამთავრეთ და დიდ მადლობას ვუხდი ფანებს, რომლებმაც საუცხოო ატმოსფერო შექმნეს.

ჩვენ ყოველთვის გვჯერა გამარჯვების და ბოლომდე ვიბრძვით. ძალიან რთული მატჩი იყო. მეტოქის დაცვის გარღვევა გრიზმანით და ფერეირა-კარასკოთი გვსურდა. როცა ჩავთვალე, რომ ფერნანდო ტორესის მინდორზე ყოფნა გახლდათ საჭირო, გამოვიყვანე კიდეც იგი. შემდეგ კრანევიტერი შემოვუშვი, რადგან ნახევარდაცვაში მეტი სტაბილურობა გვჭირდებოდა.

გუნდი, რომელიც შეცდომას დაუშვებდა, წააგებდა. არც ერთი არ შევცდით და საქმე პენალტებამდე მივიდა. 0:0, ზოგადად, სახიფათო ანგარიშია. ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით მეტოქესთან, რომელიც 5-3-2-ით თამაშობდა და თანაც, კარგად ორგანიზებულად. თუმცა ვფიქრობ, ორივე შეხვედრაში ჩვენ უფრო ვიბრძოდით და ვთამაშობდით მოსაგებად" - განაცხადა დიეგო სიმეონემ.

"ჩოლოსი" არ იყოს, არც ისე შორეულ წარსულში ასევე კარგი ფეხბურთელი ფილიპ კოკუ თავისიანებით ამაყი და ამავდროულად, ცოტა გულგატეხილი გახლდათ: "სხვადასხვაგვარი ემოცია მაქვს. თან ძალიან გვეამაყება, რომ "ატლეტიკოსთან" ორივე შეხვედრაში ასე ღირსეულად ვითამაშეთ, თან გული გვწყდება.

განსაკუთრებით, ტაქტიკურად გამოვიყურებოდით გამართულად და დიდებულად ვიომეთ. თუმცა პენალტებში არ გაგვიმართლა და ეს ძალიან დასანანი მარცხია. ლუკ დე იონგს ორივე ფეხი აწუხებდა და მისი შეცვლა აუცილებელი გახლდათ.

მიკროტრავმით ჩაამთავრა თამაში ანდრეს გუარდადომაც. მეტოქემ მეორე ტაიმისთვის სისტემა შეცვლა, კარასკომ უფრო ფლანგზე გადაინაცვლა და მეტი პრობლემა შეგვექმნა. თავს 5 ფეხბურთელით ვიცავდით. ყველაზე მეტად მარცხნივ გაგვიჭირდა, მაგრამ მეტოქეს ბევრის უფლება არ მივეცით.

ამის მერე "ატლეტიკომ" კიდევ ერთხელ შეცვალა სქემა და აქედან მოყოლებული, ვფიქრობ, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. დარწმუნებით ვერასდროს ვერაფერს იტყვი, მაგრამ ერთი რომ გაგვეტანა, ალბათ, გავიდოდით კიდეც შემდეგ ეტაპზე. თუმცა ბევრი მომენტი ვერც ჩვენ შევქმენით და გატანა ვერ შევძელით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული