13:32 07-04-2016
ბაიერნი-ბენფიკას გამოხმაურება: უშანსოთა შანსი
AutoSharing Option
დიდად მოულოდნელი, ალბათ, არც ის გახლდათ, რომ მიუნხენელები დებიუტშივე დაწინაურდნენ. გოლი ჩილელმა არტურო ვიდალმა შეაგდო. აი, ის, რომ ეს ანგარიში ბოლომდე ძალაში დარჩებოდა და რეკორდმაისტერი მხოლოდ ერთბურთიან სხვაობას დასჯერდებოდა, ნამდვილად ცოტა გასაკვირია, თანაც, სწრაფ გოლზე ხაზგასმითა და ამის გათვალისწინებით.
თუმცა ფაქტია, რომ ასე მოხდა, ხან თავად მასპინძლებმა შესცოდეს, ხანაც სტუმართა მეკარე ედერსონმა ითამაშა მშვენივრად. ლისაბონელები საბოლოო შედეგით, ალბათ, დიდად უკმაყოფილონი არ უნდა იყვნენ.
რასაკვირველია, გამოკვეთილი ფავორიტი კვლავაც გერმანული გუნდია და "არწივებს" ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ თავის მხრივ, "ბაიერნმაც" უნდა გაითვალისწინოს ის, რომ "და ლუჟზე" თამაში, როგორც წესი, ადვილი არ არის ხოლმე... ერთი ესაა, "ბენფიკას" მთავარმა მეგოლემ, ჟონასმა ყვითელი ბარათი მიიღო და საპასუხო შეხვედრაში გუნდს ბრაზილიელის გარეშე მოუწევს ჭიდილი.
"რთული მატჩი იყო, მაგრამ ჩვენი თამაშით ბედნიერი ვარ. "ბენფიკას" ფეხბურთელების ხარისხი, დონე და შესაძლებლობები კარგად ვიცი, ეს ძალიან ძლიერი კლუბია. ასე რომ, ჩემს გუნდს კომპლიმენტები ეკუთვნის.
რიბერი ექსტრაორდინარული გახლდათ. ვიდალიც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მას მებრძოლი სული აქვს და მტკიცე ხასიათი, რაც ბოლო თვეში დაადასტურა. მეოთხედფინალში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ყოველთვის მეორეა, რომელიც ლისაბონში უნდა ჩავატაროთ. ვნახოთ, რა მოხდება იქ.
დღეს კი შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც, რადგან "ბენფიკას" არაერთი მატჩი ვნახე და ამ გუნდს უხვად აქვს ძლიერი მხარეები და ყოველთვის მზადაა, შანსი გამოიყენოს. აქედან გამომდინარე, მეტოქის ასეთი კარგი თამაში არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ "ბენფიკას" წინააღმდეგ ადვილი არ იქნებოდა და არც იყო. ისინი სტანდარტულების დროსაც ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ რეალურად ჩვენ მეტი და უკეთესი შანსები გვქონდა. ცხადია, ლისაბონში მოგება გვინდა და ამაზე ვითამაშებთ.
გვსურს, რომ ერთი ან ორი გოლი მაინც გავიტანოთ. ამ ეტაპზე ფავორიტები აღარ არსებობენ. ფავორიტი, როგორც წესი, ის გუნდია, რომელსაც უკეთესი სტატისტიკა აქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს, ახლა" - აღნიშნა "ბაიერნის" დამრიგებელმა ხოსეპ გვარდიოლამ.
"არწივების" თავკაცი რუი ვიტორია: "ისეთი თამაში იყო, როგორსაც ველოდი. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, მათ მართლაც კარგად ითამაშეს, რაც "ალიანც არენაზე" ადვილი გასაკეთებელი არ არის. რასაკვირველია, გარკვეული პრობლემები და ხარვეზები გვქონდა, მაგრამ ჯამში, კარგად გავისარჯეთ. წაგებით კმაყოფილი ვერასდროს იქნები. არც ჩვენ ვართ, მაგრამ პოზიტიური, ოპტიმისტური და საბრძოლო განწყობით ველოდებით საპასუხო შეხვედრას.
4-5 ათასი ფანი ჩამოგვყვა გერმანიაში. ეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გახლდათ და დიდ მადლობას ვუხდით მათ. იმ კვირაში კი დაახლოებით 60 ათასი გულშემატკივრის მხარდაჭერას ველოდებით.
ბუნებრივია, სწრაფი გოლის გაშვება ჩვენს გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ კარგია, რომ შესაბამისი რეაქცია გვქონდა და ადრიანად გაშვებამ არ გაგვთიშა და თამაში არ მოგვიკლა. თავდაჯერებულად გავაგრძელეთ და მეტოქეს გარკვეული თავსატეხიც გავუჩინეთ. შესაძლოა, გოლსაც ვიმსახურებდით.
ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, უშანსოდ არ ვართ და ვეცდებით, 100%-ით დავიხარჯოთ. ვფიქრობ, ჩვენი ფანები არ გაგვიოცებია, რადგან მათ იციან, თუ რა შეუძლია გუნდს, მაგრამ გამორიცხული არ არის, "ბენფიკას" ასეთი თამაში "ბაიერნის" ქომაგებისთვის ყოფილიყო მოულოდნელი.
ჩემი აზრით, ისინი საყვარელი გუნდის აშკარა უპირატესობასა და ბევრ გოლს ელოდნენ. რა თქმა უნდა, ჟონასი ძალიან დაგვჭირდება, მაგრამ შანსს სხვა მიიღებს. ინდივიდუალურად მოთამაშეებზე ყველაფერი დამოკიდებული არ არის, მთავარი გუნდურობაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული