ბარსელონა-ატლეტიკო 2:1 - რა იქნება მთვარის ბნელ მხარეს? [VIDEO]

AutoSharing Option
"ელ კლასიკოს" წაგების მერე "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" ფანები გამარჯვებას ელოდნენ და კატალონიელებმაც თავიდანვე სცადეს ფავორიტის სტატუსის გამართლება, მაგრამ დიეგო სიმეონე რის "ჩოლოა" მის გუნდს რომ არ გაეძლო. საწყისი უხერხულობები "ათლეტებმა" გადაიტანეს და აქეთ მოახერხეს დაწინაურება.

ფერნანდო ტორესს სხვა გუნდის მაისურითაც გაუტანია "ბარსას" კარში მნიშვნელოვანი გოლი და ამჯერადაც მოახერხა ამის გაკეთება. "ელ ნინიომ" სიმეონეს ნდობა გაუმართლა და ძირითად შემადგენლობაში დაყენებისთვის 25-ე წუთზე მადლობა იმით გადაუხადა, რომ კოკეს პასს გამოეხმაურა და ზუსტი, კარგი დარტყმით ანგარიში გახსნა, მაგრამ...

იმავე ტორესმა საბოლოო ჯამში გუნდი
დააღალატა, მან 6-წუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა და ფელიქს ბრიხს თავი გააგდებინა. მართალია, სიმეონეს თამადობით "როხიბლანკოს" ბანაკში ყველას ირონიულ-ბრაზიანი ღიმილი გადაკრავდა და მიიჩნევდნენ, რომ ყვითელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.

"ელ ნინიომ" მოედნის ცენტრში უაზროდ იუხეშა, შეიძლება შემთხვევით და ზედმეტმა მონდომებამ დაღუპა, არბიტრსაც მართლაც შეეძლო მისი დანდობა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და თანაც - 35-ე წუთზე.

ამის მერე, კარგად ხვდებით როგორი სცენარითაც წარიმართებოდა შეხვედრა. "ბარსა" უტევდა და უტევდა, ხოლო "ატლეტიკო" მთელი გუნდით იცავდა თავს და ამას საკმაოდ კარგად აკეთებდა.

მასპინძლებს ეს მწყობრი დაცვა რომ გაერღვიათ რამე ორიგინალურ-მოულოდნელი უნდა მომხდარიყო და პრინციპში, მოხდა კიდეც - 63-ე წუთზე ალბამ რეალურად მეტოქის კარში დაარტყა, მაგრამ უხეიროდ და პასი გამოუვიდა, ამისთვის კი "ათლეტების" მცველები მზად არ იყვნენ. სამაგიეროდ, ლუის სუარესი ყოველთვის ყველაფრისთვის მზადაა და ურუგვაელმა ახლო მანძილიდან ადვილად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.

სუარესი საბოლოო ჯამში მატჩის გმირად იქცა, მან 74-ე წუთზე თავისივე წამოწყებული შეტევა დააგვირგვინა, როდესაც დანი ალვეშის ჩაწოდებულს "ურქინა" და ანგარიში 2:1 გახადა. ამ შედეგით ბოლომდე კმაყოფილი ვერც ერთი გუნდი იქნება და ვერც ბოლომდე უკმაყოფილო იქნება რომელიმე თუ მატჩის მსვლელობას და ყველა დეტალს გავითვალისწინებთ.

მოკლედ, მედალს ორი მხარე აქვს, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს და დანარჩენი, მთვარის ბნელ მხარეს - "ჩოლოსთან" "ვისენტე კალდერონზე" გამოჩნდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბარსელონა-ატლეტიკო 2:1
გოლები: 0:1 ფ. ტორესი (25), 1:1 ლ. სუარესი (63), 2:1 ლ. სუარესი (74)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (63. რაფინია), ბუსკეტსი (80. ს. რობერტო), ინიესტა (83. არდა თურანი) - მესი, ნეიმარი, ლ. სუარესი
ატლეტიკო (4-3-1-2): ობლაკი - ხუანფრანი, ლ. ერნანდესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, საული (90. ა. კორეა) - გრიზმანი (76. თ. პარტეი) - ფერეირა-კარასკო (53. ა. ფერნანდესი), ფ. ტორესი
გაფრთხილება: ბუსკეტსი, სუარესი, მასკერანო - ტორესი, კოკე, ტორესი, ფილიპე ლუისი, გრიზმანი, ერნანდესი, ობლაკი, ფერნანდესი
გაძევება: ტორესი (35)
კუთხური: 2-2 ჯარიმა: 18-16 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 19(5)-7(2) ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 93 000

საპასუხო მატჩი 13 აპრილს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული